სიახლეები
|
2018 წლის 13 ივნისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ" ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა ქართულ ენაში მომზადების 1+4 პროგრამის ქართული უნივერსიტეტების სომხურენოვანი სტუდენტების გამოსამშვიდობებელი შეხვედრა, რომლის დროსაც მათ უსურვეს ბაკალავრიატში სწავლის წარმატებულად გაგრძელება. საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილების დირექტორმა ვალერი ბადალიანმა შეაჯამა გასული სასწავლო წლის განმავლობაში „ჰაიარტუნ“ ცენტრში ჩატარებული დამატებითი მოსამზადებელი კურსები, მადლობა გადაუხადა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტების სტუდენტებს ჰარუთიუნ მალხასიანსა და სტეფან ევაჯიანს. ამ უკანასკნელთა ინიციატივით უკვე მეორე წელია ეწყობა მოხალისეობრივი დამატებითი კურსები, რათა ახალგაზრდებს ბაკალავრიატში არჩეულ სპეციალობებზე არ გაუჭირდეთ სწავლის გაგრძელება, ქართულ ენაზე ლექციების მოსმენა, სემინარებში მონაწილეობა და გამოცდების ჩაბარება. პროექტის ავტორებს სასწავლო კურსების ჩატარებაში მხარი დაუჭირეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტების მაღალი კურსების სტუდენტებმა. საქართველოს სომხებით დასახლებული სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული 70-მდე ახალგაზრდა კვირაში ერთხელ ესწრებოდა სხვადასხვა თემების განხილვებს, სხვადასხვა მეცადინეობებს. ისინი იღებდნენ მათთვის საინტერესო კითხვების პასუხებს და მხარდაჭერას. ტრენინგები ოთხი მიმართულებით ჩატარდა - სამედიცინო, იურიდიულ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ ფაკულტეტებზე სწავლის გასაგრძელებლად. ტრენინგები ტარდებოდა მათემატიკაში, ზოგად უნარებში, ბილინგვური განათლების თემებზე. წარმოადგინეს რეფერატები სამედიცინო, სამოქალაქო განათლების თემებზე. ასევე ეწყობოდა სპეციალობებში დოკუმენტური და სამეცნიერო ფილმების ჩვენება, ტარდებოდა თამაშები, კონკურსები, ვიქტორინები. ტრენინგების დასასრულს ორგანიზებულ შეხვედრაზე გამოვიდნენ მოსამზადებელი კურსების მონაწილე სტუდენტები. მათ მადლობა გადაუხადეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს, ვისი კურთხევით ტარდება დამატებითი სასწავლო კურსები, ეპარქიის ახალგაზრდულ განყოფილებას და კურსების ავტორებს, დახმარებისთვის.
|