2018 წლის 5 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილის თავმჯდომარეობით, „თანდოიანც სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესიის საკითხზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა- საქართველოს სომეხთა ეპარქია საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ. სასამართლო სხდომას ესწრებოდნენ როგორც მოსარჩელე მხარე, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ეკონომიკის სამინისტროს უფლებამოსილი წარმომადგენლები. მესამე მხარედ წარმოდგენილი იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. სხდომა წინა სასამართლო სხდომაზე საქართველოს საპატრიარქოს ადვოკატების მიერ დასმულ საკითხებზე საქართველოს სომეხთა ეპარქიის ადვოკატების, დავით ბერძულისა და გვანცა ლომიას დასაბუთებული პასუხებით უნდა წარმართულიყო. საქართველოს სომეხთა ეპარქიის ორი ადვოკატი, ისტორიულ წყაროებსა და მოქმედ კანონმდებლობაზე დაყრდნობით, საკითხის შემოსაბრუნებლად სათანადოდ იყო მომზადებული. ეპარქიის ადვოკატმა, დავით ბერძულმა, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების საერთაშორისო კანონმდებლობებსა და დეკლარაციებზე დაყრდნობით, თავისი გამოსვლა საქართველოს სომეხთა ეპარქიის, „თანდოიანც სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესიასთან არსებულ პირდაპირ კავშირზე ააწყო. საქართველოს საპატრიარქოს ადვოკატების დასმულ საკითხებზე დაწვრილებით საუბრისას, ადვოკატმა თავის გამოსვლაში აღნიშნა: ა. „თანდოიანც სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესია სომხურია, ფუნქციონირებდა, როგორც საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესია, რაც საარქივო და არქიტექტურული ფაქტებით დასტურდება. საბჭოთა პერიოდში სომხური ეკლესიის შენობა ჩამორთმეული იქნა. საპატრიარქოს ადვოკატის არგუმენტი, იმის თაობაზე, რომ თურმე რამდენიმე საუკუნის წინ ამავე ეკლესიის ადგილას ქართული ეკლესია ყოფილა, საერთაშორისო კანონმდებლობით მესაკუთრის უფლებით მისი საქართველოს საპატრიარქოს ბალანსზე რეგისტრირების საფუძველს არ იძლევა. ბ. საქართველოს სომეხთა ეპარქიის ინტერესზე- ეკლესიის თემისათვის დაბრუნების საკითხზე საუბრისას, ეპარქიის ადვოკატმა აღნიშნა, რომ ჩამორთმეული საკულტო ნაგებობები საკუთრების უფლებით, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა, უკან დაუბრუნდა ასევე მუსლიმურ და ებრაულ რელიგიურ თემებს. ამრიგად ეს სომხური ეკლესიის მიმართ დისკრიმინაციის გამოვლინებაა. გ ეპარქიის ადვოკატმა ასევე „თანდოიანც სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესიაზე, საპატრიარქოს მიერ განხორციელებული მშენებლობის საკითხი დააყენა, რომელიც ზიანს აყენებს ისტორიული ძეგლის სტატუსის მქონე ეკლესიის იერსახეს და არღვევს მისი დაცვის უფლებას. არგუმენტირებული მოხსენება ჰქონდა მომზადებული ასევე საქართველოს სომეხთა ეპარქიის მეორე ადვოკატ გვანცა ლომიას, ვინც იმის დამტკიცებას ცდილობდა, რომ მსგავსი ქმედებებით ირღვევა რელიგიური უმცირესობების, მოცემულ შემთხვევაში კი საქართველოს სომეხთა ეპარქიის უფლებები, იზღუდება სინდისის თავისუფლება, ხდება დისკრიმინაციისა და უთანასწორობის გამოვლინება. ადვოკატ ლომიას გამოსვლის საშუალება მოსამართლემ არ მისცა. საპატრიარქოს ადვოკატის ნათია ტკეპლაძისთვის გამოსვლის უფლების მიცემით, მოსამართლე ჭიჭილეიშვილმა გამოავლინა თავისი მიკერძოებული დამოკიდებულება საქართველოს სომეხთა ეპარქიის მიმართ, საქართველოს საპატრიარქოს ადვოკატს არ შეაწყვეტინა ხანგრძლივი სიტყვა, რომელიც ასევე ადვოკატების დავით ბერძულისა და გვანცა ლომიას მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულებით იყო გაჯერებული. საპატრიარქოს ადვოკატმა თავის გამოსვლაში არაერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოში სომხური ეკლესიები საქართველოს მოქალაქეებმა ააშენეს და ეკლესიები ქართული კულტურის ნაწილს წარმოადგენს. ამრიგად ქართულ სახელმწიფოს უფლება აქვს თავისი საკუთრება, საკუთარი შეხედულებისამებრ, მოცემულ შემთხვევაში „თანდოიანც სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესია, მისი ისტორიის შესწავლის გარეშეც კი, გადასცეს ქართული ეკლესიის საპატრიარქოს. გარდა ამისა, „თანდოიანც“ ეკლესიის საქართველოს სომეხთა ეპარქიისათვის დაბრუნება, საპატრიარქოს ადვოკატის აზრით, მრავალეროვანი საქართველოსათვის ცუდი პრეცედენტი იქნება, რადგან ამგვარად ქვეყანაში დაირღვევა ეკლესიის სამართლებრივი წონასწორობა. „თანდოიანც“ ეკლესიაზე მიმდინარე მშენებლობაზე გამოხმაურებით, რომლის შედეგადაც ირღვევა ძეგლის მემკვიდრული იერსახე, საპატრიარქოს ადვოკატმა ტკეპლაძემ მშენებლობის პროცესი უარყო. უსაფუძვლოდ დაადანაშაულა, რომ თურმე მეფის რუსეთის პერიოდის რუსეთის იმპერიის სახსრებით შენდებოდა სომხური ეკლესიები, საქართველოს საპატრიარქოს ადვოკატმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს საპატრიარქოსაც შეუძლია მოითხოვოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ აშენებული ქართული ეკლესიები. სასამართლოს გადაწყვეტილებითა და მხარეთა შეთანხმებით სასამართლო შემდეგი სხდომა გაიმართება 2019 წლის 24 იანვარს, 17:00 სთ-ზე.
|