საქართველოს სომეხთა სათვისტომო აგრძელებს სომხეთისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის მე-100 წლისთავისადმი მიძღვნილ დღესასწაულთა ციკლს. 2018 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის კურთხევით, სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ახალქალაქის „კარაპეტ არქეპისკოპოს ბაგრატუნი“ კულტურული ცენტრის დარბაზში გაიმართა „სურბ გრიგორ ტათევაცი“ საკვირაო სკოლის სადღესასწაულო ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 27-ე წლისთავს, სომხეთისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის იუბილეებს. ღონისძიებას ესწრებოდნენ, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალქალაქისა და მიმდებარე სოფლების სულიერი მსახურები, სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის თანამშრომლები, ცენტრის აღსაზრდელები, მათი მშობლები და უამრავი სტუმარი. ღონისძიება ერთობლივი საუფლო ლოცვით და სახელმწიფო ჰიმნებით დაიწყო. ღონისძიების მიმდინარეობისას ცენტრის „ზართონქ“ ცეკვის ანსამბლის და „ჯავახქი ძაინერ“ („ჯავახეთის ხმები“) გუნდის მოსწავლეები პატრიოტული სიმღერების შესრულებებითა და ხალხური ცეკვით წარსდგნენ. ღონისძიების დასასრულს კურთხევის სიტყვით გამოვიდა დილისკისა და მიმდებარე სოფლების სულიერი მოძღვარი ღირსი მღვდელი ტიგრან მხითარიანი. უკანასკნელმა გადასცა ეპარქიის წინამძღვრის მამობრივი კურთხევა, დააფასა კულტურული ცენტრების აღსაზრდელები და პედაგოგები მსგავსი ლამაზი ღონისძიების მოწყობისთვის. მომდევნო დღეს, 21 ოქტომბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ახალციხისა და ბორჯომის სასულიერო ინსპექციამ, ქალაქ ახალციხეში ორი მოძმე ქვეყნის, სომხეთის რესპუბლიკისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის მე-100 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო მოაწყო. ღონისძიებას თავისი კურთხეული დასწრებით პატივი დასდო ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. საღამოს ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე, ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე, მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი, სოციალური, სამედიცინო, სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარე ამბარძუმ ბაბოიანი,თვითმმართველობისა და სათემო სტრუქტურების წარმომადგენლები, სტუმრები მიმდებარე სოფლებიდან და ახალქალაქიდან. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით ახალციხისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტების სულიერმა ინსპექტორმა, მღვდელმონაზონმა ჰაკობ საჰაკიანმა გახსნა. ეროვნული, პატრიოტული, სასულიერო სიმღერების და ხალხური ცეკვის შესრულებებით წარსდგნენ სასულიერო ინსპექციის მფარველობით მოქმედი „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ ეკლესიის „ახალცხა“ ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი (ქორეოგრაფი და სამხატვრო ხელმძღვანელი ვერონიკა ჰამბარიანი), ახალციხის ოვანეს თუმანიანის სახელობის N3 სომხური, ახალციხის N2 რუსული და წყალთბილის საჯარო სკოლების ცეკვისა და სიმღერის ჯგუფები. გამოვიდნენ ასევე სოლო შემსრულებლები. ღონისძიება სვეტლანა ჰაკობიანმა წაიყვანა. საღამო მაღალ დონეზე ჩატარდა და ხალხის მხრიდან დიდი ენთუზიაზმით იქნა მიღებული. ღონისძიების დასასრულს მისალოცი და კურთხევის სიტყვით ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი გამოვიდა. ეპარქიის წინამძღვარმა დიდად დააფასა საქართველოს ხელისუფლების და ახალციხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის კეთილმოსურნე დამოკიდებულება სომხური კულტურის შენარჩუნებისა და განვითარებისადმი. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ლოცვა აღავლინა სომხეთისა და საქართველოს მოძმე ხალხის მშვიდობიანი და სიყვარულით თანაცხოვრებისთვის. მეუფემ დააფასა და დალოცა მღვდელმონაზონ ჰაკობ საჰაკიანის კარგი მუშაობა, დაფასების სიტყვით მიმართა სკოლების დირექციებს, მიულოცა ღონისძიების მონაწილეებსა და სტუმრებს. ამ მხატვრულ ღონისძიებას სხვა მიზანიც ჰქონდა: გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა მოხმარდება ახალციხის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ ეკლესიის აღდგენას.
|