2018 წლის 12 აგვისტოს სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიამ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული აღნიშნა, რომელიც სომეხთა ეკლესიის ხუთ ძირითად დღესასწაულთაგან მეოთხეა და უძველესი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი მიძღვნილ დღესასწაულებს შორის. ღვთისმშობლის დღესასწაული საქართველოში სომეხთა ეპარქიის ყველა ეკლესიაში აღინიშნა საღმრთო ლიტურგიით და ყურძნის კურთხევის წესით. სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიები ეპარქიის ახალქალაქისა და ნინოწმინდის მთელი რიგი სოფლების ეკლესიებში ჯერ კიდევ შაბათს დაიწყო. წმინდა მამებმა თემებში მსახურება ჩაატარეს. მათ დილით ადრე დაიწყეს ღვთისმსახურება და ყურძნისა და მთელი წლის ჭირნახულის ტრადიციული კურთხევის წესი ადგილებზე. ამ დღეს მორწმუნეები თბილისიდან მომლოცველობაზე გაემართნენ სომხეთის რესპუბლიკის ახტალის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესიაში, ზოგმა თავისი სიყვარული ღვთისმშობლის ხსოვნისადმი გამოხატა ეკლესიაში მისვლით და წმინდა ლიტურგიაში მონაწილეობით. დილიდან ხალხმრავლობა იყო საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში, საკურთხევლები მორთული იყო დღის სიმბოლოთი - ყურძნის სხვადასხვა სახეობით და ხილით. არ წყდებოდა ხალხის ნაკადი ეკლესიისკენ. მოდიოდნენ მორთული კალათებით, ლანგრებით, წლის ნობათის და ჭირნახულის საკურთხად და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კურთხევის მისაღებად. დილის ღვთისმსახურების შემდეგ ეკლესიებში შესრულდა სახლის კურთხევის წესი, აკურთხეს სამყაროს ოთხი მხარე და ხალხები, შემდეგ აღევლინა საღმრთო ლიტურგია. თბილისის „სურბ გევორგ" საკათედრო ტაძარში მწირველი გახლდათ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი. სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას დაესწრნენ თბილისის სომეხი საზოგადოების, ინტელიგენციის წარმომადგენლები, სტრუქტურათა ხელმძღვანელები, უამრავი მორწმუნე. საღმრთო ლიტურგიის დროს მწირველმა მეუფე ვაზგენმა სათანადოდ იქადაგა დღის საიდუმლოზე - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის უდიდეს მისიაზე, მის მიძინებასა და აღდგომაზე, ისაუბრა სომეხთა ეკლესიის სიყვარულსა და ღრმა პატივისცემაზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი, მოუწოდა ღვთისმშობლის მსგავსად განაგრძონ სიცოცხლე ამაღლების სინათლით და წმინდა აღდგომის რწმენით. მეუფემ მშვიდობა და წინსვლა უსურვა სომხეთსა და საქართველოს, ჯანმრთელობა და უზრუნველი მსახურება არცახის მშვიდობისმყოფელ სამხედროებს, მიულოცა დამსწრეებს, განსაკუთრებით დედებს და ყველა მარიამს. საღმრთო ლიტურგიის ბოლოს, ეპარქიის წინამძღვრის თავმჯდომარეობით ეკლესიის საკურთხეველზე შესრულდა ყურძნის კურთხევის ცერემონიალი, წაიკითხეს დღის საიდუმლოს შემცველი სახარებისეული ნაწილი, შემდეგ აღავლინეს „ყურძნის ლოცვა“. მღვდელმსახურებს და მორწმუნეებს დაურიგდა ყურძენი, რომელიც უზრუნველყო ეკლესიის ჯვრის ნათლიამ, იური ერემიანმა. ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიაში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას ესწრებოდნენ როგორც ბათუმელი სომხები, ასევე დედა სამშობლოსა და სხვა ადგილებიდან ჩამოსული სხვადასხვა ეროვნების ტურისტები. ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიაში მწირველი იყო ღირსი მღვდელი ტათევ მარუქიანი. საღმრთო ლიტურგიას ესწრებოდნენ მორწმუნეები, მომლოცველები და ბანაკში მყოფი ახალგაზრდები. საღმრთო ლიტურგიამ, ქადაგებამ და ყურძნის კურთხევის წესმა დიდი ენთუზიაზმი გამოიწვია დამსწრეთა შორის. ნინოწმინდის „სურბ სარგის“ ეკლესიაში ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულისადმი მიძღვნილი საღმრთო ლიტურგიის შემდეგ ღირსმა მღვდელმა არმაშ პოღოსიანმა, განძის „სურბ კარაპეტ“ ეკლესიის ახლად დანიშნული მღვდლის, გევორგ ასატრიანის, თანხლებით სოფელ ხოჯაბეკში დაესწო მემორიალური წყაროს გახსნას, აკურთხა ის და შეასრულა ყურძნის კურთხევის წესი. ახალციხის “სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ ეკლესიაში მღვდელმონაზონ ჰაკობ საჰაკიანის მიერ ჩატარებული სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიის შემდეგ , მორწმუნეებს დაურიგდა ჯვრის ნათლიის არტურ ბალასანიანის და მორწმუნეთა მიერ მოტანილი ყურძენი. სხვა ეკლესიებშიც შესრულდა ყურძნის კურთხევის წესი. ორშაბათს დილით საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებშა შესრულდება მიცვალებულთა სულების მოსახსენიებელი წირვა და პარაკლისი.
|