საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მოწვევით, 2018 წლის 26 მაისს საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს აღნიშვნაში მონაწილეობდა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ბატონი არმენ სარგსიანი, მეუღლესთან - ნუნე სარგსიანთან ერთად. ვიზიტის ფარგლებში, მიუხედავად ვიზიტის პროგრამის მრავალფეროვნებისა, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი იმავე დღეს დელეგაციის წევრებსა და მეუღლესთან ერთად ეწვია საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძარს. უძველეს ეკლესიაში მას დახვდნენ საქართველოს პარლამენტის ეთნიკურად სომეხი დეპუტატები, სომხებით დასახლებული რეგიონებიდან ჩამოსული ადგილობრივი ხელისუფლების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, თბილისის სათემო სტრუქტურების ხელმძღვანელები, საქართველოს სომხური სათვისტომოს წევრები, უამრავი მორწმუნე. დედა სამშობლოდან ჩამოსულ სტუმრებს დახვდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, მღვდელმსახურებთან ერთად. „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის ეზოში სომხეთის მაღალი თანამდებობის პირებს დახვდნენ ტრადიციული პურითა და მარილით. პრეზიდენტმა სარგსიანმა და დელეგაციის წევრებმა ყვავილებით შეალკეს საიათნოვას საფლავი. ეკლესიაში სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს და დელეგაციის წევრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა მათ გადასცა სრულიად სომეხთა კათოლიკოსის უწმინდესის და უნეტარესის გარეგინ მეორის კურთხევა და კეთილი სურვილები. მეუფე ვაზგენმა მადლიერების სიტყვით მოიხსენია ერის ღირსეული შვილები, ვისი მხარდაჭერითაც ჩატარდა „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის კაპიტალური აღდგენითი სამუშაოები, წარუდგინა უძველესი ეკლესიის ისტორია, აღნიშნა, რომ ეკლესიის კედლებს ამშვენებენ ჰოვნათანიანების და ბაშინჯაღიანის ფრესკები. ეპარქიის წინამძღვარმა ისაუბრა სამშობლოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები სომეხი ადამიანის უმთავრესი მიზნის - ენის შენარჩუნების, კულტურის განვითარების და ეკლესიის ერთგულების შესახებ. დააფასა რა საქართველოს ხელისუფლების მზრუნველი დამოკიდებულება სომეხთა ეპარქიის და საქართველოს სომხური სათვისტომოს მიმართ, სომხური სათვისტომოს როლი და მნიშვნელობა სომხურ-ქართული მეგობრული ურთიერთობების განვითარების და განმტკიცების საქმეში, მეუფე ვაზგენმა ხაზი გაუსვა დედა სამშობლოს წინსვლის, განვითარების და გამარჯვებების როლს, რაც ამხნევებს, პატრიოტიზმით და ერის სიყვარულით აღავსებს ყოველი სომეხი ადამიანის სულს, იყოს ეს გამარჯვებების თუ პრობლემების გადაწყვეტის და ბრძოლის გზა. სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტის საპატივცემულოდ ცნობილმა მევიოლინე გარი ნალბანდიანმა შეასრულა კომიტასის „კრუნკი“. საქართველოს სომხური სათვისტომოს წევრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა. ბატონმა სარგსიანმა დამსწრეებს მოუწოდა ყველგან და ყოველთვის იხელმძღვანელონ სომხური იდენტობის გრძნობით, იცხოვრონ სომეხი ადამიანის სიამაყით და იამაყონ, რომ სომხები არიან, ვინაიდან ეს არის ჩვენი სამშობლოს იდეოლოგია, რამაც ამ ბოლო დღეებში თავისი ძლიერი გამოხატულება ჰპოვა სხვადასხვა სახელწოდებების მქონე რევოლუციაში, და იქცა ერთობის, ერის სიყვარულის და სიამაყის მოწოდებად. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა დედა სამშობლოს პრეზიდენტ არმენ სარგსიანს სამახსოვროდ გადასცა ფონდ IDеА -ს მიერ გამოცემული „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის რეკონსტრუქციისადმი მიძღვნილი ოთხენოვანი წიგნი-ალბამი. მიუხედავად კოკისპირული წვიმისა, ეკლესიის ეზოში სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის და დელეგაციის წევრების და სტუმრების თანდასწრებით გაჩაღდა ტრადიციული ეროვნული ცეკვა - „ქოჩარი“, ერთიანობის სიმბოლოდ. ცეკვა ასევე იქცა თბილისის სომხების მონაწილეობად 26 მაისს გამართულ „მოდი ვიცეკვოთ ქოჩარი“ სრულიად-სომხურ პროექტში, რომელიც ხორციელდება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები სომხების მიერ, მაისის გამარჯვებების და ერთიანობის ნიშნად. ერთიანობის ცეკვაში მონაწილეობდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის ანსამბლი „ტარონ“, ასევე „ანი“, „ვანქ“ და „ჯეირან“ ქორეოგრაფიული ანსამბლები, მათ შეუერთდა დიდი თუ პატარა, ახალგაზრდა თუ ასაკოვანი. სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის და სხვა სტუმრების საპატივცემულოდ საქართველოს სომეხთა ეპარქიის საეპისკოპოსოში გაიმართა მიღება.
|