პირველი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იგი აღინიშნება ლამაზად, გასართობი ღონისძიებებით, რითაც ბავშვებს ჩუქნიან ბავშვობის ახალ სიხარულს. 2018 წლის პირველი ივნისი ნამდვილად სადღესასწაულო იყო საქართველოს დედაქალაქსა და სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრები სომეხი ბავშვებისთვის. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანის კურთხევით და მხარდაჭერით ეპარქიის ეკლესიებში ორგანიზებული იყო სხვადასხვა ღონისძიებები, მათთვის მაღალი განწყობის შესაქმნელად და მხიარული სიურპრიზებისთვის. დღესასწაული დაიწყო თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის ეზოში, ეპარქიის „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღის აღსაზრდელთათვის ორგანიზებული ზეიმით. თავის მხრივ, ბუნებამაც შეუწყო ხელი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას. წვიმა შეწყდა, ამინდმა გამოიდარა. მხიარულმა მუსიკამ, ბავშვთა სახალისო სიმღერამ და ცეკვამ მაღალი განწყობა შეუქმნა ყველას. ბავშვებს მიესალმა და ბედნიერი ბავშვობა უსურვა საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის სულიერმა ინსპექტორმა, ღირსმა მღვდელმა მანუკ ზეინალიანმა, მათ მოუწოდა, რომ კარგად ისწავლონ, იყონ ჭკვიანნი. მამა მანუკს ბავშვებისთვის სიურპრიზი ჰქონდა მომზადებული, მიიწვია თამაშის წამყვანები - ზორო და სპაიდერმენი, ჰენრიხ პეტროსიანი და არამ ჰარუთუნიანი, რომლებმაც თამაშ-კონკუსებში ჩართეს ყველა ბავშვი. შედარებით უფროსები, რომლებიც მალე სკოლაში უნდა შევიდნენ, ჩაერთნენ ასფალტზე ცარცით ხატვის კონკურსში, ყველაზე პატარებს კი პატივცემულმა ევგენია მარკოსიანმა სახე მოუხატა, რითაც დიდი სიხარული მიანიჭა მათ. დღე საზეიმო იყო ასევე საქართველოს სომეხთა ეპარქიის ბათუმის ალექსანდრე მანთაშიანცის სახელობის ცენტრში. ცენტრის დირექტორის, სონა ჰოვანისიანის, და მასწავლებლების ძალისხმევით ორგანიზებული მხიარული სიმღერის, ცეკვის, სხვადასხვა თამაშის, სიურპრიზის შედეგად ცენტრის ყველა აღსაზრდელისთვის პირველი ივნისი იქცა ყოვლისმომცველ და დაუვიწყარ დღედ. ბავშვთა საერთაშორისო დღე ჯავახეთშიც დიდი მხიარულებით აღინიშნა. მთელი დღე ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიის ეზოში საზეიმო განწყობა იყო. მიუხედავად წვიმისა, ეკლესიის ეზოში შეიძლებოდა მომღიმარი, მომღერალი და მოცეკვავე ბავშვების ხილვა, რომლებიც სხვადასხვა თამაშებს თამაშობდნენ, ნაირფერი ბუშტები კი მათ დღეს ელფერს სძენდა. ღონისძიების დროს სრულდებოდა საბავშვო ცეკვა, სიმღერა. სოფელ დილისკის “სურბ სარგის“ ეკლესიაში შეკრებილნი იყვნენ არა მარტო ბავშვები, არამედ უფროსებიც. აქ საზეიმოდ აღინიშნა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. ღონისძიება დაიწყო საუფლო ლოცვით. დილისკისა და მიმდებარე სოფლების სულიერმა მოძღვარმა, ღირსმა მღვდელმა ტიგრან მხითარიანმა ბავშვებთან ერთად ლოცვა აღავლინა, შეასრულა ბავშვების კურთხევის წესი. ცერემონიის დასასრულს ბავშვებს დაურიგდა ბუშტები და ფერადი ცარცი, შემდეგ ეკლესიის ჯვრის ნათლია, სერგეი ნაჰატაკიანი, ბავშვებს გაუმასპინძლდა საპირველივნისო ნაყინით, რაც სოფელში უკვე ტრადიციად არის ქცეული. ღონისძიება მიმდინარეობდა საბავშვო მხიარული სიმღერის და ცეკვის თანხლებით.. დღე საზეიმო იყო ახალქალაქის რაიონის სოფელ ვაჩიანის „სურბ სიონ“ ეკლესიის ეზოში. ღირსმა მღვდელმა ტიგრან მხითარიანმა შეასრულა ბავშვების კურთხევის წესი, რის შემდეგაც ბავშვები ჩაერთნენ ხატვის კონკურსში. შემდეგ ღონისძიებამ გადაინაცვლა კულტურის სახლის ეზოში, სადაც ბავშვების გასამხიარულებლად იყვნენ მოსულნი მულტფილმების გმირები. კულტურის სახლის ეზოში დაბადებით ვაჩიანელი, ამჟამად რუსეთში მცხოვრები სამველ აზატიანის შემოწირულობით ბავშვებს დაურიგდა ტკბილეული და ნაყინი. ბავშვების მოსალოცად იყვნენ მოსულნი ასევე ახალქალაქის საკრებულოს დეპუტატები, სხვა თანამდებობის პირები. ბავშვებმა იცეკვეს სტუმრებთან ერთად და მხიარული განწყობა გადასცეს მათ. ბავშვთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გრძელდება. კვირა დღე მხიარული იქნება თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო ეკლესიის ეზოში, ახალქალაქის რაიონის სოფელ დადეშში და სომხებით დასახლებულ სხვა პუნქტებში.
|