შეხვედრა რუსთავის „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ ცენტრში |
სიახლეები |
2017 წლის 14 სექტემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის რუსთავის „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ სასულიერო, საგანმანათლებლო, კულტურულ და ახალგაზრდულ ცენტრში, სტუმრობდნენ საეპისკოპოსოს თანამშრომლები, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის ხელმძღვანელობით. ცენტრში ხალხმრავლობა იყო, შეხვედრას ესწრებოდნენ ქალაქების - რუსთავის, გარდაბნის და მარნეულის, სომხობის წარმომადგენლები, ცენტრის თანამშრომლები. საუფლო ლოცვის და ეპარქიის წინამძღვრის კეთილი სურვილების შემდეგ, ცენტრის სულიერმა მოძღვარმა მღვდელმა ნარეკ ღუშჩიანმა ისაუბრა იმ სამუშაოებზე, რომლებიც დაფიქსირებულია ცენტრის ქრონოლოგიაში. ესენია: საღმრთო ლიტურგიები, რომელთაც აქ აღავლენენ, მშობლიური ენის მასწავლებლის მონაწილეობა ერევანში ორგანიზებულ გადამზადების კურსებში, ადგილობრივი სომეხი ახალგაზრდების ვიზიტი სომხეთში, პროგრამა „არი ტუნ“-ის ფარგლებში, ცეკვისა და სიმღერის ჯგუფების ფორმირება, ახალგაზრდული კავშირის ჩამოყალიბება და სხვა. ეს ყველაფერი ის სულიერი ნაპერწკალია, რომელიც ათწლეულების მანძილზე იყო ადგილობრივი სომეხი ადამიანის სულში. სულიერმა მამამ მადლობა გადაუხადა საქართველოს სომეხთა ეპარქიას, წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის სახით, ცენტრისა და მღვდელმსახურთა მხარდაჭერისათვის, საჩუქრად გადმოცემული მაგიდების, სკამების და სხვა სასწავლო ინვენტარისთვის, ასევე დედა სამშობლოდან ჩამოტანილი სახელმძღვანელოების, რვეულების და მეთოდური ლიტერატურისთვის. შემდეგ ცენტრის აქტივისტებსა და მიმდებარე საცხოვრებელ პუნქტებში მცხოვრებ სომხებს მიესალმნენ, საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და გამოცდილება გაუზიარეს ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორმა ლევონ ჩიდილიანმა, განათლების განყოფილების დირექტორმა ევგენია მარკოსიანმა, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების დირექტორმა სუსანა ხაჩატრიანმა, ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილების დირექტორმა ვალერი ბადალიანმა, კოორდინატორმა ნინა სეროპოვამ. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს განათლების სამინისტროს ესგ-ის დეპარტამენტის კოორდინატორი კარინე მანუკიანი, რომელმაც ისაუბრა მშობლიური ენით სწავლების სკოლებისადმი ქვეყნის ხელისუფლების ყურადღების შესახებ, ხაზი გაუსვა სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და დიასპორის სამინისტროების მიერ სომხური სკოლების წიგნებით უზრუნველყოფაზე. შეხვედრის მონაწილეებს კურთხევის სიტყვით მიმართა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. მეუფე ვაზგენმა დააფასა მამა ნარეკის ხელმძღვანელობით თანამშრომლების საპასუხისმგებლო მიდგომა ცენტრის და მღვდელმსახურთა საქმიანობისადმი, ასევე შეაფასა მიზნად დასახული კულტურული, საგანმანათლებლო და ახალგაზრდული პროგრამები. დაგეგმეს ახალგაზრდული განყოფილების მიერ ჩასატარებელი სასწავლო კურსები, საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა თემაზე. აქვე დავძენთ, რომ ცენტრმა 2017-2018 სასწავლო წელი დაიწყო სრული მზადყოფნით. თავისი 50 მოსწავლე მიიღო სომხური ენის სწავლების „სურბ ეღიშე“ საკვირაო სკოლის მასწავლებელმა მარიეტა შატარევიანმა. ცენტრში ასევე ჩამოყალიბდა შემოქმედებითი ჯგუფები. ქორმაისტერ ინა დავითაშვილის ხელმძღვანელობით გუნდი „ბერკრი“საღმრთო ლიტურგიების დროს შეასრულებს საგალობლებს, ღონისძიებების დროს - სომხურ ხალხურ და საესტრადო სიმღერებს. ცეკვის ანსამბლ „ნემრუთის“ წევრები კი სწალობენ ჩვენს ეროვნული სულისკვეთებით აღსავსე ცეკვას. მალე რუსთაველი ბავშვებისთვის ჩამოყალიბდება ასევე დუდუკის წრე. წმინდა გრიგოლ ნარეკაცის სახელობის სულიერ, კულტურულ და ახალგაზრდულ ცენტრს დაგეგმილი აქვს ასევე სხვა ღონისძიებები, მათ შორის ახლო მომავალში მოეწყობა მხატვარ გარი ნალბანდიანის ნამუშევრების გამოფენა და მთარგმნელთა დღესასწაული. |