1geo

fb you od

სრულიად სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ მეორის მიერ აღესრულა „სურბ გევორგის“ საკათედრო ტაძრის ხელახალი კურთხევა PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

St Gevorg 

2015 წლის 31 ოქტომბერს, თბილისში სრულიად სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ მეორის მიერ აღესრულა „სურბ გევორგის“ საკათედრო ტაძრის ხელახალი კურთხევის წესი, რომელსაც ესწრებოდნენ სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი, მეუღლესთან ერთად, ეკლესიის რესტავრაციის ფონდის დონორები და შემომწირველები, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის მაღალი თანამდებობის პირები, პარლამენტის და ეროვნული ასამბლეის დეპუტატები, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ხელმძღვანელები, საქართველოში აკრედიტებული უცხოელი დიპლომატები, საქართველოში მოქმედი რელიგიური თემების ლიდერები.

რუსეთის და ახალი ნახიჩევანის სომეხთა ეპარქიის წინამძღრის, მის ყოვლადუსამღვდელოესობა მთავარეპისკოპოს ეზრას ნერსისიანის, მის ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანის, მთავარ საკათედრო წმიდა ეჯმიაწინის კანცელარიის უფროსის, მის ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოს არშაკ ხაჩატრიანის, მთავარ საკათედრო წმიდა ეჯმიაწინის კანდელაკთა უფროსის, მის ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოს ჰოვნან ჰაკობიანის და მთავარ საკათედრო წმიდა ეჯმიაწინის ქრისტიანული აღზრდის ცენტრის დირექტორის, მის ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოს ვარდან ნავასარდიანის მიერ აღესრულა ეკლესიის საკურთხეველის სვეტების, ნათლობის აუზის და საკურთხეველის კურთხევა.

სავალალო მდგომარეობაში მყოფი უძველესი ტაძრის სომხური სათვისტომოსთვის დაბრუნების კეთილშობილური საქმე 2012 წელს წამოიწყო "სომხეთის განვითარების ინიციატივების“(IDEA) ფონდმა, ერის ღირსეული შვილის, ცნობილი ქველმოქმედის და მისი მეუღლის ვერონიკა ზონაბენდის ხელმძღვანელობით, სრულიად სომეხთა კათოლიკოსის ლოცვა-კურთხევითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით.

ეკლესიის აღდგენით სამუშაოებში ჩართულნი იყვნენ როგორც სომეხი, ასევე ქართველი სპეციალისტები - არქიტექტორ-რესტავრატორი ანატოლი სოლომნიშვილი, რესტავრატორ-მშენებელი ზურაბ გაჩეჩილაძე, სომხეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს უფროსი რესტავრატორი, მონუმენტური ფერწერის რესტავრაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი არჟანიკ ჰოვანისიანი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის ტექნიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი ოთარ ჩაკვეტაძე, ასევე სპეციალისტები მთავარ საკათედრო ტაძრიდან წმიდა ეჯმიაწინიდან, მატენადარანიდან.

ეკლესიის კურთხევის წესის დასრულების შემდეგ, სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა ისაუბრა სურბ გევორგის, როგორც სასულიერო, კულტურული და განათლების ცენტრის, როლზე საქართველოს სომხური სათვისტომოს ცხოვრებაში და მადლიერების სიტყვით მიმართა ქველმოქმედებს, დამპროექტებლებს, რესტავრატორებს და ყველა მშენებელს. სომეხთა კათოლიკოსმა სომეხთა ეკლესიის მაღალი ჯილდოები - სურბ გრიგორ ლუსავორიჩ ორდენი გადასცა შემომწირველებს - ალბერტ ავდოლიანს, სერგეი სარკისოვს და ბიძინა ივანიშვილს, სურბ ნერსეს შნორჰალი ორდენი მიიღეს კონსტანტინ მარგარიანმა, ანდრეი მკრტჩიანმა, ბორის ნაჰაპეტიანმა, უწმინდესის საპატრიარქო ლოცვა-კურთხევა დაიმსახურეს რუბენ ვარდანიანმა და დანილ ხაჩატუროვმა. პატრიარქის ლოცვა-კურთხევის წერილი გადაეცათ ართურ ამირხანიანს, არამაის კანანოვს, ირინა კონდრატოვას, ელეონორა მალხასიანს, არმან ჯილავიანს, ედგარ მანუკიანს, დავით დავიდიანცს, არმინე ღაზარიანს.

