1geo

fb you od

ხელახლა აკურთხეს ახალქალაქის რაიონის სოფელ ვაჩიანის „სურბ სიონ“ ეკლესია PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

Vachiani 

2016 წლის 23 ოქტომბერს,  სომეხთა   სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის     „წმინდა ჯვრის აღმოჩენის“ სადღესასწაულო დღეს,  საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა   ხელახლა აკურთხა ახალქალაქის რაიონის სოფელ ვაჩიანის „სურბ სიონ“ ეკლესია. სოფელ ვაჩიანის „სურბ სიონ“ ეკლესია    საქართველოს სომეხთა ეპარქიის  56-ე მოქმედი ეკლესიაა.

„სურბ სიონ“  ეკლესია აშენებულია 1830-იან წლებში,   როდესაც ვაჩიანში დამკვიდრდნენ  კარინის  პროვინციის სოფელ თვანჯიდან ჯავახეთში გადმოსახლებული სომხები.   მე -19 საუკუნის ბოლოს ეკლესია არის მოხსენიებული როგორც საკმაოდ ლამაზი, ახლად აშენებული ეკლესია, მაგრამ 1914 წელს უკვე დაენგრა სახურავი,    საბჭოთა ეპოქაში კი - ჩამოინგრა.  

1990-იანი წლებიდან მოყოლებული, სოფლის მოსახლეობამ დაიწყო ეკლესიის  აღდგენის სამუშაოები. აშენდა სამრეკლო,  ეკლესიის ბაზილიკური შენობა გადაიქცა გუმბათოვან ეკლესიად, კეთილმოეწყო მიმდებარე ტერიტორია.რეკონსტრუქციის სამუშაოებს    დიდად შეუწყვეს ხელი   რუსეთის ფედერაციაში მცხოვრებმა ვაჩიანელებმა.

ეკლესიის კურთხევის მიზნით ეპარქიის წინამძღვრის ხელმძღვანელობით ვაჩიანში ჩასულ  დელეგაციას სოფლისკენ მიმავალ გზაზე პურით და მარილით შეეგებნენ ეროვნული სამოსით გამოწყობილი ახალგაზრდა ვაჩიანელები და გაუძღვნენ „სურბ სიონ“ ეკლესიისკენ.  წმინდა ცერემონიის დაწყებამდე,  სულიერი ლიდერი მიესალმა ყველას და მამობრივი კურთხევა გადასცა ქველმოქმედებს, ხელოსნებს, ეკლესიის მშენებლობაზე მომუშავე ყველა პირს.  თავის გამოსვლაში მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ხაზი გაუსვა   ეკლესიის როლს, განსაკუთრებით სომხეთის საზღვრებს გარეთ  მცხოვრები სომხებისთვის, ასევე დამსწრეებს გააცნო ეკლესიის ხელახალი კურთხევის რიტუალი. შემდეგ  ეპარქიის წინამძღვარმა ხელახლა აკურთხა ეკლესიის   16 სვეტი, მოსანათლი აუზი, წმიდა საკურთხეველი, ხატები. რიტუალის შესრულებაში მონაწილეობდნენ  სამცხე-ჯავახეთისა და წალკის  საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსი არქიმანდრიტი ბაბგენ სალბიანი, ეპარქიის წინამძღვრის თანაშემწე, არქიმანდრიტი ხორენ ჰოვანისიანი,  ეპარქიის სამღვდელოება.   ცერემონიალის დასრულების შემდეგ, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ვაჩიანელებს გადასცა თბილისიდან ჩატანილი    ხატი,  რომელიც ამიერიდან ყოველთვის  „სურბ სიონ“ ეკლესიაში იქნება.   ახლად ნაკურთხ  ეკლესიაში პირველი საღმრთო ლიტურგია აღავლინა ახალქალაქისა   და მიმდებარე სოფლების სულიერმა მოძღვარმა ღირსეულმა მღვდელმა ტათევ მარუქიანმა. საღმრთო ლიტურგიის შემდეგ შესრულდა ეკლესიის ეზოში აღმართული    სომეხთა გენოციდის წმიდა მოწამეთა ხსოვნის ხაჩქარ-მემორიალის კურთხევის ცერემონია, რის შემდეგაც  მოხდა  ტრადიციული შეწირული მსხვერპლის კურთხევა, შემდეგ ადგილობრივი კულტურის სახლის წარმომადგენლების ორგანიზებული კონცერტი გაიმართა.  

საზეიმო ცერემონიას ესწრებოდნენ  საქართველოს პარლამენტის დეპუტატები სამველ პეტროსიანი, ჰენზელ მკოიანი,    ახლად არჩეული პარლამენტის წევრი სამველ მანუკიანი, სომხეთის ეროვნული ასამბლეის წევრები,      ჯავახეთში დაბადებული  ვარდან აივაზიანი და ტაჭატ ვარდაპეტიანი,  ჯავახეთის მხარდაჭერის ფონდის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე სოს საჰაკიანი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს  წარმომადგენლები, ეპარქიის საეპისკოპოსოს თანამშრომლები, სტუმრები    საქართველოს სხვადასხვა რაიონებიდან  და რუსეთის ფედერაციიდან.

ვაჩიანელების ათწლეულების სანუკვარი ოცნება - სოფლის ეკლესიის აღდგენა,  რეალობად იქცა.

1 2 3 4 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)