2018 წლის 29 სექტემბერს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიაში ჰოვსეფიანის პოეზიის ტრადიციული დღე აღინიშნა. 1997 წლიდან მოყოლებული ამ ლამაზ მიზეზს ეშტიაში ჩამოჰყავს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, პოეტის მეგობრები, ნათესავები, უამრავი სტუმარი თბილისიდან და ერევნიდან. სოფლის ,,სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესიაში ერთობლივი ლოცვა აღევლინა ეშტიის კათოლიკე სულიერი მოძღვრის, ღირსი მღვდლის ანტონ ანტონიანისა და სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ღირსი მღვდლების ტათევ მარუქიანისა და არმაშ პოღოსიანის წინამძღოლობით. კიდევ ერთხელ გაიხსენეს და წაახალისეს ისინი, ვინც ვიქტორის ნათესავად ყოფნას აგრძელებს, მხარს უჭერს პოეტის სახლისა და ლიტერატურულ-კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების საქმეს. შემდეგ დამსწრეები პოეტის სახლ-მუზეუმს ეწვივნენ, სადაც სტუმრებს პოეტის ქვრივი-თერეზა, ვაჟი- მიუნხენის ნეიროქირურგიისა და ბიოლოგიური კვლევითი უნივერსიტეტის პროფესორი საჰაკ ჰოვსეფიანი დახვდნენ. პოეტის ქალიშვილმა, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ,,ოვანეს თუმანიანის სახლი“ ცენტრის ხელმძღვანელმა გისანე ჰოვსეფიანმა დამსწრეებს ყარსიდან კარინამდე და კარინიდან ჯავახეთამდე მოღწეული, მონასტრიდან გამოქცეული ჰოვაკიმის ჰოვსეფის სიყვარულზე უამბო, რომელიც, ფაქტიურად, ჰოვსეფიანთა ტომის ეშტიაში დაარსების ისტორიაა. მან ისაუბრა, პოეტ ვიქტორ ჰოვსეფიანის ლიტერატურული მემკვიდრეობის, ხელნაწერთა გამოცემის სამუშაოებზე, კერძოდ, ,,ნანე, ნანე, კრაკ ტურ ინძ“ საბავშვო კრებულზე, რომელიც ამა წლის ნოემბერში გამოიცემა. ერთ-ერთ დარბაზში, სტუმრებისათვის წარმოდგენილი იყო მწერლის ლიტერატურული მემკვიდრეობის რელიკვიები: სურათების მონახაზი ორიგინალები, გრაფიკული ნამუშევრები, ვიქტორის წერილები თავისი მეგობრებისადმი და მათი წერილები ვიქტორისადმი, წარმოდგენილი იყო ჰოვაკიმის ჰოვსეფის მოხატული ხელნაწერი ,,ნარეკი“, მწერლის ბებიის- ხაზოს ლოცვანი, რომლის ყდებზეც დღესაც ინახება ხაზოსა და მისი შვილიშვილის ანაბეჭდები. ერთ-ერთ განყოფილებაში წარმოდგენილი იყო ქართველი კლასიკოსის ტერენტი გრანელის ლექსების ჰოვსეფიანის მიერ სომხურად ნათარგმნი ილუსტრირებული ორიგინალი, მეორეში-,,კორუსიალ ედემ, კამ ვორტეღიც ე სკსვუმ არაქსე“ რომანის ორიგინალი, რომელიც კარნოს დიდ გადასახლებაზე მოგვითხრობს. მუზეუმის შემდეგ დამსწრეები ჰოვსეფიანთა საგვარეულო ,,ერაკნიაი სურბ გევოეგ“ სამლოცველოს ეწვივნენ, ყვავილებით შეამკეს თავისი წინაპრების გვერდით განსვენებული ვიქტორ ჰოვსეფიანის საფლავი. მღვდელი მამების მიერ შესრულდა პანაშვიდის წესი. სოფლის ვიქტორ ჰოვსეფიანის სახელობის N1 საჯარო სკოლაში, პოეტის უმცროსმა ქალიშვილმა, სკოლის დირექტორმა ბერნიკ ჰოვსეფიანმა, ვიქტორ ჰოვსეფიანისადმი მიძღვნილი კუთხე წარმოადგინა. მოსწავლეებმა პოეტის საბავშვო ნაწარმოებებიდან წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს სიმღერები. ნაშუადღევს უკვე ხალხმრავლობა იყო ეშტიის კლუბში. პოეზიის დღესთან დაკავშირებით ეშტიაში ჩასულები იყვნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ენზელ მკოიანი, ნინოწმინდის მერი ანივარდ მოსოიანი, საკრებულოს თავმჯდომარე სმბატ კიურეღიანი, ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების გამგეობის, საგანმანათლებლო, კულტურული, საზოგადოებრივი ორგანიზაციების თანამშრომლები და სტუმრები. დამსწრეებს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის კურთხევის სიტყვა გადასცა ღირსმა მღვდელმა ტათევ მარუქიანმა. სიტყვით გამოვიდა საქართველოს მწერალთა ,,ვერნატუნ“ კავშირის თავმჯდომარე, პოეტი ჟორა სნხჩიანი, პოეტი, მთარგმნელი გივი შაჰნაზარი, ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი ნორაირ ღაზარიანი (ერევანი,სომხეთის რესპუბლიკა), არარატის რაიონის სოფელ ზორაკის მონთე მელქონიანის სახელობის სკოლის დირექტორი ტიგრან ბაბახანიანი. საკონცერტო პროგრამით წარსდგნენ ნინოწმინდის კულტურის სახლის ცეკვისა და მუსიკის, ეშტიის ცეკვის ანსამბლები. თავისი შეუდარებელი შესრულებებით წარსდგა ეშტიელი მომღერალი არმენ მკოიანი. საკონცერტო პროგრამისა და გამასპინძლების შემდეგ ღონისძიების მონაწილეები მომავალ წელს იმავე ადგილას, იმავე მიზეზით გულთბილად შეხვედრის იმედით დაშორდნენ ერთმანეთს...
|