საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მონაწილეობა მიიღო ტოლერანტობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში |
სიახლეები |
2017 წლის 15 ნოემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა თბილისის სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" მონაწილეობა მიიღო ტოლერანტობის დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაში, რომელიც ორგანიზებული იყო საქართველოს მთავრობასთან არსებულ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ რელიგიური ორგანიზაციების ლიდერები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სახელმწიფო მოღვაწეები. კონფერენცია გახსნა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ, შემდეგ მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე. შეხვედრაზე წაიკითხეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის მისასალმებელი სიტყვა. მოხსენებით გამოვიდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი. სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ისაუბრა რელიგიური თემების და განსაკუთრებით სომეხთა ეკლესიის მრევლისთვის საჭირბოროტო საკითხებზე, ასევე მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ხელისუფლებას, რელიგიური თემების საჭირბოროტო საკითხებისადმი გამოჩენილი სათანადო ყურადღებისთვის. მომდევნო დღეს, 16 ნოემბერს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს და საქართველოს ებრაული სათვისტომოს ინიციატივით, საქართველოში მოქმედი რელიგიური თემების წარმომადგენლები ეწვივნენ თბილისში მოქმედი დავით ბააზოვის სახელობის ქართულ-ებრაული მეგობრობის მუზეუმს. სტუმრებმა ყურადღებით დაათვალიერეს მუზეუმის ექსპონატები და მათ წარმოდგენა შეექმნათ ებრაული სათვისტომოს რელიგიურ რიტუალებსა და ხალხურ ტრადიციებზე. შეხვედრაზე მოხსენებით გამოვიდნენ რელიგიური თემების წარმომადგენლები. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მადლობა გადაუხადა სტუმართმოყვარე ებრაულ სათვისტომოს და მაღალი შეფასება მისცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს აღნიშნულ ინიციატივას. შეხვედრის დასასრულს, ებრაული საზოგადოების წარმომადგენლები გაუმასპინძლდნენ სტუმრებს. ტოლერანტობის დღის ფარგლებში ეპარქიის თანამდებობის პირებმა თბილისში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სახელმწიფო და საზოგადოებრივი სტრუქტურების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში. 15-16 ნოემბერს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს თან ახლდნენ იურიდიულ საკითხთა და თანამშრომლობის განყოფილების დირექტორი მიქაელ ავაგიანი და წინამძღვრის თანაშემწე დიაკვანი გევორგ ანტოიანი. |