აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქ ბათუმის დღის დღესასწაულში მონაწილეობა მიიღო სომხეთის რესპუბლიკის ვანაძორის დელეგაციამ, მერის, მამიკონ ასლანიანის ხელმძღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ მერიის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გორ ბადალიანი და პერსონალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი არტურ ოჰანიანი. 2018 წლის 2 სექტემბერს, დღესასწაულის ფარგლებში, ვანაძორის მერიის დელეგაცია, ბათუმში სომხეთის რესპუბლიკის გენერალური კონსულის, ეღიშე სარგსიანის, თანხლებით, ეწვია საქართველოს სომეხთა ეპარქიის ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიას და მონაწილეობა მიიღო საკვირაო წირვაში. წირვის დასასრულს აჭარის, გურიისა და იმერეთის სომხების, ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის სულიერმა მოძღვარმა მღვდელმა არარატ გუმბალიანმა დამსწრე საზოგადოებას მიულოცა ბათუმის დღე, დედა სამშობლოდან ჩამოსულ მაღალი რანგის სტუმრებს გადასცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის მოკითხვა და კურთხევა და ხაზი გაუსვა სათვისტომოს წვლილს და ერთგულებას ამ ზღვისპირა ქალაქში სომხური სულისკვეთების და ქრისტიანული სარწმუნოების შენარჩუნების საქმისადმი. სტუმრებს და ბათუმელ სომხებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ვანაძორის მერმა მამიკონ ასლანიანმა. ისაუბრა რა ათწლეულების ისტორიის მქონე დაძმობილებულ ქალაქებზე - ბათუმსა და ვანაძორზე, მერმა ხაზი გაუსვა თანამშრომლობის გაღრმავების და გავრცელების მნიშვნელობას, კულტურის, განათლების, ტურიზმის სფეროებში. დააფასა ასევე სომხური სათვისტომო, რომლის ყოველდღიური საქმიანობით მტკიცდება და ღრმავდება სომხურ-ქართული საუკუნოვანი მეგობრობა, რომელიც ხიდს აგებს და ხელს უწყობს ხალხის კონსოლიდაციას მის გარშემო, ასევე ხელს უწყობს სომხური სულის და ქრისტიანული რწმენის შენარჩუნებას ბათუმში. საღმრთო ლიტურგიის ბოლოს სტუმრები, მამა არარატ გუმბალიანის თანხლებით, ეწვივნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის ბათუმის ალექსანდრე მანთაშიანცის სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ ცენტრს, სადაც მათ დახვდათ ცენტრის დირექტორი სონა ჰოვანისიანი, ვისი თანხლებითაც სტუმრებმა დაათვალიერეს ცენტრი, გაეცნენ მის საქმიანობას. ცენტრის ხელმძღვანელმა ასევე წარმოადგინა მომავლის პროგრამები, რაც უკავშირდება ბათუმში სომხური იდენტობის გაღრმავებას და სომხური კულტურის განვითარებას. ცენტრში გაიმართა ტრადიციული ჩაით გამასპინძლება და სუვენირების გაცვლა.
|