მომლოცველობა ახალციხის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ ეკლესიისკენ |
სიახლეები |
2018 წლის 17 მარტს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა ახალციხის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ ეკლესიაში. ამ დღეს თავისი საეკლესიო საიდუმლო აქვს, სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესია ზეიმობს პირველი სომეხი კათოლიკოსის, წმინდა გრიგოლ განმანათლებლის ხსოვნისადმი მიძღვნილ სამ დღესასწაულთაგან პირველს - ხორ ვირაპის საპყრობილეში წმინდანის შესვლის და იქ განცდილი ტანჯვის ხსენების დღეს. ეკლესია სავსე იყო. ადგილობრივ მორწმუნეებს შეუერთდა დღესასწაულთან დაკავშირებით წმინდანის სახელობის ეკლესიაში ჩამოსული მომლოცველების ჯგუფი თბილისიდან, ღირსი მღვდლის, მანუკ ზეინალიანის ხელმძღვანელობით, და ახალქალაქიდან და მიმდებარე სოფლებიდან ჩამოსული მორწმუნეთა ჯგუფი, ღირსი მღვდლის, მღვდელ ტათევ მარუქიანის ხელმძღვანელობით. საღმრთო ლიტურგიას დაესწრნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, თანამდებობის პირები, არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები და მრავალი მორწმუნე. საერთო ქრისტიანული წმინდანის დღესასწაულზე გაიხსნა ეკლესიის ფარდა და მორწმუნეებს მიეცათ ზიარების მიღების შესაძლებლობა. საღმრთო ლიტურგიის დროს მეუფე ვაზგენმა იქადაგა დღის საიდუმლოზე. დამსწრეებმა ყურადღებით მოისმინეს ქრისტიანული რწმენისთვის წმინდა გრიგოლ განმანათლებლის ტანჯვის, 13 წლის განმავლობაში გამოჩენილი დიდი ნებისყოფის, წინააღმდეგობის ძალის და ღმერთისა და ქრისტესადმი ერთგულების ისტორია, ხორ ვირაპში ტანჯვის შემდეგ, წმინდა გრიგოლ განმანათლებელმა თავი მიუძღვნა ქრისტეს ნათლის გავრცელებას სომხეთში, გახდა სახელმწიფოებრივად აღიარებული სომეხთა ეკლესიის პირველი პატრიარქი. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ასევე ხაზი გაუსვა სომეხი ხალხის ბრძოლას ერისა და რწმენის მარადიულობისთვის, ისაუბრა სომეხთა ეკლესიის რიტუალებისა და ცერემონიების შენარჩუნებაზე. მწირველი მეუფე მიესალმა მომლოცველებს, აკურთხა ისინი და გაამხნევა იმით, რომ მსგავსი მომლოცველობები აძლიერებენ უფლისადმი რწმენას, აძლიერებენ მათ ახალი ძალით. მეუფემ აკურთხა საღმრთო ლიტურგიაზე დამსწრე მორწმუნეები, ყველას გადასცა სრულიად სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესის და უნეტარესის გარეგინ მეორის მამობრივი სიყვარული და კეთილი სურვილები. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ დაფასების სიტყვით მიმართა ახალციხის სულიერ ინსპექტორს, მღვდელმონაზონ ჰაკობ საჰაკიანს, მომლოცველების თანმხლებ ყველა სასულიერო პირს, მათი კეთილი მსახურებისთვის. მომლოცველებმა სანთლები დაანთეს, წმინდა გრიგოლ განმანათლებლის ხსოვნის ნიშნად, ლოცვაში საერთო ქრისტიანულ წმინდანს მფარველობას ევედრებოდნენ. საღმრთო ლიტურგიის დასასრულს მომლოცველებმა „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ ეკლესიაში მოაწყვეს სიყვარულის სადილი, რომელსაც შეუერთდნენ ადგილობრივი მორწმუნეები. ღვთისმსახურებისა და სიყვარულის სადილის შემდეგ, მომლოცველები, სულიერი მოძღვრების - მღვდელ მანუკ ზეინალიანის, მღვდელ ტათევ მარუქიანის და მღვდელ თორგომ ვარდანიანის წინამძღოლობით ეწვივნენ სოფელ წუღრუთის „სურბ სიონ“ ეკლესიას, დაესწრნენ სულიერი მამების მონაწილეობით შესრულებულ მშვიდობის ღვთისმსახურებას. შემდეგ მომლოცველთა მრავალრიცხოვანი ჯგუფი ეწვია ადგილობრივი მცხოვრების, სარგის საპონჯიანის ოჯახს, სადაც სიწმინდით ინახება მე-10 საუკუნის ცნობილი წუღრუთის სახარება, პატივი მიაგეს მე-10 საუკუნის ხელნაწერ სახარებას. გვიან საღამოს სულიერად განახლებული მომლოცველები თბილისში დაბრუნდნენ. |