საბავშვო ბაღის უფროსი ჯგუფის გამოსაშვები ღონისძიება |
სიახლეები |
2017 წლის 27 ივნისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღის 2016-2017 სასწავლო წლის დასკვნითი ღონისძიება, რომელიც ასევე უფროსი ჯგუფის გამოსაშვები ზეიმი იყო. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს დიპლომატები, ეპარქიის მღვდელმსახურები, მრავალი სტუმარი, მშობლები, მოსწავლეები. ღონისძიებას თავიანთი დასწრებით პატივი დასდეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა და თბილისში სტუმრად მყოფმა ცენტრალურ ევროპაში საპატრიარქო დელეგაციის სკანდინავიის ქვეყნების სომხების სულიერმა მოძღვარმა არქიმანდრიტმა ეღიშე ავეტისიანმა. საზეიმოდ იყო მორთული დარბაზი, დღის განწყობის შესაბამისად. ზეიმი დაიწყო საბავშვო ბაღის აღსაზრდელების საუფლო ლოცვით და ეპარქიის წინამძღვრის კურთხევით. ღონისძიება გახსნა ეპარქიის განათლების განყოფილების დირექტორმა, „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღის გამგემ, ევგენია მარკოსიანმა. მან მადლობა გადაუხადა ეპარქიის წინამძღვარს საბავშვო დაწესებულების მიმართ ყურადღებისა და შეძლებისგვარად მხარდაჭერისთვის. ისაუბრა 17 კურსდამთავრებულზე, რომელთაგან 11 სწავლას გააგრძელებს დედაქალაქის სომხურ ენაზე სწავლებით სკოლებში. განსაკუთრებული იყო საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა გამოსვლა. მართლაც გაიზარდნენ უფროსი ჯგუფის ბავშვები, მათ წარმატება უსურვეს უმცროსჯგუფელებმა. მხიარულ ზეიმზე ლამაზ და გამართულ სომხურზე შესრულდა ლექსები და სიმღერები, რომლებიც გამსჭვალული იყო სიყვარულით სომეხთა ეკლესიის, დედაენის და დედა სამშობლოს მიმართ, რაც მათ ასწავლეს პატივცემულმა ევგენია მარკოსიანმა, მასწავლებლებმა ოქსანა შაროიანმა, მეტაქსია ღაზარიანმა, მარია აბულიანმა, ივანე მკრტჩიანმა. ეს იყო სომხური აღზრდის მიმართულებით შესრულებული დიდი სამუშაოს მოწმობა, რომელიც ასევე არის საგზური დიდ ცხოვრებაში, ეროვნული ცნობიერებით. ბავშვებს ახალ, უფრო საპასუხისმგებლო ცხოვრებაში შესვლა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის კონსულმა ელინა მკრტჩიანმა, "ჰაიარტუნ" ცენტრის დირექტორმა ლევონ ჩიდილიანმა. შორეული შვედეთიდან ჩამოსულმა არქიმანდრიტმა ეღიშემ ღონისძიებით მინიჭებული აღფრთოვანება გამოხატა მიღებული გადაწყვეტილებით - თავის თემში დააფუძნოს მსგავსი დაწესებულება. ზეიმი შეაჯამა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა, მადლიერება გამოუხატა საბავშვო ბაღის ხელმძღვანელობას, მასწავლებლებს, ძიძას, ყველა მშობელს. სამშობლოს ფარგლებს გარეთ სომხური ენის და სომხური სულისკვეთების შენარჩუნებას მეუფემ უწოდა ბრძოლა, რომლის დადებითი შედეგები შესამჩნევია თბილისში, ბათუმში, სომხებით დასახლებულ სხვა პუნქტებში. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ საბავშვო ბაღს ასევე უწოდა კულტურული გარემო, სადაც სხვა საგნების დაწყებით ცოდნასთან ერთად სიმღერით, ცეკვით და სხვადასხვა თამაშებით ბავშვი ითვისებს მშობლიურ კულტურას, მშობლიურ ენას, ეპარქიის წინამძღვარმა მადლობის სიტყვა უთხრა მშობლებს, ბავშვების აქ მოყვანისა და სომხური აღზრდის მიღებისათვის. ბოლოს ეპარქიის წინამძღვარმა და სტუმრად მყოფმა არქიმანდრიტმა ბავშვებს გადასცეს საბავშვო ბაღის დამთავრების მოწმობები, სამახსოვრო ალბომები და აკურთხეს ისინი. აღსაზრდელები თბილი ტაშით მიესალმნენ ქველმოქმედ ბორის სააკოვს, რომელიც შორეული ნოვოსიბირსკიდან სკაიპით ადევნებდა თვალყურს ბავშვების ზეიმს. 6-წლიანი ისტორიის მქონე საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღში ბავშვების დღე იწყება ლოცვით და სულიერი მამების კურთხევით, დიაკვანი გევორგ ანტონიანის საუბრით, მასწავლებლების გაკვეთილებით და თამაშებით. საბავშვო ბაღში ბავშვების აღზრდა მიმდინარეობს ზოგადი უნარების, წიგნიერების, ელემენტარული არითმეტიკის, მხატვრული სიტყვის და სულიერი ინფორმაციის მიწოდების მიმართულებით. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მხარდაჭერით ბავშვების საბავშვო ბაღში ყოფნის დრო გახანგრძლივდა და უზრუნველყოფილია ბავშვების ერთჯერადი კვება. |