სიახლეები
|
2018 წლის 22 ნოემბერს, აჭარაში მოქმედი შემწყნარებელთა კლუბის წევრები ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელ წმინდა ეკლესიას ეწვივნენ. კლუბის წევრები ეკლესიისა და ადგილობრივ სომეხთა სულიერმა მოძღვარმა, ღირსმა მღვდელმა არარატ გუმბალიანმა მიიღო. უკანასკნელმა მათ ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, რომ სომხური ეკლესია ბათუმში 1879 წელს აშენდა, რომელიც ხის იყო და მალევე დაზიანდა. 1885 წელს ხის ეკლესია დაანგრიეს და ახალი ქვის ტაძარი ააგეს. ეკლესია თავის საქმიანობას 1930 წლამდე ახორციელებდა. საბჭოთა წლებში ეკლესიამ საკუთარი საქმიანობა შეაჩერა, სხვა ობიექტად გადაქცევის გამო. 1992 წელს ბათუმში მცხოვრები სომხებისა და საქართველოს სომეხთა ეპარქიის განცხადების საფუძველზე ეკლესია სათვისტომოს დაუბრუნდა და რესტავრაციისა და ხელახლა კურთხევის შემდეგ კვლავ დაიწყო საკუთარი რიტუალური საქმიანობის განხორციელება. ღირსმა მღვდელმა არარატმა სტუმრებს ასევე უამბო ბათუმში მოქმედი საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ალექსანდრ მანთაშიანც“ ცენტრსა და მისი საქმიანობის მიმართულებებზე, ისაუბრა ეროვნული კულტურის, ტრადიციების, ჩვეულებების, ასევე იმ მასშტაბური ფესტივალების, შეჯიბრებების და სამხატვრო ღონისძიებების შესახებ, რომელიც ეკლესიაში და მის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრებში პერიოდულად იმართება. სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს სომხური ეკლესიის მსახურს მიღებისა და ინფორმაციის მიწოდებისათვის. ვიზიტი განხორციელდა პროექტის- „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ ფარგლებში, დევიზით- „კულტურათაშორის ინტეგრაცია აჭარაში“, რომელიც „ფონდ ღია საზოგადოება-საქართველოს“ მხარდაჭერით ხორციელდება.
|