2018 წლის 24 აპრილს, სომეხთა გენოციდის მილიონნახევარი წმინდანად შერაცხული მოწამის ხსოვნის დღეს, საქართველოს სომეხთა ეპარქიაში გაიმართა ღონისძიებები, რომლებიც გამოხატავდნენ მონაწილეთა გულის ტკივილს, ემოციურად და სამართლიანობის მოთხოვნით, სლოგანით „მახსოვს და ვიბრძვი“. ხსოვნის დღის წინა დღეს თბილისში სასტუმრო Biltmore-ის Grand Royal Ballroom დარბაზში საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს ინიციატივით გამართული სომეხთა გენოციდის 103-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ, მოეწყო თბილისელი სომხების მიერ ორგანიზებული ჩირაღდნებიანი ხალხმრავალი სვლა თბილისის ცენტრალურ ქუჩებში და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოსთან გაიმართა ხანმოკლე საპროტესტო აქცია. მომდევნო დღეს, 24 აპრილს, დილიდან ხალხი მიდიოდა თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში, სომეხთა გენოციდის წმინდა მოწამეთა ხსოვნისადმი მიძღვნილ საღმრთო ლიტურგიაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც აღავლინა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. საღმრთო ლიტურგიას ესწრებოდნენ საქართველოში სომხეთის საელჩოს დიპლომატები, მეუღლეებთან ერთად, სათვისტომოს მოღვაწეები, ინტელიგენციის წარმომადგენლები, საზოგადოების წევრები, მორწმუნეები. საღმრთო ლიტურგიის შემდეგ, დამსწრეები, მეუფე ვაზგენის წინამძღოლობით, სასულიერო დასის და დიაკვნების თანხლებით მივიდნენ ეკლესიის ეზოში აღმართულ გენოციდის მსხვერპლთა სხოვნის ხაჩქართან, შესრულდა მფარველობის წესი, პატივი მიეგო სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას. შემდეგ ეპარქიის წინამძღვარმა იქადაგა დღის საიდუმლოზე. გაიხსენა სომეხი ხალხის ისტორია, რომელიც შექმნილია რწმენისა და სამშობლოსთვის ბრძოლით და მახვილით, მეუფე შეევედრა უფალს წმინდა წამებულთა მფარველობას სომეხი ხალხის, სამშობლოს და მის საზღვრების მცველი სომეხი ჯარისკაცისთვის. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ხაზი გაუსვა სომეხი ადამიანის ეროვნული ღირებულებების დაცვის, თავისი ბედის ტრაგიკული გვერდების პატივისცემის ურყევ ნებას, რომელიც გამოიხატება ლოცვით და სანთლების დანთებით, პარაკლისით და წინაპართა ხსოვნისადმი პატივის მიგებით. მეუფე ვაზგენმა მადლიერების სიტყვით მიმართა იმ ქვეყნებსა და ხალხებს, კერძოდ არაბ და ქართველ ხალხს, რომლებმაც მიიღეს და თავშესაფარი მისცეს განადგურების უბედურებას რისვაივაგლახით გადარჩენილი სომხები. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ისაუბრა ასევე სომხეთში განვითარებულ მოვლენებზე, დამსწრეებს მოუწოდა ერთიანობისკენ. დამსწრეებმა ყვავილებით შეამკეს ხსოვნის ხაჩქარი. შემდეგ ორგანიზაცია „საქართველოს სომხური სათვისტომოს“ ინიციატივით და საქართველოს სომეხთა ეპარქიის მხარდაჭერით, თბილისელი სომხების ავტობუსების კორტეჟი გაემართა თბილისში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოსკენ, სადაც გაიმართა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია. მიტინგი გახსნა ორგანიზაციის თავმჯდომარემ - სამველ მკრტჩიანმა, ვინც 24 აპრილს უწოდა სომხების ერთიანობის დღე, მიტინგის მონაწილეებს მოუწოდა გულმოდგინედ დაეპატრონონ სომეხთა სამართლიან მოთხოვნას. წინა წლებში თბილისელი სომხების მიტინგი თურქეთის საელჩოსთან მშვიდობიან ატმოსფეროში მიმდინარეობდა, წელს თურქებისა და აზერბაიჯანელებისგან შემდგარმა მცირერიცხოვანმა ჯგუფმა საპირისპირო მიტინგი მოაწყო. თურქეთისა და აზერბაიჯანის დროშებით და პლაკატებით, სკანდირებდნენ "ყარაბაღი, ყარაბაღი" და ჩაწერილი ხმაურით და სკანდირებით ცდილობდნენ ჩაეხშოთ თბილისელი სომხების საპროტესტო გამოსვლები. ქართველი პოლიციელების სიფხიზლემ და მათ მიერ შექმნილმა ცოცხალმა კედელმა გაანეიტრალა არასანქცირებული საწინააღმდეგო მიტინგი, მონაწილეები გააგდეს საელჩოს ეზოში და უზრუნველყვეს თბილისელი სომხების მიტინგის მშვიდობიანი მსვლელობა. თურქეთის საელჩოსთან გამართული აქციის მონაწილეებმა სომხურ, ქართულ, ინგლისურ და თურქულ ენებზე პროტესტი გამოხატეს 1915-23 წლებში სომეხი ხალხის მიმართ განხორციელებული გენოციდის უარყოფის პოლიტიკის წინააღმდეგ, მოითხოვეს, რომ თურქეთი კაცობრიობის წინაშე და საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვით პასუხისმგებლობას მიეცეს ჩადენილი დანაშაულისთვის. აქციის დროს გაიჟღერა დაგმობის, აღიარების და კომპენსაციის მოწოდებები, რომლებსაც ჰარმონიულად ავსებდენენ პატრიოტული ლექსები, სიმღერები, ცეკვები „ქოჩარი“ და „იახუშტა“ - როგორც ერის ერთიანობის და უძლეველობის დემონსტრირება. მიტინგმა ჩაიარა მშვიდობიან ატმოსფეროში, ცივილიზებულად, საზოგადოებრივი წესრიგის ყველა ნორმის დაცვით. მიტინგის ორგანიზატორებმა მადლობის სიტყვით მიმართეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის სამსახურს, რომელმაც პატივისცემით და გონივრულად უზრუნველყო თბილისელი სომხების მიტინგის მშვიდობიანი ჩატარება.
|