საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში წაკითხულ იქნა სრულიად სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესის და უნეტარესის გარეგინ მეორის ენციკლიკა |
სიახლეები |
2018 წლის 11 თებერვალს, ძირითადი ბარეკენდანის დღეს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში წაკითხულ იქნა სრულიად სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესის და უნეტარესის გარეგინ მეორის ენციკლიკა, რომელიც ეძღვნება სომხეთის პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავს და მაისის საგმირო ბრძოლებს. სულიერმა მამებმა, დღის საიდუმლოს ქადაგების შემდეგ, „ეჯმიაწინ ი ჰორე“ შარაკანის მღერით და ზარების წკრიალით, სრულიად სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესის და უნეტარესის გარეგინ მეორის ენციკლიკას გაუძღვნენ საკურთხევლისკენ, სადაც მღვდელმა მამებმა წაიკითხეს ის. საღმრთო ლიტურგიის შემდეგ, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძარში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა, დამსწრეებს განუმარტა სომხეთის პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავის და მაისის საგმირო ბრძოლების გამარჯვების შინაარსი. მეუფე ვაზგენმა დამსწრეებს წარუდგინა მიმდინარე წელს საქართველოს სომეხთა ეპარქიაში დაგეგმილი ძირითადი ღონისძიებები, რომლებიც ეძღვნება სომხური სახელმწიფოებრიობის აღდგენას და მაისის გამარჯვებებს. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა გამოსვლაში ხაზი გაუსვა იმასაც, რომ მაისის გამარჯვებებით საქართველოშიც აღდგა სახელმწიფოებრიობა და ორმა ქრისტიანმა მეზობელმა ხალხებმა ხელჩაკიდებულებმა დაიწყეს სომხეთის და საქართველოს აღმშენებლობა. |