2018 წლის 10 მაისს სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიამ აღნიშნა ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ამაღლების დღესასწაული, რომელიც სრულიად სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესის და უნეტარესის, გარეგინ მეორის განკარგულებით გამოცხადებულია წმინდა ეჯმიაწინის მოსალოც დღედ. საეკლესიო მნიშვნელოვანი დღე საქართველოს სომეხთა ეპარქიაში აღინიშნა საღმრთო ლიტურგიებით. თბილისის ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში, დილის ღვთისმსახურების შემდეგ აღევლინა საღმრთო ლიტურგია, რომლის დროსაც მწირველმა მღვდელმა, ღირსმა მღვდელმა მანუკ ზეინალიანმა ქადაგებაში განმარტა დღის საიდუმლო - აღდგომის შემდეგ იესო ქრისტემ 40 დღე დაჰყო ამ ქვეყნად და მოევლინა თავის მოწაფეებს. ამ პერიოდში იესო ქრისტემ თავისი მოძღვრება ასწავლა მათ, ბოლო შეხვედრის დროს კი - აკურთხა მოციქულები, რის შემდეგაც ზეცად ამაღლდა. ამაღლებასთან ერთად სომეხთა ეკლესია აღნიშნავს 1441 წელს სრულიად სომეხთა კათოლიკოსატის სის ქალაქიდან ვაღარშაპატში გადმოტანის ისტორიულ დღეს. მქადაგებელმა მღვდელმა ასევე აღნიშნა, რომ კათოლიკასოტმა საუკუნეების მანძილზე სხვაგან დაყოფის შემდეგ მე-15 საუკუნეში - 1441 წელს, ამაღლების დღესასწაულზე კვლავ ადგილი დაიმკვიდრა იქ, სადაც თავისი ხალხი იყო, მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინში. საღმრთო ლიტურგიის დასასრულს სულიერ მსახურთა მონაწილეობით შესრულდა საპატრიარქო ლოცვა-კურთხევა, რომლის დროსაც ილოცეს მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის სიმტკიცისა და მარადიულობისთვის, ასევე სრულიად სომეხთა კათოლიკოსის დღეგრძელობასა და მშვიდ მმართველობისთვის. ქრისტეს ამაღლების დღე აღინიშნება ხალხური ზეიმით, რომელსაც ეწოდება ჯანგიულუმი, რომელიც ჩატარდა ეკლესიის ეზოში. ზეიმი საქართველოს სომეხთა ეპარქიის განათლების განყოფილების ინიციატივით, ორგანიზებული იყო „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღის მიერ, ხელმძღვანელი: ევგენია მარკოსიანი. „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის ეზოში შეკრებილნი იყვნენ საბავშვო ბაღის ყვავილების გვირგვინებით თავდამშვენებული აღსაზრდელები, მათი მშობლები და უამრავი მორწმუნე. „ჰამბარცუმ იაილა“ სიმღერის ჰანგების თანხლებით დაიწყო სახალხო ზეიმი. ორგანიზატორების - საბავშვო ბაღის პედაგოგების: მეტაქსია ღაზარიანის, ანი ზეინალიანის, მარია აბულიანის და სურენ აბრამიანის ძალისხმევით, ჯანგიულუმის ტაეპების შესრულებით, პატარებმა ცეკვითა და სიმღერით მოახდინეს სახალხო ზეიმის ინტერპრეტაცია, ნაირ-ნაირი ყვავილების სიმშვენიერის და მომხიბვლელობის ქებით. ლამაზი დღესასწაული შეაჯამა საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის სულიერმა ინსპექტორმა, მღვდელმა მანუკ ზეინალიანმა. დამსწრეებს გადასცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის კურთხევა და მამობრივი სიყვარული. მამა მანუკმა დააფასა ორგანიზატორების ძალისხმევა, ასევე ყველა ჰამბარცუმს მიულოცა თავიანთი დღე. ამაღლების ზეიმი, რომელიც სომეხი ხალხის ტრადიციულ დღესასწაულთაგან ერთ-ერთია, იქცა ნაირგვარი ყვავილების ზეიმად, გაზაფხულის გამოღვიძების სილამაზის დღედ.
|