შემდეგ ეკლესიის ეზოში საზეიმოდ გაიხსნა რეკონსტრუქციის პროგრამის ქველმოქმედთა სახელებით კედელი.

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, კათოლიკოსმა და მათი თახმხლები დელეგაციის წევრებმა, ასევე სტუმრებმა დაათვალიერეს გარემონტებული საეპისკოპოსო, ეკლესიის კეთილმოწყობილი ეზო და ტერიტორია. მოისმინეს ქველმოქმედთა საპროექტო გეგმების, სამომავალო პროგრამების შესახებ.

ხელახალ კურთხევასთან დაკავშირებით, სომეხთა კათოლიკოსმა ეკლესიას აჩუქა მინიატურურული ნამუშევარი, სრ პრეზიდენტმა - ნოხი, მერგერიან ნოხების ვასპურაკანის კოლექციიდან. მადლიერების ნიშნად, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა, ქველმოქმედების და სასულიერო დასის სახელით სომეხთა კათოლიკოსს აჩუქა ჰოვნათანიანების ერთ-ერთი ნამუშევარი.

მორწმუნეებით სავსე ახლად ნაკურთხ ეკლესიაში პირველი საღმრთო ლიტურგია აღავლინა დეკანოზმა ეღიშე ჰარუთიუნიანმა.

ტაძრის ხელახალ კურთხევასა და გახსნასთან დაკავშირებით გაიმართა მიღება. სადილის დროს ნაჩვენები იქნა სურბ გევორგის წარსულისა და მომავლის შესახებ ვიდეოფილმი, რის შემდეგ ქველმოქმედებს და შემომწირველებს მადლიერების სიტყვით მიმართა რუბენ ვარდანიანმა.

ოფიციალური სადილის დროს მისასალმებელი და მადლიერების, ასევე შესრულებული სამუშაოების შესახებ სიტყვით გამოვიდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი.
თქვენო უწმინდესობავ,
თქვენო აღმატებულებავ, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტო, ბატონო სერჟ სარგისიან,
სულიერო ძმებო, ღრმად პატივცემულო დონორებო, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის დიპლომატებო, დებო და ძმებო.
საღამოს ღვთისმსახურების შემდეგ ან ზოგჯერ „ხოკუმის“ რიტუალის შემდეგ, როცა სურბ გევორგის ეკლესიაში დუმილია, ტაძარი ივსება საგალობლების და ზეციური მელოდიების ანგელოზური ბგერებით. ისმის: "უფალო შეგვიწყალე", "წმიდა არს, წმიდა", "არავოტ ლუსო", რომლებიც მიმართულია ქრისტიანული ხელუხლებელი რწმენის სათავეებისკენ. ჩვენთვის ეს სულიერი მოვლენა რჩება იდუმალებაში, მაგრამ, როდესაც ეკლესიაში დაიწყო აღდგენითი სამუშაოები, წმინდა მესროპ მაშტოცის, ნარეკაცის, შნორჰალის ლექსებმა და საგანძურმა უფრო ხმამაღლად გაიჟღერა. და ყოველ ჯერზე, როდესაც საღებავისა და თაბაშირის სქელი ფენების ქვეშიდან აღმოჩნდებოდა, იხსნებოდა და აღდგებოდა ხოლმე მრავალსაუკუნოვანი ფრესკები, სურათი უფრო ნათელი ხდებოდა. სომეხი ოსტატების მიერ გამოსახული მაღალი გემოვნებით შემკული ბიბლიური და საერთო ქრისტიანული წმინდანები ნათელს ხდიდნენ ამ სიმფონიის საიდუმლოს, მართლაც, სულიერი მელოდიურობა ისმოდა ბათქაშისა და საღებავების ქვეშ მოქცეული ფრესკებიდან, თითქოს რესტავრატორ-ოსტატებს ხიბლავდნენ, რომ გადაერჩინათ ისინი, და შემდეგ, მორწმუნეთა ლოცვის მოსმენით, გადაერჩინათ ადამიანთა სულები.

