2018 წლის 25 ივლისს სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის ტავუშის ეპარქიის საეპისკოპოსოს ინიციატივით და წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ბაგრატ გალსტანიანის კურთხევით, ეპარქიის საკვირაო სკოლების მასწავლებელთა ჯგუფი მომლოცველობაზე იყო თბილისში. მომლოცველთა შორის იყვნენ სოფელ ბერდის „სურნ ჰოვანეს“ (სულიერი მოძღვარი მღვდელი არამ მირზოიანი), ნოემბერიანის რაიონის „სურბ სარგის“, კოღბის „სურბ ჰოვანეს“, იჯევანის, დილიჯანის და მიმდებარე სოფლების (სულიერი მოძღვარი მღვდელი სმბატ აბრაჰამიანი) ეკლესიების საკვირაო სკოლების 60-მდე მასწავლებელი. თბილისში ჩამოსვლისთანავე, მომლოცველებმა „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში ლოცვა აღავლინეს და სანთლები დაანთეს, შემდეგ ეწვივნენ „ჰაიარტუნ“ ცენტრს, სადაც მათ დახვდათ ეპარქიის განათლების განყოფილების დირექტორი ევგენია მარკოსიანი. ამ უკანასკნელმა სტუმრებს გააცნო ცენტრის ფუნქციები, როლი და მნიშვნელობა საქართველოში ეროვნული, სულიერი და კულტურული ძეგლების შენარჩუნების საქმეში. სტუმრებს წინამძღვრული კურთხევა უბოძა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა, ვინც იმ მღვდლებს, რომლებიც უძღვებოდნენ მომლოცველებს, უსურვა ღირსეული და ღვთისმოსავი მსახურება, მომლოცველებს კი - ურყევი რწმენა და სურვილების ახდენა. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ კეთილი სურვილები გადასცა სულიერ ძმას - მეუფე ბაგრატს. მომლოცველები დიაკვან გევორგ ანტონიანის თანხლებით ეწვივნენ სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ხოჯივანქის პანთეონს, შემდეგ ეწვივნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სამების ტაძარს. ტავუშელ მომლოცველებს თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძარში დახვდნენ სულიერი მოძღვარი ღირსი მღვდელი სამველ თოროსიანი და მოძღვრის თანაშემწე ღირსი მღვდელი კირაკოს სიმონიანი. მიუხედავად იმისა, რომ ტავუშელ მომლოცველების ვიზიტი თბილისში ერთდღიანი იყო, მათ ჰოვანეს თუმანიანის სახლ-ცენტრის განუმეორებელი ატმოსფეროთი დატკბობა მოასწრეს, იგრძნეს დიდი ლორელის სახლის სტუმართმოყვარე სუნთქვა. საღამოს თბილისში სეირნობის შემდეგ, ტავუშელი მომლოცველები სამშობლოში ნათელი და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ.
|