2018 წლის 3-4 მარტს, ორდღიანი სამუშაო ვიზიტით სამცხე-ჯავახეთში იმყოფებოდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, ეპარქიის თანამშომლების - განათლების განყოფილების დირექტორის, ევგენია მარკოსიანის, ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების დირექტორის, ვალერი ბადალიანის, პროგრამების კოორდინატორის, ნინა სეროპოვას და წინამძღვრის თანაშემწის, დიაკვან გევორგ ანტონიანის თანხლებით. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები დაიწყო ნინოწმინდაში. ეპარქიის „რაფაელ ჯავახ“ ცენტრში მეუფე და მისი თანმხლები პირები ეწვივნენ უფროს ჯგუფს, სადაც ეპარქიის წინამძღვარმა ყველას მიულოცა დედის დღე, ისაუბრა რელიგიურ დღესასწაულებზე და განმარტა დღის საიდუმლო - იერუსალიმის პატრიარქის წმინდა იოანეს, სომეხთა კათოლიკოსის წმინდა ჰოვანეს ოძნელის (ოძუნელის), ვარდაპეტების: წმინდა ჰოვჰან ვოროტნეცისა და წმინდა გრიგორ ტათევაცის ხსენების დღე. შემდეგ სტუმრებმა დაათვალიერეს ესთეტიკის, პოეზიის, ინგლისური ენის სწავლების ჯგუფების მეცადინეობები, გაამხნევეს აღსაზრდელები. ცენტრში ასევე გამართა შეხვედრა პედაგოგიურ პერსონალთან. ნინოწმინდისა და მიმდებარე სოფლების სომხების სულიერმა მოძღვარმა ღირსმა მღვდელმა არმაშ პოღოსიანმა და „რაფაელ ჯავახ“ ცენტრის დირექტორმა ჟორა სნხჩიანმა წარმოადგინეს მიმდინარე წლის სამუშაოები და ისაუბრეს დასახულ პროგრამებზე. ეპარქიის განათლების განყოფილების დირექტორმა დადებითად შეაფასა ცენტრის საგანმანათლებლო და ესთეტიკური აღზრდის მიმართულებით ჩატარებული სამუშაოები და შემდგომში მხარდაჭერის და თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა. ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების დირექტორმა ვალერი ბადალიანმა ახალგაზრდებს და პედაგოგიურ პერსონალს წარუდგინა განყოფილების სამუშაოები, გააცნო დასახული პროგრამები და შესთავაზა ნინოწმინდის ახალგაზრდობის ჩართვა ეპარქიის ახალგაზრდულ პროგრამებში. ახალგაზრდული კავშირის შექმნის მიზნით მამა არმაშის წინადადებით ნინოწმინდისა და მიმდებარე სოფლების ახალგაზრდობის პროგრამების მიმართულებით ახალგაზრდობის განყოფილების წარმომადგენლად დაინიშნა არკადი ფუთულიანი. შეხვედრის შემდეგ, ეპარქიის თანამშრომლებმა და „რაფაელ ჯავახ“ ცენტრის მასწავლებლებმა ნინოწმინდის „სურბ სარგის“ ეკლესიაში მონაწილეობა მიიღეს ვარაზდატ მარაბიანის მიერ ეკლესიისთვის შემოწირული ვერცხლით შემკული ორნამენტებიანი „ტრაპეზის სახარების“ კურთხევის წესს, რომელიც შესრულდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის საპატიო წინამძღოლობით. თბილისიდან ჩასული სტუმრები ასევე ეწვივნენ ნინოწმინდის ახალგაზრდულ ცენტრს, სადაც სტუმრებს დახვდნენ სამცხე-ჯავახეთის სომხური არასამთავრობო ორგანიზაციების საბჭოს კოორდინატორი არტაკ გაბრიელიანი და სომხური დახმარების კავშირის გამგეობის ჯავახეთის სექტორის მდივანი კარინე თადევოსიანი. ცენტრის განყოფილებათა ხელმძღვანელებმა ეპარქიის წინამძღვარს დეტალურად გააცნეს ცენტრის საქმიანობა და შესთავაზეს მჭიდრო თანამშრომლობა „რაფაელ ჯავახ“ ცენტრსა და სულიერ სამწყემსოსთან. ეპარქიის წინამძღვარმა მაღალი შეფასება მისცა არტაკ გაბრიელიანის და კარინე თადევოსიანის ერთგულ საქმიანობას, და ცენტრის კეთილი მისიის მხარდაჭერის მზაობა გამოთქვა. ცენტრის ფარდაგის წრის აღსაზრდელებმა სტუმრებს აჩუქეს თავიანთი ხელნაკეთი ნამუშევრები. იმავე საღამოს ეპარქიის წარმომადგენლები ეწვივნენ ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიას და დაესწრნენ საღამოს ღვთისმსახურებას. შემდეგ ახალქალაქის ვიკარიატის ოფისში გაიმართა შეხვედრა ახალქალაქის და