დღეს რეალობად იქცა საქართველოს სომხობის, კერძოდ, თბილისელი სომხების ოცნება. ათეული წლების ლოდინის შემდეგ, ხალხის ვედრებათა ამახდენელი სურბ გევორგის ეკლესიამ თავისი პომპეზობით გაუხსნა კარი მორწმუნეებს. წლების წინ, როდესაც თბილისში დაიწყო დიდი ქართველი მეფის, ვახტანგ გორგასლის, მოედნის რეკონსტრუქციის პროგრამა, აშკარა იყო, რომ პანორამას აკლდა ერთი მნიშვნელოვანი სამკაული. და აი, აღდგენილი სურბ გევორგის ეკლესია გახდა სამეფო მეიდანის ბეჭდის მარგალიტი, რომელმაც გაამთლიანა სურათი. ის კვლავ გახდა თბილისის უძველესი არქიტექტურის სიმფონიის ერთი ნაწილი და ის რელიგიური მრავალფეროვნება შეავსო, რომელიც არსებობს ძველი თბილისის იმ ნაწილში.

ისრაელის ყოფილი პრეზიდენტის, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატის შიმონ პერესის სიტყვა, ოცნებისა და ისრაელის სახელმწიფოს გარდაქმნის შესახებ ზუსტად შეესაბამება თბილისის სომხობას. დიახ, ჩვენ ვოცნებობდით სურბ გევორგის დიდების აღდგენის შესახებ, მაგრამ ჩვენც, როგორც იმ დღეების ებრაელებს, არ გვქონდა არც ფინანსური სახსრები, და არც სხვა შესაძლებლობები, და მხოლოდ ჩვენი მუშაობისა და ძიების შედეგად მივაღწიეთ შედეგს. იმედი რწმენით გავიძლიერეთ, უფრო გულმოდგინედ ვილოცეთ და ვეძიეთ ღმერთი და, როდესაც სურბ გევორგის ეკლესიის გუმბათში მამა ღმერთის სახე გამოჩნდა, იქ ერთი წარწერა ვიხილეთ: „ღმერთმა ზეციდან ხალხს გადმოხედა, რათა მათ შორის ეპოვა ბრძენი ერთი, ვინც ეძებდა ღმერთს“და ეს გახდა ჩვენი კრედო, ღმერთის ძიების დროს, აღგვედგინა ადამიანის გულის დანგრეული ტაძრები, იქ დაგვესახლებინა ღმერთი და შესაძლებლობა მიგვეცა გაბზარული და აღდგენილი ადამინური სულისა და გულისთვის ემოქმედა ბრძნულად. მართლაც, ჩვენი ღვთისმოსავი მფარველების ძალისხმევა გახდა პასუხი ჩვენი მამების ღმერთისადმი, რომ სამყაროში ჯერ ისევ არსებობენ ბრძენი ადამიანები, ვინც არა მხოლოდ ეძებენ, არამედ მათ უყვართ ღმერთი. იმის ნაცვლად, რომ სასახლეები აიშენონ, ღვთის სახლს აშენებენ, აღადგენენ, ზრუნავენ, ვინაიდან დიდება ღვთისაა.

ჩვენი ღვთისმოსავი მეგობრების, ეპარქიის სამღვდელოების, ოფიციალური პირების და გამოცდილი პროფესიონალების წყალობით, დღითიდღე რეალობად იქცა ჩვენი ოცნებები და ხედვები.

საქართველოს სომეხთა უძველესი ეპარქიის მორწმუნეების სახელით ჩვენს სიყვარულსა და მადლიერებას გამოვუხატავთ ყველასათვის საყვარელ და პატივცემულ რუბენ ვარდანიანსა და მის მეუღლეს - ვერონიკა ზონაბენდინს, თბილისის სომხობის გვერდით დგომის, სიძნელის ჟამს ხელის გაწვდომის და მხარდაჭერისა და ოჯახის წევრივით მხარში ამოდგომისთვის.

ჩვენი განსაკუთრებული პატივისცემა და მადლიერება ალბერტ ავდოლიანს, სერგეი სარკისოვს, კონსტანტინე მარკარიანს, ანდრეი მკრტიჩიანს, ბორის ნაჰაპეტიანს და მათი ოჯახის წევრებს, ვინც ირწმუნა რუბენ ვარდანიანის ხედვა, და დაინახა რა თბილისის სომხობის მზაობა, მხარში ამოუდგნენ ამ ღვთისმოსავ პროგრამას და როგორც სანუკვარი საგანძური, ხალხს უბოძეს ტაძარი და მათ დიდი სიხარული და სულიერი ბედნიერება მიანიჭეს.

