წმინდა მთარგმნელი ვარდაპეტების დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიაში |
სიახლეები |
წმინდა მთარგმნელი ვარდაპეტების დღესასწაული სომეხი ხალხის ერთ-ერთი ყველაზე სანუკვარი და საყვარელი ეროვნულ-საეკლესიო დღესასწაულია. ის მოძრავია და საქართველოს სომეხთა ეპარქიაში ტრადიციულად აღინიშნება საღმრთო ლიტურგიით. 2017 წლის 14 ოქტომბერს, ქალაქ რუსთავში, სულ რამდენიმე თვის წინ გახსნილ „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ სასულიერო, საგანმანათლებლო და კულტურულ ცენტრში საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის მიერ ნაკურთხ სალოცავი ქვისა და ხატის წინ აღევლინა საღმრთო ლიტურგია. სადღესასწაულო წირვას ესწრებოდნენ ქალაქ რუსთავის და მიმდებარე რაიონების მორწმუნეები, რომელთაც შეუერთდა თბილისიდან ჩასული მომლოცველების ჯგუფი, „სურბ გევორგ“ საკათედრო ეკლესიის სულიერი მოძღვრის, ღირსი მღვდლის სამველ თოროსიანის წინამძღოლობით. „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ სასულიერო, საგანმანათლებლო და კულტურულ ცენტრში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღავლინა მამა სამველმა. საღმრთო ლიტურგიის დროს, თბილისიდან ჩასული "მაკარ ეკლმალიან" გუნდის მიერ შესრულდა საგალობლები. ქორმაისტერი: სვეტლანა ტატოევა, პიანისტი: კარენ მირზოიანი. საღმრთო ლიტურგიის დროს მწირველმა მღვდელმა დამსწრეებს გადასცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის, კურთხევა და კეთილი სურვილები, შემდეგ იქადაგა დღის საიდუმლოზე, ხაზი გაუსვა ღვთის სიტყვის მნიშვნელობას ყოველი მორწმუნის ცხოვრებაში და მოუწოდა დედა სამშობლოსა და დიასპორაში მთარგმნელი ვარდაპეტების შექმნილი დამწერლობის გავრცელებისა და ჩვენი დედა ენის თაობებისთვის გადაცემისკენ, რაც ჩვენი ერის თვითმყოფადობის შენარჩუნების მთავარი გარანტიაა. საღმრთო ლიტურგიის შემდეგ, მორწმუნეები სულიერი მამის წინამძღოლობით, ეწვივნენ თბილისის სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა თბილისის ხოჯივანქის პანთეონს და ყვავილებით შეამკეს ერის დიდებულთა საფლავები. სამღვდელოების მონაწილეობით მთარგმნელი ვარდაპეტების სულების სიმშვიდისთვის შესრულდა პანაშვიდის წესი. სომხური ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს მთარგმნელი ვარდაპეტების ხსოვნის დღეს. მთარგმნელთა საერთო სახელწოდებით ცნობილია წმინდა მესროპ მაშტოცის და წმინდა საჰაკ პართევის ასამდე მოწაფე. |