2018 წლის პირველ აპრილს, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს აღდგომის დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიის ბათუმის “სურბ ფრკიჩ“ ეკლესიაში აღინიშნა საღმრთო ლიტურგიით. ეკლესია სავსე იყო მორწმუნეებით. ყველა მოდიოდა სადღესასწაულო განწყობით, სააღდგომო ნობათით ლამაზად გაფორმებული კალათებით. ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის სულიერმა მოძღვარმა, ღირსმა მღვდელმა არარატ გუმბალიანმა აღავლინა საღმრთო ლიტურგია, რომელსაც ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ინგა შამილაშვილი, ბათუმში სომხეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ეღიშე სარგსიანი, სათვისტომოს მოღვაწეები, სტუმრები. საღმრთო ლიტურგიის შემდეგ სტუმრებმა გადაინაცვლეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის ბათუმის ალექსანდრე მანთაშიანცის სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ ცენტრში, სადაც მათ დახვდათ ცენტრის დირექტორი სონა ჰოვანისიანი. ცენტრის „სურბ მესროპ მაშტოც“ საკვირაო სკოლის სამმა კლასმა, მასწავლებლის, სათენიკ დანიელიანის ხელმძღვანელობით მოაწყო სააღდგომო ზეიმი, სააღდგომო ნობათით მორთულმა სუფრამ, მხატვრული ჯგუფების გამოსვლებმა ბათუმში დღე მხიარული და საზეიმო გახადეს. თეთრიწყაროსა და ბოლნისის რაიონების სომხური თემების სულიერი მოძღვარი, ღირსი მღვდელი ჰუსიკ ჰარუთუნიანი იესო ქრისტეს აღდგომის დღეს ეწვია მისი სამწყემსოს სომხურ სოფლებს. დილით მამა ჰუსიკი გაემგზავრა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ დაღეთ-ხაჩენში, „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესიაში დილის ღვთისმსახურება აღავლინა, ადგილობრივებს მიულოცა აღდგომის დღესასწაული და აკურთხა კვერცხები. ამ დღეს ღირსი მღვდელი ეწვია ასევე სამშვილდის „სურბ ფრკიჩ“ და შაუმიანის „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესიებს, მიულოცა მრევლს, ორივე სოფელში მოაწყო ნათლობა, წმინდა მირონი სცხო სოფლის სხვადასხვა ასაკის მცხოვრებლებს. მღვდელმა ჰუსიკ ჰარუთიუნიანმა სოფელ წითელის „სრბოც ავეტარანჩაც" ეკლესიაში საღამოს ღვთისმსახურება აღავლინა და სოფლის მცხოვრებლებს მიულოცა აღდგომის დღესასწაული. აღდგომის დღესასწაული საზეიმოდ და სადღესასწაულო განწყობით აღინიშნა ასევე ქალაქ რუსთავის „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ სასულიერო, კულტურულ და საგანმანათლებლო ცენტრში. ზეიმს ესწრებოდნენ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუბენ სადოიანი, საელჩოს დიპლომატები. ღონისძიებას თავისი კურთხეული დასწრებით პატივი დასდო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. რუსთავისა და მარნეულის რაიონის სომხების სულიერი მოძღვარი ღირსი მღვდელი ნარეკ ღუშჩიანი მიესალმა დამსწრეებს, მიულოცა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. შემდეგ ცენტრის აღსაზრდელებმა აღდგომის დღესასწაულს ღონისძიება მიუძღვნეს. საქართველოს სომეხთა ეპარქიის სომხებით დასახლებულ ყველა დასახლებაში ჩვენი უფლის იესო ქრისტეს დღესასწაული აღინიშნა ლამაზი ზეიმით და მოსახლეობის მაღალი განწყობით.
|