2018 წლის 26 ნოემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიას საქართველოში აშშ-ის საელჩოს პოლიტიკური ოფიცერი ხუან ხოსე აპარისიო და პოლიტიკურ საკითხთა სპეციალისტი, საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი, მედეა ქოჩორაძე სტუმრობდნენ. ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის სულიერი მოძღვარი, ღირსი მღვდელი არარატ გუმბალიანი მიესალმა სტუმრებს და მათ სომხური ეკლესიის, კერძოდ კი მე-19 საუკუნეში აგებული „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის ისტორია გააცნო, ისაუბრა რიტუალების თავისებურებებსა და სათემო საქმიანობის მიმართულებებზე, ხაზი გაუსვა ბათუმის სომხური თემის ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებაში ინტეგრაციის მიმართულებით მიმდინარე სამუშაოებს. სულიერმა მოძღვარმა სიხარულით აღნიშნა ქვეყნის ხელისუფლების სომხური თემისადმი დამოკიდებულება, უამბო ბათუმის ქართულ სკოლაში სასწავლო წლის დასაწყისიდან მოქმედ სომხურ-ქართული სწავლების კლასზე, სადაც სომხური ენა სავალდებულო გახდა. მღვდელი არარატი აშშ-ის საელჩოს ოფიცერთან საუბრისას ასევე შეეხო საკითხებს, რომელიც აწუხებს ეკლესიას, რომელთაგან ერთ-ერთი ეკლესიასთან არსებული მიწის ნაკვეთის დათმობას ეხებოდა, ასევე ბათუმელი სომხებისათვის სხვა შემაშფოთებელ საკითხებს. ამის შემდეგ სტუმრებმა, მღვდელ არარატთან ერთად ეპარქიის „ალექსანდრ მანთაშიანც“ ცენტრში გადაინაცვლეს. ცენტრის ხელმძღვანელმა, სონა ჰოვანისიანმა, სტუმრებს ის მრავალმხრივი სამუშაოები გააცნო, რომლებიც ზღვისპირა ამ მრავალეროვან ქალაქში სომხური კულტურისა და ღირებულებების შენარჩუნებისა და განვითარების მიმართულებით მიმდინარეობს. ცენტრში ნაჩვენები იქნა ვიდეო, რომელიც საუკუნეების მანძილზე ამ ქალაქში დამკვიდრებულ ბათუმელ სომხებს, სომხურ ეკლესიას და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის საქმიანობას ეძღვნება. სტუმრების საპატივცემულოდ, „ალექსანდრ მანთაშიანც“ ცენტრის აღსაზრდელები ცეკვითა და სიმღერით გამოვიდნენ. ამერიკელმა და ქართველმა პოლიტოლოგებმა მაღალი შეფასება მისცეს სომხური ეკლესიის და კულტურული ცენტრის საქმიანობას, აღფრთოვანდნენ ეროვნული კულტურისა და ენის შენარჩუნებისათვის მიზანმიმართული ღონისძიებებით.
|