ახალი სასწავლო წელი მირზოევკის რესტავრირებულ სკოლაში |
სიახლეები |
საქართველოში 132 სომხური სკოლა მოქმედებს, მათგან ერთ-ერთი მარნეულის რაიონის სოფელ მირზოევკის საჯარო სკოლაა. სოფელში მოსახლეობა არის შერეული: სომხები, ქართველები, აზერბაიჯანელები და ასურელები. სკოლაში სულ 50 მოსწავლეა, სკოლის შენობა ნახევრად დანგრეულ მდგომარეობაში იყო. საქართველოს სომეხთა ეპარქიის შუამდგომლობით სკოლის შენობის პირველი სართულის სარემონტო სამუშაოები იკისრა ორგანიზაციამ „შენ ჯორჯია კონცერნ“-მა. ნამდვილად სადღესასწაულო იყო სოფელ მირზოევკის ახალი სასწავლო წლის პირველი დღე. სომეხი მოსწავლეების მოსალოცად იყვნენ ჩამოსული სომხეთის რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის მოადგილე მუშეღ ლალაიანი, დეპუტატი ჰაიკ ბაბუხანიანი, ორგანიზაცია „შენ ჯორჯია კონცერნის“ დირექტორის მოადგილე ვაჩაგან ასატრიანი, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, ღირსი მღვდელი სამველ თოროსიანი, საქართველოში სომხეთის საელჩოს მრჩეველი არტაკ გრაბსკი. სკოლის დირექტორის, ვანიკ არუსიანის, და ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ წერეთლის საჯარო სკოლის დირექტორის, მარინა მაჭარაშვილის თანხლებით, სტუმრებმა დაათვალიერეს გარემონტებული სკოლის პირველი სართული, საკლასო ოთახები და სხვა სასკოლო ინვენტარი. დედა სამშობლოს ყურადღებას სომხეთის საზღვრებს გარეთ მცხოვრები სომეხი ბავშვების სომხური განათლების მიღების მიმართ, ბიზნეს ორგანიზაციების მიერ აღმოჩენილ მხარდაჭერას და საქართველოს ხელისუფლების ზრუნვას არაქართველების, კერძოდ სომეხი ბავშვების მშობლიურ ენაზე განათლების მიღების მიმართ მადლიერებით გაუსვეს ხაზი თავიანთ გამოსვლებში გაზეთ ვრასტანის“ რედაქტორმა ვან ბაიბურთიანმა და ესგ-ის დეპარტამენტის კოორდინატორმა კარინე მანუკიანმა. საქველმოქმედო ორგანიზაციის დირექტორის მოადგილემ ვაჩაგან ასატრიანმა გააჟღერა „შენ ჯორჯია კონცერნის“ დირექტორის, სამველ ბეგლარიანის, ტელეფონით გადმოცემული მოლოცვა, ასევე მომავალი წლისთვის სკოლის მეორე სართულის კაპიტალური სარემონტო სამუშაოების ჩატარების პირობა დადო. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა თავისი კურთხევა უბოძა მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს, მეუფე ვაზგენმა ისაუბრა განათლების, მეცნიერების კარის გახსნის მნიშვნელობაზე, რომელსაც საფუძველი ეყრება სკოლაში, მოსწავლეებს მოუწოდა ისწავლონ მშობლიური ენა და ქვეყნის სახელმწიფო ენა, გახდნენ ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები და დედა სამშობლოს ღირსეული შვილები. სკოლის დირექტორმა არუსიანმა პირველკლასელებს დაურიგა სახელმწიფოს საჩუქარი - კომპიუტერები. ლამაზი ღონისძიება დასრულდა მოსწავლეების სიმღერითა და ცეკვით, ლამაზი დეკლამაციით. |