სურბ გევორგ მხედართმთავრის დღესასწაული საქართველოს სომეხი მორწმუნისათვის ერთ-ერთი ძვირფასი დღესასწაულია, რომელიც სიყვარულითა და გულმოდგინებით აღინიშნება. 2018 წლის 29 სექტემბერს, წმინდანის ხსენების დღეს, თბილისის ,,სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძარში განსაკუთრებული მხიარულება სუფევდა. მორწმუნეები ამ ყოვლისშემძლე ტაძარში სალოცავად და მამაცი მებრძოლის, სურბ გევორგისაგან კურთხევისა და შემწეობის მისაღებად იყვნენ მოსულები. ხალხმრავლობა იყო როგორც ტაძარში, ასევე ტაძრის ეზოში. თბილისელ სომეხ მორწმუნეებს უამრავი ტურისტი შეუერთდა, რომლებიც აღფრთოვანდნენ საკათედრო ტაძრის განუმეორებელი სილამაზით, მომაჯადოებელი საღმრთო ლიტურგიითა და საგალობლების ტკბილი ჟღერადობით. საქართველოს სომეხთა ეპარქიის ,,სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია ტაძრის სულიერმა მოძღვარმა მღვდელმა მანუკ ზეინალიანმა აღავლინა. საღმრთო ლიტურგიის მიმდინარეობისას, მწირველმა მღვდელმა დღის საიდუმლოზე- მამაცი მხედართმთავრის ქრისტიანული სარწმუნოებისადმი ერთგულებასა და მოწამეობაზე იქადაგა. ხაზი გაუსვა, მორწმუნეთა სიყვარულს წმინდანისადმი, რომლის სახელობის ეკლესიები საუკუნეების მანძილზე შენდებოდა, რომელთა შორის არის ასევე ,,სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძარიც. მწირველმა მღვდელმა დამსწრეებს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის მამობრივი კურთხევა და მილოცვები გადასცა. სულიერმა მამამ მხედართმთავარ გევორგის ქრისტიანული სარწმუნოებისადმი შეურყევლობა სომეხ ხალხს შეადარა, ვინც ისტორიის მანძილზე უამრავი განსაცდელი გამოიარა, სიკვდილ-სიცოცხლის ბრძოლა გამართა და დარჩა ერთგული საკუთარი რელიგიისა და საკუთარი ეროვნებისადმი, დაიცვა და შეინარჩუნა თავისი სამშობლო. ქადაგების დასასრულს, მამა მანუკმა ყველა გევორგს მიულოცა სურბ გევორგის დღესასწაული და მათ ქრისტეს ერთგულ შვილებად ყოფნის სიამაყით ცხოვრებისკენ მოუწოდა. ,,სურბ გევორგ“ ტაძარი იმ სანუკვარ ტაძართაგან ერთია, სადაც წმინდანის წმინდა ნაწილი ინახება. საღმრთო ლიტურგიის დასასრულს, მორწმუნეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიახლოებოდნენ და მთხვეოდნენ მამაცი წმინდანის, წმინდა ნაწილს. ხალხისათვის საყვარელი წმინდანის დღესასწაულს ასევე სახალხო დატვირთვაც ჰქონდა. ტაძრის ეზოში საქართველოს სომეხთა ეპარქიის ,,ჰაიარტუნ“ ცენტრის ,,ტარონ“ (ქორეოგრაფი- სურენ აბრამიანი), რუსთავის ,,სურბ გრიგორ ნარეკაცი“ ცენტრის ,,ნემრუთ“ (ქორეოგრაფი- სტელა სელეპანოვა) და დედაქალაქის ,,ანი“ (ქორეოგრაფი- ანგელინა ნაზარიან-ქოჩიანი) ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით გაიმართა კონცერტი, რომელიც ჰენრიხ პეტროსიანმა წაიყვანა და დღე ნამდვილ დღესასწაულად იქცა. სულიერი მოძღვრების მიერ იკურთხა და დამსწრეებს დაურიგდა სურბ გევორგ დღესასწაულთან დაკავშირებით მორწმუნეთა მიერ გაკეთებული შესაწირი. ეკლესიის მოყვარე ქალთა კავშირის ინიციატივითა და ჯვრის ნათლია იური ერემიანის მხარდაჭერით ორგანიზებულ იქნა ტორტით და სხვადასხვა ნამცხვრით გამასპინძლება. სურბ გევორგ მხედართმთავრის დღესასწაული სათანადოდ აღინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში. საეკლესიო რიტუალი შესრულდა და სახალხო სხვადასხვა ღონისძიება ჩატარდა განსაკუთრებით წმინდანის სახელობის ეკლესიებში. აქვე დავძენთ, რომ ,,სურბ გევორგ“-ის ტაძარი თბილისის უძველეს ეკლესიათაგან ერთ-ერთია. იგი აშენდა მე-13 საუკუნეში და იყო შუა საუკუნეების ერთ-ერთი სომხური სასულიერო, კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრი. 2015 წელს სრულიად განახლებით (ფონდ IDeA-სა და სხვა ქველმოქმედების სახსრებით) ,,სურბ გევორგ“ ტაძარი (ან ციხის დიდი ტაძარი), ეპარქიის საკათედრო ტაძრად ყოფნით, აგრძელებს საქართველოს სომხების თავის გარშემო გაერთიანებას.
|