საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა აშშ-ის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ ეკლესიაში |
სიახლეები |
უმაღლესი სასულიერო საბჭოს მორიგი კრების და აშშ-ის სომეხთა დასავლეთ ეპარქიის ფორმირების 90-ე წლისთავის საზეიმო ღონისძიებებთან დაკავშირებული ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის სომეხთა დასავლეთ ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, არქიეპისკოპოს ჰოვნან ტერტერიანის მიწვევით, 2017 წლის 5 ნოემბერს, ეპარქიის ქალაქ ფარსადინის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ ეკლესიაში საღმრთო ლიტურგია აღავლინა უმაღლესი სასულიერო საბჭოს წევრმა, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ ეკლესიაში ამ მოვლენასთან დაკავშირებით ხალხმრავლობა იყო. წირვას ესწრებოდნენ სათვისტომოს წევრები, ერის ღირსეული შვილები, უამრავი მორწმუნე. საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ მწირველმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა ძმური სიყვარული გამოუხატა აშშ-ის სომეხთა დასავლეთ ეპარქიის წინამძღვარს, საეპარქიო საბჭოს წევრებს, „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ ეკლესიის სულიერ მოძღვარს, ღირს დეკანოზ სარგის პეტროსიანს, ღირს დეკანოზ სტეფანოს ტინგილიანს, სამრევლო საბჭოს წევრებს, დიაკვნების და მწიგნობრების დასს, საღმრთო ლიტურგიასთან დაკავშირებით მიღებისა და ერთობლივად საღმრთო ლიტურგიის აღვლენისათვის. მეუფე ვაზგენმა ერის მორწმუნე შვილებს წარუდგინა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ისტორია და დღევანდელი საქმიანობა. ქადაგებაში ეპისკოპოსი ვაზგენი შეეხო წმინდა ეჯმიაწინის მისიას და სრულიად სომეხთა სულიერ ერთობას. ღვთისმსახურება დასრულდა საპატრიარქო ლოცვით, რომელიც მიეძღვნა სრულიად სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ მეორის აღსაყდრების მე -18 წლისთავს. საეკლესიო ცერემონიების შემდეგ, ადგილობრივი სომხური სათვისტომოს ტრადიციის თანახმად, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს გაუმასპინძლდნენ ტკბილეულით, მასპინძლობის დროს გაგრძელდა საუბარი დღის ქადაგების თემაზე. |