2018 წლის 25 სექტემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალციხის სულიერი ინსპექტორის მღვდელმონაზონ ჰაკობ საჰაკიანის, ნინოწმინდისა და მიმდებარე რეგიონების სულიერი მოძღვრის მღვდელ არმაშ პოღოსიანის წინამძღოლობითა და სასულიერო ინსპექციის ქველმოქმედ მანველ თოროსიანის სპონსორობით, დაახლოებით 40-მდე მორწმუნე დასავლეთ სომხეთისკენ გაემართა. ახალციხის ,,სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ ეკლესიის მომლოცველები პირველ რიგში ჩლდრ ტბას (სომხ. ,,წოვაკნ ჰიუსისო“- ჩრდილოეთის ტბას) ეწვივნენ, რის შემდეგაც ყარსისაკენ გაემართნენ. ეწვივნენ ყარსის ,,არაქელოც“ ეკლესიას, რომელიც 928-953 წლებში, სომეხი მეფის, აბას ბაგრატუნის დროს აიგო და რომელიც, სამწუხაროდ, მეჩეთად არის გადაქცეული. მომლოცველები აღფრთოვანდნენ ყარსის ციხის მტკიცე სახითა და მთლიანი პანორამით. სურბ ვარდანის ხიდზე გადასვლისას, მომლოცველებმა შავი ქვით აშენებული ორსართულიანი სახლები ნახეს, მათ გვერდით კი ეღიშე ჩარენცის მშობლიური კერის ნანგრევები. შემდეგი გაჩერება ანისის დედა ტაძარი იყო. მორწმუნეები ასევე ეწვივნენ სოფელ ,,იაღჯილარ“-ს (სომხ. ,,ქარენკოც“ ) საიდანაც სოფელ პატარა პამაჯის მოსახლეობა გადმოსახლდა. მომდევნო დღეს მომლოცველები დასავლეთ სომხეთში დიდი რაოდენობით სომხებით დასახლებულ ქალაქ ერზრუმისკენ გაემართნენ. ერზრუმიდან და მიმდებარე ასობით სოფლიდან, 1830 წელს არქეპისკოპოს კარაპეტის წინამძღოლობით დაახლოებით 50 ათასი სომეხი გადმოსახლდა და ჯავახეთში დასახლდა. ერზრუმში სომხურ ეკლესიას და სანასარიანთა სკოლას ეწვივნენ. მომლოცველები ასევე ტარონის ქალაქ მუშში იმყოფებოდნენ. ისინი ეწვივნენ ,,სურბ მარინე“-ს ეკლესიას, რომელიც ნახევრად დანგრეულ მდგომარეობაშია, ასევე სომხურ სასაფლაოს, სადაც გევორგ ჩაუში განისვენებს, ავიდნენ სულუხის ხიდზე, სადაც გევორგ ჩაუში უთანასწორო ბრძოლაში დაიღუპა. შემდეგ კუნძულ აღთამაზე ,,სურბ ხაჩ“ ეკლესიას ეწვივნენ, რომელიც არწრუნიანთა დინასტიის სიმდიდრისა და დიდების მდუმარე მოწმეა. იგი 915-921 წწ. არქიტექტორმა მანველმა ააგო. ამის შემდეგ, მომლოცველები დასავლეთ სომხეთის მიწიერ სამოთხეთაგან ერთში, სომხეთის პირველ დედაქალაქ ვანში იმყოფებოდნენ. მოინახულეს ვანის ციხე, რომელიც ურარტუს სამეფოს პერიოდშია აგებული და სადაც არგიშთის, მენუას, რუსას სამარხები მდებარეობს. მომლოცველები აქ ბაიაზეთის ციხეს ეწვივნენ. ძველისძველი ციხე სალ კლდეზე მდებარეობს, ამაზე გერმანელი მოგზაური ვაგნესი წერდა: ,,შეუპოვარი და საოცრად ლამაზად ნაკვეთი ნაგებობაა: ისეთ ადგილას დგას, შევარდენი და გრიფი ძლივს თუ გაბედავს ბუდის გაკეთებას“. მომლოცველები აღფრთოვანდნენ ბერკრის ჩანჩქერის სილამაზით. ისინი ასევე ეწვივნენ მჰერის კარს (სომხ. ,,მჰერი დურ“). მომლოცველებმა ერთობლივად ილოცეს და სულიერი საზრდოობისათვის მიღებული დიდი ძალით დაბრუნდნენ ახალციხეში.
|