1geo

fb you od

კონფერენცია თემაზე "ინტერრელიგიური დიალოგი მშვიდობისათვის“ PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

4128IMG 7692
 

2016 წლის 25 ივლისს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით, გაიმართა კონფერენცია თემაზე: „ინტერრელიგიური დიალოგი მშვიდობისათვის“. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის წევრებმა, დიპლომატიური კორპუსის, რელიგიის სააგენტოს პარტნიორი უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებმა.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის კურთხევით, ეპარქიის წინამძღვრის თანაშემწის, არქიმანდრიტ ხორენ ჰოვანისიანის თანხლებით, კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ეპარქიის სამართლებრივ საკითხთა და თანამშრომლობის განყოფილების დირექტორმა მიქაელ ავაგიანმა და საქართველოში სომხურ სულიერ ღირებულებათა კვლევის განყოფილების ხელმძღვანელმა დიანა ტერ-ბაღდასაროვამ.

კონფერენცია გახსნა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ, ისაუბრა მსოფლიოში რელიგიურ ნიადაგზე არსებულ კონფლიქტებზე და ხაზი გაუსვა სხვადასხვა რელიგებს შორის დიალოგის მნიშვნელობას მშვიდობიანი და ტოლერანტული თანაცხოვრებისათვის.

კონფერენციაზე გამოვიდნენ სხვადასხვა თემების წარმომადგენლები. ყველა გამომსვლელმა ხაზი გაუსვა რელიგიურ თემებს შორის ურთიერთობების განვითარებას, როგორც მშვიდობის დამყარების აუცილებელ პირობას და ახალგაზრდებისთვის რელიგიის სწავლებას და სიყვარულისა და პატივისცემის დანერგვას საზოგადოებაში.

სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის თანაშემწემ, არქიმანდრიტმა ხორენ ჰოვანისიანმა გამოსვლაში თქვა: "ჩვენ ვალდებულნი ვართ, უკეთესი საქართელოსთვის და უკეთესი მსოფლიოსთვის, არა უარვყოთ და არასათანადოდ დავაფასოთ სხვა ეროვნების ან სხვა რელიგიის წარმომადგენლები და უმცირესობები მათი განსხვავებულობის გამო, არამედ ვალდებულნი ვართ, პატივი ვცეთ და მივიღოთ ისინი ისე, როგორებიც არიან. ჩვენი განსხვავებულობა და არაერთგვაროვნება არ გვაშორებს, არამედ გვამშვენებს. წმიდა წიგნი გადმოგვცემს შემდეგს: „გიყვარდეთ ერთმანეთი“, ის არ გვასწავლის, რომ გვიყვარდეს კონკრეტულად ებრაელი, ქრისტიანი, მუსლიმი ან სხვა რელიგიის თუ ეროვნების წარმომადგენელი, არამედ ამბობს: გიყვარდეთ ერთმანეთი, ანუ ყველა. ჩვენი სილამაზე ჩვენს მრავალფეროვნებაშია“.

არქიმანდრიტმა ხორენ ჰოვანისიანმა გამოსვლა დაასრულა საქართველოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შესახებ შემდეგი სიტყვით: "საქართველოს დღევანდელ რეალობაში დიდ ნაკლად მიგვაჩნია ის, რომ ტელეარხები ხშირად თავს არიდებენ უმცირესობათა მნიშვნელოვანი დღესასწაულებისა და ღონისძიებების გაშუქებას, რის გამოც ქართული საზოგადოება ხშირად ინფორმირებული არ არის მის გვერდით მცხოვრები უმცირესობების შესახებ. სხვა ქვეყნების მაგალითების გათვალისწინებით, გვწამს, რომ ტელეარხების მიერ უმცირესობებისთვის უფრო მეტი პლატფორმისა და დროის გამოყოფა ხელს შეუწყობს, რომ საქართველოს მცხოვრებლებმა ერთმანეთი უკეთესად გავიცნოთ, უფრო მეტად გავუგოთ ერთმანეთს და მივიღოთ ერთმანეთი.

სომეხთა კათოლიკოსი ნერსეს შნორალი (მე-12 საუკუნე) თავის ნაშრომში „წერილი მრწამსის აღიარებისა“ წერს შემდეგს: „ერთობა მთავარ საკითხებში, თავისუფლება მეორეხარისხოვანში და სიყვარული ყველაფერში“. რვაასი წლის წინ გამოთქმული ეს ბრძნული აზრი დღესაც აქტუალურია.

ღმერთმა დალოცოს საქართველო და მრავალეთნიკურ საქართველოში მცხოვრები ხალხები“.

კონფერენციის მონაწილეებმა მიიღეს დეკლარაცია, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოს რელიგიური თემების წარმომადგენლებმა. კონფერენციის მუშაობა შეაჯამა საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ.

5405IMG
 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)