მომლოცველობა სომხეთის წმინდა ადგილებისკენ |
სიახლეები |
საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილების ინიციატივით და ეპარქიის საეპისკოპოსოს მხარდაჭერით, 2017 წლის 20 მაისს, მოეწყო თბილისელი სომეხი მორწმუნეების ერთდღიანი მომლოცველობა სომხეთის წმინდა ადგილებში - ჰაღარწინსა და გოშავანქში. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის ლოცვა-კურთხევით, 90 თბილისელი სომეხი მორწმუნე, მღვდელ მანუკ ზეინალიანის და დიაკვან გევორგ ანტონიანის წინამძღოლობით, და საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილების დირექტორის, ვალერი ბადალიანის და პროგრამების კოორდინატორის, ნინა სეროპოვას, ხელმძღვანელობით, თბილისის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიიდან მიკროავტობუსებით მოსალოცად გაემგზავრნენ სომხეთის რესპუბლიკის ტავუშის რეგიონის წმინდა ადგილებისკენ. მიუხედავად კოკისპირული წვიმისა და ცივი ამინდისა, მომლოცველები კარგ განწყობაზე იყვნენ და მზად მოსალოცად და საეკლესიო რიტუალებისთვის. მომლოცველთა პირველი გაჩერება იყო მე -10 საუკუნის ჰაღარწინის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც მე -13 საუკუნეში ასევე იყო საგანმანათლებლო და კვლევის ცენტრი. მომლოცველებმა სანთლები დაანთეს და ლოცვა აღავლინეს უძველეს მონასტერში და ყოვლისშემძლე ღმერთს მფარველობა სთხოვეს. ღირსეულმა მღვდელმა მანუკ ზეინალიანმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა ეკლესიაში. მწირველმა მღვდელმა სათანადოდ იქადაგა მომლოცველობის, ლოცვისა და ზიარების საიდუმლოების როლსა და მნიშვნელობაზე, რამაც მორწმუნეებს შეუქმნა სანუკვარი მომლოცველობის და სასულიერო ცერემონიებში მონაწილეობის საჭიროება. შემდეგ დიდი ინტერესით დაათვალიერეს „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ და „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესიები და სატრაპეზო, მონასტრის ტერიტორიაზე განლაგებული სამლოცველოები - კლდეების კალთებზე, ასევე შეიტყვეს, რომ ჰაღარწინის მონასტრის რეკონსტრუქცია ჩატარდა სრულიად სომეხთა ფონდის და სულთან ბენ მოჰამმად ალ ქასიმ შეიხის დახმარებით. ზიარების მიღების შემდეგ და სულიერად განწმენდილებმა მომლოცველებმა განაგრძეს ღვთისმოსავი მოგზაურობა ტავუშის რეგიონის სხვა წმინდა ადგილებში. მათ ასევე მოინახულეს სოფელ გოშში, მდინარე გეტიკის ნაპირზე მდებარე 12-13 საუკუნეების სამონასტრო კომპლექსი, რომელიც იყო თავისი დროის ერთ-ერთი რელიგიური, საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრი. მორწმუნეებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ მიწისძვრის შედეგად დანგრეული გეტიკის მონასტრის ადგილას, 1188 წელს ივანე ზაქარიანის მხარდაჭერით, ნორ გეტიკის მონასტერი დააარსა გამოჩენილმა მეცნიერმა, კანონმდებელმა, თეოლოგმა, მეიგავემ, განმანათლებელმა მხითარ გოშმა, ვისი გარდაცვალების შემდეგაც (1213), მონასტერს მისი სახელი უწოდეს - გოშავანქი. მომლოცველებმა აქაც დაანთეს სანთლები და ლოცვა აღავლინეს. მიუხედავად იმისა, რომ მომლოცველები სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები იყვნენ - 5-დან 80 წლამდე, ღმერთთან კავშირის დამყარების და სულიერად გარდაქმნის სურვილმა წაშალა მათ შორის არსებული ასაკობრივი ზღვარი, ყველას დიდსაც და პატარასაც მოემატა ძალ-ღონე, ყველგან დიდი სიყვარულით ილოცეს და უფალს სთხოვეს მათი გულის წადილის აღსრულება. წარუშლელი შთაბეჭდილებებით და სურვილების აღსრულების მოლოდინით გვიან საღამოს მომლოცველები დაბრუნდნენ თბილისში. |