სურბ გევორგის ეკლესიის რესტავრაციის პროგრამა გახდა სომეხი და ქართველი ძმა-ხალხების ერთობლივად განხორციელებული პროგრამა, რომელშიც თავისი გულწრფელი წვლილი შეიტანა საქართველოს სახელმწიფო, საზოგადო და პოლიტიკურმა მოღვაწემ, უბრალოდ კეთილი გულის ადამიანმა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც თავისი შემოწირულობით შეუერთდა თავის სომეხ ძმებს. ეკლესიის აღდგენის პროექტი ოთარ ჭანკვეტაძის ხელმძღვანელობით მოამზადეს ქართველმა სპეციალისტებმა. სამშენებლო და სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩატარდა ქართველ მშენებელ-ოსტატების და არქიტექტორების მიერ, ანატოლი სოლომნიშვილისა და ზურაბ გაჩეჩილაძის ხელმძღვანელობით. ფრესკების აღდგენა კი ჩატარდა სომხეთიდან ჩამოსული გამოცდილი სპეციალისტების მიერ, არჟანიკ ჰოვანისიანის ხელმძღვანელობით. მათ სამი წლის უწყვეტი მუშაობის შედეგად სასწაულები მოახდინეს. ფრესკების აღდგენითი სამუშაოები ძალიან ჰგავდა სამშობლოსთვის დაჭრილი მამაცი ჯარისკაცის ჭრილობების დამუშავების, მოვლისა და გამოჯანმრთელების წმინდა საქმეს.

სამი წლის განმავლობაში სურბ გევორგის ეზოში ერთმანეთში იყო შეზავებული სომხური, ქართული, რუსული ენები. ეს ყველაფერი წინაპრების მოწოდების, ერთგული ხალხების ძმობისა და მეგობრობის ცოცხალი, სამაგალითო ნიმუშია მომავალი თაობებისთვისაც. და დღეს სომხეთისა და საქართველოს უმაღლესი ხელმძღვანელობის აქ ყოფნაც ამის ნათელი დასტურია. საქართველოს სომხური სათვისტომოსთვის სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სერჟ სარგისიანის და სომხური ელიტის აქ ყოფნა ნუგეშია და ბედნიერება. სომხეთის ფარგლებს გარეთ მცხოვრები სომხობისთვის ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. საქართველოს სომხები მუდმივად გრძნობენ დედა-სამშობლოს მხარდაჭერას განათლების, კულტურისა და სხვა სფეროებში. საქართველოს სომხების სახელით ჩვენს სიყვარულსა და პატივისცემას გამოვუხატავთ საქართველოს ხელისუფლების და მთავრობის წარმომადგენლებს. ბოლო წლებში საქართველოს სომეხთა ეპარქია გრძნობს საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერას და იმედი აქვს, რომ თანდათანობით მოგვარდება საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ჩვენი ეკლესიების ეპარქიისათვის დაბრუნების საკითხი, და ერთად დავხურავთ წარსულის ამ საშინელ გვერდს.

მივესალმებით საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების პატივცემული ელჩების, დესპანების აქ ყოფნას. ჩვენს ძმურ სიყვარულს გამოვუხატავთ საქართველოში მცხოვრები და მოქმედი რელიგიური - ისლამური, ქრისტიანული, ებრაული, ეზიდური სათვისტომოების ლიდერ ძმებს. ჩვენ ასევე მივესალმებით სომეხ და ქართველ კულტურისა და საზოგადო მოღვაწეებს, საქართველოს სომხური სათვისტომოს წარმომადგენლებს, სომხეთიდან, რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ სტუმრებს, რომელთა აქ ყოფნა არის ჩვენი ერთობისა და სიყვარულის დასტური. ჩემს წინამძრვრულ კურთხევას გადავცემ ეპარქიის სამღვდელოებას, საორგანიზაციო სამუშაოების პასუხისმგებლობით ორგანიზებისა და ჩატარებისთვის. ჩვენი მადლიერება ასევე სურბ გევორგ ეკლესიის ფონდის კოორდინატორ არტურ ამირხანიანს, კეთილი სამსახურისა და ერთგულებისათვის. ყველა ჩვენგანის ღრმა პატივისცემას გადავცემ ფრესკების რესტავრატორ ოსტატ არსენ აბრაამიანს, ეკლესიის წმინდა საკურთხევლის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის განსაცვიფრებელი გამოსახულების შექმნისათვის.