ნინოწმინდის სამღვდელოებასა და ვიკარიატის პერსონალთან, რომლის დროსაც სულიერმა მოძღვრებმა ეპარქიის წინამძღვარს წარუდგინეს მათთვის საჭირბოროტო საკითხები, რომელთაც ამომწურავი პასუხი გაეცა. შეხვედრის დროს ეპარქიის განათლების და ახალგაზრდობის განყოფილებათა დირექტორებმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს სამომავლო გეგმები, მიღწეულ იქნა პრაქტიკული შეთანხმებები და დაისახა ახალი პროგრამები. გადაწყდა ახალქალაქში ეპარქიის ახალგაზრდობის განყოფილების წარმომადგენლად დაინიშნოს მწიგნობარი ნაირი მელიქიანი, არაგოვასა და მიმდებარე სოფლების წარმომადგენლად - არმან აროიანი, დილისკისა და მიმდებარე სოფლების - რადიკ ეზოიანი. ეპარქიის წინამძღვარმა კრების მონაწილეებს მისცა შესაბამისი ინსტრუქციები და მონაწილეებს აცნობა, რომ 2018 წელი სრულიად სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესის და უნეტარესის გარეგინ მეორის მიერ გამოცხადებულია ახალგაზრდობის წლად, მღვდლებს მოუწოდა, ახალგაზრდები მოამზადონ , რათა მათ მონაწილეობა მიიღონ მიმდინარე წლის 8 ივლისს მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინისკენ გასამართ მომლოცველობაში. სამუშაო ვიზიტის მეორე დღეს, 4 მარტს, ეპარქიის განათლების განყოფილების დირექტორი ევგენია მარკოსიანი ეწვია არაგოვას „ხრიმიან ჰაირიკ“ საბავშვო ბაღს, სადაც სულიერი მოძღვრის, მღვდელ თადეოს ტერ-მკრტჩიანის ხელმძღვანელობით, დირექტორმა ნარინე ტერ-მკრტჩიანმა წარმოადგინა საბავშვო ბაღის საქმიანობა და მომავალი გეგმები, აღნიშნა, რომ საბავშვო ბაღში დადის 35 ბავშვი - არაგოვასა და მიმდებარე ზაკ, გომან, კორხ, თოთხამ სოფლებიდან. დირექტორმა მარკოსიანმა არაგოვას საბავშვო ბაღს გადასცა საბავშვო ლიტერატურა, სასწავლო მასალები და მასწავლებლებთან ერთად განიხილა საბავშვო ბაღის ახალი პროგრამები და სამომავლო საქმიანობა. იმავე დღეს ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილების დირექტორი ვალერი ბადალიანი შეხვდა ეკლესიის მოყვარულ ახალგაზრდებს და განიხილეს სამომავლო გეგმები. ეპარქიის წინამძღვარი მეუფე ვაზგენ მირზახანიანი ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიაში დაესწრო საკვირაო საღმრთო ლიტურგიას, რომლის მწირველი იყო დეკანოზი ეღიშე ჰარუთუნიანი. საღმრთო ლიტურგიის დროს დღის საიდუმლოზე სათანადოდ იქადაგა მეუფე ვაზგენ მირზახანიანმა. საღმრთო ლიტურგიის შემდეგ ეპარქიის წინამძღვარი თანმხლებ პირებთან ერთად ეწვია ახალქალაქის ახალგაზრდულ ცენტრს, სადაც სტუმრებს დახვდნენ სამცხე-ჯავახეთის სომხური არასამთავრობო ორგანიზაციების საბჭოს კოორდინატორი არტაკ გაბრიელიანი და სომხური დახმარების კავშირის გამგეობის ჯავახეთის მდივანი კარინე თადევოსიანი, რომლებმაც დეტალურად წარმოადგინეს ცენტრის საქმიანობა. სტუმრებმა იხილეს ცენტრის ცეკვის ჯგუფის მეცადინეობა, ეწვივნენ ცენტრის მუზეუმს, დაათვალიერეს ფარდაგის ჯგუფის აღსაზრდელთა ხელნაკეთი ნამუშევრები. ეპარქიის განათლების განყოფილების დირექტორი ევგენია მარკოსიანი დაესწრო ახალქალაქის ვიკარიატში მოქმედი ერთდღიანი სკოლის (მასწავლებელი - ზარუჰი ბარბარიანი) გაკვეთილს, სიმღერის გუნდის (ქორმაისტერი: გაიანე აღაჯანიანი) და ცეკვის ანსამბლის (ქორეოგრაფი: ნასლეთ ქეიანი) მეცადინეობებს. დაბრუნების გზად ეპარქიის წინამძღვარი და მისი თანმხლები პირების გაჩერდნენ ახალციხის სამწყემსოში, ეწვივნენ „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ ეკლესიას, შეხვდნენ ადგილობრივ სულიერ მამებს, საზოგადო მოღვაწეებს და მორწმუნეებს. გვიან საღამოს დელეგაციამ, წინამძღვრის ხელმძღვანელობით, დაასრულა სამუშაო ვიზიტი ჯავახეთში, დაბრუნდა თბილისში.
|