„თანდოიანც სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესიის და რესტიტუციის კანონის საკითხებს მრგვალი მაგიდა მიეძღვნა |
სიახლეები |
2018 წლის 27 მარტს, თბილისის სასტუმრო „Betsys“-ის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა მრგვალი მაგიდა, რომელიც მიეძღვნა „თანდოიანც სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესიის საკითხს და რელიგიური გაერთიანებების საკულტო ნაგებობების რესტიტუციის პრობლემას. ღონისძიება ორგანიზებული იყო TDI ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის და EMC ადამიანის უფლებათა კვლევისა და მონიტორინგის ცენტრის მიერ. შეხვედრაზე მიწვეულნი იყვნენ დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რელიგიური გაერთიანებების ლიდერები, ადამიანის უფლებათა საკითხებით დაკავებული არასამთავრობო ორგანიზაციები, ურბანული საკითხების სპეციალისტები. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს მრჩევლები არტაკ გრაბსკი და ჰარუთიუნ ჰაირაპეტიანი. მრგვალი მაგიდის მიზანი იყო დაინტერესებული მხარეებისთვის „თანდოიანც“ სომხურ ეკლესიასთან დაკავშირებული სამართლებრივი პროცესის და ისტორიული და არქიტექტურული კვლევის შედეგების გაცნობა, ასევე საბჭოთა ეპოქაში რელიგიური თემებისთვის ჩამორთმეული საკულტო შენობების პრობლემის განხილვა. მრგვალი მაგიდა გახსნა ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის გამგეობის წევრმა მაკო ღავთაძემ, რომელმაც წარმოადგინა „თანდოიანც სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესიის საკითხის შინაარსი, მისი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსთვის გადაცემის გადაწყვეტილება და აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებას არ გააჩნია მტკიცებულებები და არგუმენტები. მრგვალ მაგიდაზე ვრცელი, დასაბუთებული და ფაქტობრივი მონაცემებით გამოვიდნენ ზემოაღნიშნული ორგანიზაციების იურისტები თამთა მიქელაძე, გვანცა ლომაია და ეთო გვრიტიშვილი, რომლებიც წარდგნენ, როგორც თანდოიანც ეკლესიის სასამართლო განხილვის ადვოკატები. მათ საარქივო მასალებსა და ჩატარებულ დეტალურ კვლევებზე დაფუძნებით, დამსწრეებს გააცნეს „თანდოიანც სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესიის სომხური კუთვნილების დამადასტურებელი მასალები, წარმოაჩინეს ეკლესიის საქართველოს საპატრიარქოსთვის გადაცემის სამართლებრივი ნაწილის სიყალბე, ხელოვნებათმცოდნე ნატალია ჩიტიშვილმა კი სლაიდებით წარმოადგინა ეკლესიის ისტორიული და არქიტექტურული იერსახე, საპატრიარქოს მიერ წარმოდგენილი წმინდა ჯვრის გამოჩინების ეკლესიის ადგილმდებარეობის ფაქტობრივი ადგილი. ხელოვნებათმცოდნე ნატო ცინცარაძემ ეკლესიის ნანგრევებსა და მის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები შეაფასა ძეგლთა დაცვის საერთაშორისოდ აღიარებული ნორმების უხეშ დარღვევად. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა გამოსვლაში ისაუბრა ეკლესიების და საკულტო ნაგებობების თავიანთი სამართლებრივი და ისტორიული მესაკუთრეებისთვის დაბრუნების რელიგიური გაერთიანებების მოთხოვნაზე, ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოში მდებარე მრავალ ეკლესიათაგან ეპარქიას მოთხოვნა აქვს ექვსი ტაძრის მიმართ და საკითხის გადაწყვეტა ათწლეულების მანძილზე გაყინულ მდგომარეობაშია. ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატმა, ექსპერტმა არუსიაკ ტერჩანიანმა დააფიქსირა არა მხოლოდ სომხეთის, არამედ საქართველოს არქივებში დაცული ის ფაქტობრივი მასალა, რაც ცალსახად ადასტურებს „თანდოიანც სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესიის სომხურობას. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა თათული თოდუამ გამოსვლაში ხაზი გაუსვა, რომ თანდოიანც ეკლესიის და ჩამორთმეული ეკლესიების დაბრუნების საკითხი სახალხო დამცველის ყურადღების ქვეშაა. აპარატმა დეტალურად შეისწავლა თანდოიანც ეკლესიის საკითხი და მისი სამართლიანი მოგვარებისთვის წარმოდგენილია რეკომენდაციები. მრგვალ მაგიდაზე ასევე ისაუბრეს საქართველოში რესტიტუციის შესახებ კანონის არარსებობის, შერჩევითი დემოკრატიისა და დისკრიმინაციის საკითხებზე. ამ საკითხების შესახებ კონკრეტული მაგალითებით გამოვიდნენ ამიერკავკასიის ლათინური წესით კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო, საქართველოს ევანგელურ-ლუთერანული ეკლესიის წინამძღვარი, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი მარკუს შოხი, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის წინამძღვარი , მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი მერაბ გაფრინდაშვილი, საქართველოს ადამიანის უფლებათა დამცველის ოფისთან მოქმედი რელიგიური ორგანიზაციების საბჭოს ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილი. ასევე ისაუბრეს საბჭოთა ეპოქაში ჩამორთმეული საკულტო ნაგებობების ნაწილობრივი კომპენსაციის სხვა რელიგიური გაერთიანებათათვისაც გამოყოფის, რელიგიის საკითხთა სააგენტოს უფლებამოსილებების გაფართოების საკითხებზე. კითხვა- პასუხის ფორმატში აზრთა გაზიარების შემდეგ მრგვალმა მაგიდამ შეაჯამა სამუშაო. ღონისძიება განხორციელდა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) “საქართველოში კანონის უზენაესობის მხარდაჭერა“ (PROLoG) პროექტის მხარდაჭერით, რომელსაც ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI). |