1geo

fb you od

ახალქალაქში პატივი მიაგეს ანაჰიტ ბოსტანჯიანის ხსოვნას PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

20248288 13527354 

2017 წლის 20 ივლისს, საქართველოს კულტურის სამინისტროს "მრავალფეროვანი საქართველო" პროექტის ფარგლებში ჩატარებული კულტურული ღონისძიება მიეძღვნა უდროოდ გარდაცვლილი პოეტის, მწერლის, მთარგმნელის, ანაჰიტ ბოსტანჯიანის ხსოვნას. ღონისძიება ჩატარდა გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის მხარდაჭერით, მეორე წელია ღონისძიება ახალქალაქში ტარდება.

ხსოვნის საღამოს ესწრებოდნენ ახალქალაქის რაიონის გამგებელი ედუარდ აღასარიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ჰამლეტ მოვსისიანი, საქართველოს სომეხთა ეპარქიის სულიერი მამები, მღვდელი ტათევ მარუქიანი და მღვდელი არმაშ პოღოსიანი.

ღონისძიება გახსნა პროექტის კოორდინატორმა და ღონისძიების წამყვანმა ალექსანდრე გრიგალაშვილმა, მან აღნიშნა, რომ შარშანდელი ღონისძიების სულისჩამდგმელი იყო ანაჰიტ ბოსტანჯიანი, თავისი ცეცხლოვანი სიტყვით, სომხურ-ქართული მეგობრობის, კერძოდ ლიტერატურული კავშირების და მათ დაახლოებას მიძღვნილი გამოსვლით. ნაჩვენები იქნა ფილმი ანაჰიტ ბოსტანჯიანის შესახებ.

კულტურის სახლის ფოიეში წარმოდგენილი იყო ანაჰიტ ბოსტანჯიანის ლექსების კრებულები, თარგმანები, „კამურჯ“ წელიწდეულის სხვადასხვა ნომრები, გამოფენილი იყო ასევე ადგილობრივი „მომავლის სახლი“ ცენტრის აღსაზრდელთა ხელნაკეთი ნამუშევრები.

უდროოდ გარდაცვლილი პოეტის შემოქმედების, თარგმანების, გამოცემების და ახალგაზრდა თაობასთან ჩატარებული სამუშაოს შესახებ სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს სომეხ მწერალთა „ვერნატუნ“ კავშირის თავმჯდომარე ჟორა სნხჩიანი, საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორი ლევონ ჩიდილიანი, ფოტოგრაფი იური მეჩითოვი და სხვ. ნიჭიერი პოეტისადმი მიძღვნილი თავისი ლექსი წაიკითხა გევორგ ჰაიასამ.

ღონისძიება გაგრძელდა კონცერტით, რომელიც თავისი ელფერით და მრავალფეროვნებით ნამდვილად შეესაბამებოდა ღონისძიებას. ხსოვნის საღამოში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის დუდუკის ჯგუფის მასწავლებელმა ივანე მკრტჩიანმა, დოლის ჯგუფის მასწავლებელმა რობერტ კაშავანიძემ, სოლისტმა ანა ბადალიანმა, მუსიკალური გაფორმების პასუხისმგებელმა სერგო ჰარუთუნიანმა. ასევე გამოვიდნენ ადგილობრივი პიანისტები ანაჰიტ სტელმაშოვა და კარინე კაზანჯიანი, მედუდუკე ტიგრან მღდესიანი, ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიის „მომავლის სახლი“ და ნინოწმინდის "რაფაელ ჯავახ" ცენტრების აღსაზრდელები. ლევონ ჩიდილიანმა და მაია დეისაძემ სომხურად და ქართულად წაიკითხეს ანაჰიტ ბოსტანჯიანის ნაწარმოებები. პოეტის შვილიშვილმა ანი თოროსიანმა შეასრულა ბებიამისის სიტყვებით შექმნილი კახა ცაბაძის სიმღერა „ძველ თბილისში“. ღონისძიების დასასრულს მოსწავლეთა ერთ ჯგუფს საჩუქრად გადაეცა წიგნები, სასწავლო წლის განმავლობაში გამორჩეული მოსწრებისთვის.

მეორე დღეს "ჰაიარტუნ" ცენტრის ჯგუფი, ხელმძღვანელების თანხლებით, ეწვია ნინოწმინდის "სურბ სარგის" ეკლესიას და „რაფაელ ჯავახ“ ცენტრს, რომლის ბიბლიოთეკას გადასცეს ანაჰიტ ბოსტანჯინის ქალიშვილების მიერ ცენტრისთვის ნაჩუქი ლიტერატურა.

1 2 3 4 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)