სიახლეები
|
2018 წლის 8 ივლისს, სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიამ აღნიშნა ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ფერისცვალების (ვარდავარის) დღესასწაული. დღესასწაული სათანადოდ აღინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში. ყველგან სომხურ ეკლესიებში აღევლინა საღმრთო ლიტურგია, იქადაგეს დღის საიდუმლოზე. საღმრთო ლიტურგიის შემდეგ ეკლესიების ეზოებში იმართებოდა ტრადიციული წუწაობა, რაც მხიარულ განწყობას უქმნიდა ყველას, მათაც ვინც მონაწილეობდა ამ რიტუალში, ასევე დამთვალიერებლებს. ამ დღეს მოეწყო მომლოცველობა სხვადასხვა სამლოცველოებისკენ როგორც დედა სამშობლოში, ასევე საქართველოს სომხებით დასახლებულ რეგიონებში. ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალციხის სულიერმა ინსპექციამ მოაწყო მომლოცველობა სოფელ წუღრუთთან მდებარე ჩამონგრეულ „დედა ეკლესია“ სახელწოდებით სამლოცველოსკენ. წლების განმავლობაში მორწმენეები აქ მოსალოცად მოდიოდნენ, განსაკუთრებით ვარდავარის დღეს, მაგრამ ბოლო წლებში აქ წირვა არ აღუვლენიათ. დღესასწაულის საიდუმლოს სრულყოფისათვის ღვთის ნებით საუკუნეების სიჩუმე დაირღვა საღმრთო ლიტურგიით. წირვას ესწრებოდნენ ახალციხის და მიმდებარე რაიონების მორწმუნე მომლოცველები. ახალციხისა და ბორჯომის რაიონების სულიერმა მეთვალყურემ მღვდელმონაზონმა ჰაკობ საჰაკიანმა სათანადოდ იქადაგა დღის საიდუმლოზე და ისაუბრა ჩვენს დღეებში მომხდარ სასწაულებზე, რასაც განიცდიან „დედა ეკლესიაში“ მოსული სომეხი მორწმუნეები. წირვის შემდეგ მორწმუნეებმა ერთმანეთს მიულოცეს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ფერისცვალების დღესასწაული.
|