დიდება და მადლობა ღმერთს, რომ თავისი აქ ჩამობრძანებით ჩვენ ყველას პატივი დაგვდო უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად სომეხთა კათოლიკოს-პატრიარქმა გარეგინ მეორემ, რომელმაც ხელახლა აკურთხა თბილისის სურბ გევორგის საკათედრო ტაძარი, სულიერი შთაგონება და ნუგეში გახდა თავისი მორწმუნე შვილებისათვის. მადლიერებას გამოვუხატავთ მის უწმინდესობას, ვისი ლოცვა-კურთხევასა და მამობრივ ზრუნვას ვგრძნობთ ჩვენი ყოველდღიური წინამძღვრული სამსახურის 13 წლის განმავლობაში, აგრეთვე გვაქვს მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის და ჩვენი კონგრეგაციის მხარდაჭერა, ისინი ყოველთვის ჩვენს გვერდით არიან.

ვსარგებლობთ შემთხვევით და ჩვენს ძმურ სიყვარულს გადავცემთ უწმინდესის თანმხლები დელეგაციის წევრებს. დაე ჩვენი სულიერი ცენტრიდან წმიდა ეჯმიაწინიდან უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევა გადაეცეს სრულიად სომხობას და ეჯმიაწინის ზარები ყოველთვის ფხიზლად ყოფნის მოწოდებით წკრიალებდნენ და ყველანი მიგვიწვიონ ტაძრისკენ, ლოცვისკენ, სულიერი ბედნიერებისა და სიხარულისკენ. ამინ.

ვიზიტთან დაკავშირებით სომეხთა კათოლიკოს-პატრიარქს საჩუქრები გადასცეს საქართველოს სომხებით დასახლებული რეგიონების ვიკარიუსებმა, ლიდერებმა და სომეხმა ადამიანებმა.

შემაჯამებელი სიტყვა თქვა სომეხთა კათოლიკოს-პატრიარქმა და პატრიარქალური ლოცვა-კურთხევა უბოძა დამსწრეებს, რის შემდეგაც სომხეთიდან ჩამოსული დელეგაციის წევრები და სტუმრები დაბრუნდნენ სამშობლოში.

შესრულებული სამუშაოების შედეგად, გამაგრდა ეკლესიის საძირკველი, აიგო სადრენაჟო სისტემა, გამაგრდა კედლები და გუმბათი, მოიხსნა ფასადის მობათქაშებული ნაწილი და აღდგა ეკლესიის პირვანდელი სახე - მოპირკეთდა აგურით.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკლესიის ფრესკებისა და კანკელის აღდგენას. აღდგენაში მონაწილეობდა იტალიელი რესტავრატორი, ფლორენციის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და აღდგენის ცენტრის ხელმძღვანელი ფაბრიციო იაკობინის კონსულტაციით.

სურბ გევორგი თბილისის ერთ-ერთი უძველესი ეკლესიაა, აშენდა XIII საუკუნეში, იყო შუა საუკუნეების სომხური სულიერი, კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრი. ეკლესიაში იყო სამწიგნობრო, სადაც მრავალი ხელნაწერი შეიქმნა, რომლებიც ინახება მატენადარანში.

სურბ გევორგის ტაძრის ეზოში განისვენებენ სომეხი დიდებულები - აშუღი საიათნოვა, მხატვარი გევორგ ბაშინჯაღიანი, ცნობილი სამხედრო მაღალჩინოსნები მიქაელ ლორის-მელიქოვი, არშაკ (არზას) ტერ-ღუკასოვი, ოვანეს (ივანე) ლაზარევი და ბეჰბუთ შელკოვნიკოვი.

სომეხთა ეკლესია სახლია სომხების - ეს სიტყვები სავსებით შეესაბამება თბილისის სურბ გევორგის საკათედრო ტაძარს, რომელიც საუკუნეების მანძილზე გარშემო შემოიკრებდა საქართველოს სომხობას, კონკრეტულად კი - თბილისის სომხებს, რომელთა ღვთის სახლი იყო.

 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)