სომეხი ახალგაზრდების გაცნობითი ვიზიტი ქართულ სასულიერო ტაძრებში |
სიახლეები |
მომლოცველობა და გაცნობითი ვიზიტები სხვადასხვა ისტორიულ და სასულიერო ადგილებში საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდული განყოფილების საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში მცხოვრები სომეხი ახალგაზრდებისათვის როგორც დედა სამშობლოს, ასევე საქართველოს ისტორიულ- კულტურული და სულიერი ფასეულობების გაცნობას. 2017 წლის 14 მარტს, დილით ადრე, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის განყოფილების ინიციატივით, 30-მდე სომეხი ახალგაზრდისგან შემდგარი ჯგუფი გაცნობითი ვიზიტით გაემგზავრა შიდა ქართლში. ვიზიტი განხორციელდა განყოფილების დირექტორის, ვაელერი ბადალიანის, ხელმძღვანელობით და პროგრამების კოორდინატორის, ნინა სეროპოვასა და ოპერატორ-ფოტოგრაფ გევორგ პოღოსოვის თანხლებით. გაცნობითი ვიზიტის მორიგი მიმართულება შიდა ქართლის რეგიონის წმინდა ადგილები იყო. პირველი გაჩერება იყო შუა საუკუნეების ჯვარ-გუმბათოვანი სამთავისის ტაძარი. სომეხმა ახალგაზრდებმა დაათვალიერეს უძველესი ტაძრის არქიტექტურული სილამაზე, სანთლები დაანთეს საქართველოს ერთ-ერთ პირველ ქრისტიანულ ტაძარში. გაიგეს, რომ ვახტანგ გორგასლის მეფობის პერიოდში აგებული ეკლესიის ადგილას 10-11 საუკუნეებში აშენდა შედარებით პატარა ზომის ეს ტაძარი და 2004 წლიდან სამთავისის კომპლექსი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში. სომეხი ახალგაზრდების ექსკურსია გაგრძელდა ატენის სიონში. აქ მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ მხოლოდ გარედან დაეთვალიერებინათ ეკლესია. მართალია, გაცნობითი ვიზიტი ერთდღიანი იყო, მაგრამ ეს იყო ძალზედ საინტერესო და ინფორმაციული დღე. შემდეგი ტაძარი უფლისციხე იყო, რომელიც მდებარეობს გორიდან 10 კილომეტრის დაშორებით. საქართველოს კლდეში ნაკვეთ სამ მსხვილ ძირითად კომპლექსთაგან (დავით გარეჯი, ვარძია და უფლისციხე) უძველესი უფლისციხეა. ეს უძველესი დროიდან ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი ნაგებობაა - უძველესი დროის ქალაქი, რომელიც მოგვიანებით გახდა შიდა ქართლის მეფის (უფლის) ციხე-სიმაგრე. ახალგაზრდებმა სანთლები დაანთეს ეკლესიაში და წაიკითხეს საფლავის ქვების წარწერები. შემეცნებითი ვიზიტი დასრულდა სურბ ნშან სომხურ ჩამონგრეულ ეკლესიასთან, ეკლესია ღია არ იყო. ახალგაზრდებმა მხოლოდ გარედან იხილეს კლდეში ნაშენი სომხური ეკლესია, რომლის სახელწოდება ფონეტიკური შეცვლილი ფორმითაა (სურბ ნშან, სურბ ნიშანი, შუბ ნიშანი) დაცული მოსახლეობაში და დასტურდება, რომ ეკლესია სომხურია. ახალგაზრდები თბილისში დაბრუნდნენ მდიდარი შთაბეჭდილებებით და საინტერესო ინფორმაციით. ეს დღე ახალგაზრდებისთვის ასევე იყო ბუნების წიაღში გატარებული დაუვიწყარი დღე. მსგავსი ტურები გაიმართება შემდგომშიც და მოიცავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონების ისტორიულ-კულტურულ და სასულიერო ღირსშესანიშნაობებს. |