საქართველოს სომეხთა ეპარქიის სახელით 9 აპრილის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკეს |
სიახლეები |
2017 წლის 9 აპრილს, საქართველოში აღინიშნა ეროვნული ერთიანობის დღე. საქართველოს სომეხთა ეპარქიის პერსონალი, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის ხელმძღვანელობით, ეწვივნენ საქართველოს პარლამენტის შენობის წინ აღმართულ 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა ხსოვნის მემორიალს. დელეგაციის წევრებმა მემორიალთან ლოცვა აღავლინეს დაღუპულთა სულების სიმშვიდისთვის და ეპარქიის სახელით გვირგვინით შეამკეს მემორიალი. 28 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, საბჭოთა შეიარაღებული ძალები სასტიკად გაუსწორდნენ მშვიდობიან დემონსტრანტებს, დაიღუპა 21 ადამიანი, ათასობით ადამიანი მოიწამლა. ორი წლის შემდეგ, იმავე დღეს, საქართველოს უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის აღდგენის დეკლარაცია. |