თბილისში დიდი ლორელის დაბადების დღე აღინიშნა თოჯინების თეატრის გახსნით |
სიახლეები |
19 თებერვალი ყოველთა სომეხთა პოეტის ოვანეს თუმანიანის დაბადების დღე არის. 2018 წლის 19 თებერვალს, ტრადიციის თანახმად, თბილისელი სომხები ეწვივნენ სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ხოჯივანქის პანთეონს, სადაც დაკრძალულია დიდი ლორელი. ინტელიგენციის წარმომადგენლებმა, ლიტერატურის, კულტურის და საზოგადო მოღვაწეებმა, დედა სამშობლოდან ამ დღესთან დაკავშირებით ჩამოსულმა სტუმრებმა ყვავილებით შეამკეს ხოჯივანქის პანთეონში დასვენებული დიდი პოეტის და ერის სხვა დიდებული შვილების საფლავები. დიდი თუმანიანის საფლავთან საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის თავმჯდომარეობით შესრულდა პანაშვიდის წესი. ცერემონიალის დასასრულს მეუფე ვაზგენმა მიმართა დამსწრეებს, დააფასა ერის დიდებულთა ხსოვნის ნათელყოფასა და თაობებისთვის გადაცემისთვის. ეპარქიის წინამძღვარმა ისაუბრა უდროოდ გარდაცვლილი პოეტისა და მთარგმნელის ანაჰიტ ბოსტანჯიანის მიერ თბილისში დამკვიდრებულ ტრადიციაზე - ოვანეს თუმანიანის დაბადების დღეს წიგნის ჩუქებაზე. ტრადიციის ერთგულებმა, პოეტის ქალიშვილებმა, მარინემ და გაიანემ, დამსწრეებს წიგნები აჩუქეს ანაჰიტ ბოსტანჯიანის ბიბლიოთეკიდან, ასევე ამ დღეებში გამოქვეყნებული მისი ახალი კრებული. ჟურნალისტმა გოჰარ მაზმანიანმა „ოვანეს თუმანიანის სახლის“ ბიბლიოთეკას აჩუქა ნერსისიანის სკოლის კურსდამთავრებულთა ბიოგრაფიებით და სურათებით უძველესი ალბომი. დიდი პოეტის დაბადების დღის ზეიმი გაგრძელდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ოვანეს თუმანიანის სახლი" ცენტრში, სადაც ყველას ელოდა ლამაზი სიურპრიზი. ათწლეულების შესვენების შემდეგ დიდი ლორელის დაბადების დღეს მიეძღვნა თოჯინების თეატრის გახსნა მისი „ძაღლი და კატა“ უკვდავი ლეგენდის დადგმით. თუმანიანის სახლის სტუმართმოყვარე დარბაზში ადგილები ეკავათ ერევნიდან ჩამოსულ სტუმრებს, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს, თბილისის ინტელიგენციის, სათვისტომოს სტრუქტურათა წარმომადგენლებს. ეპარქიის სამრევლო საბჭოს წევრის, ალექსანდრე უთმაზიანის ნაჩუქ ბალიშებზე ლამაზად იყვნენ მოკალათებული საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღის აღსაზრდელები და ელოდებოდნენ მათთვის კარგად ცნობილი „ძაღლი და კატა“ ლეგენდის - სომხურად მოსაუბრე თოჯინების თამაშს, ამრიგად ისინი გახდნენ სომხური თოჯინების თეატრის პირველი მაყურებლები. და გაიხსნა ახლად ჩამოყალიბებული თოჯინების თეატრის ლამაზად და გემოვნებით გაფორმებული სცენის ფარდა, როგორც სიმბოლური საჩუქარი დიდი თუმანიანისთვის, მის დაბადების დღეს, მისივე სახლში. თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის თეატრის მსახიობების, აშოტ სიმონიანის, არენ მკრტჩიანის, ედიტა ზოჰრაბიანის და დამფუძნებლის, არმენ ჰოვანისიანის ძალისხმევით, თოჯინების ოსტატი თამაშით, სამსახიობო სწორი მოძრაობებით, შესაფერისი მეტყველებით წარმოდგენილი იყო მუდამ აქტუალური „ძაღლი და კატა“, რითაც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვეს დამსწრეებზე. გამომსვლელებმა: ერევნის ოვანეს თუმანიანის სახელობის თოჯინების თეატრის დირექტორმა, სომხეთის რესპუბლიკის ხელოვნების დამსახურებულმა მოღვაწემ რუბენ ბაბაიანმა, ოვანეს თუმანიანის სახლ-მუზეუმის დირექტორის მოადგილემ ანი ეღიაზარიანმა, ერევნის ერებუნი ადმისტრაციული რაიონის ხელმძღვანელმა დავით გრიგორიანმა, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის დიპლომატმა ჰარუთიუნ ჰაირაპეტიანმა, პეტროს ადამიანის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა არმენ ბაიანდურიანმა, გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორმა ვან ბაიბურთიანმა თბილისში თოჯინების თეატრის გახსნას უწოდეს მოვლენა, რომელიც უნდა გახდეს სომხური კულტურის განვითარების, სომეხი ბავშვის სომხური სულისკეთებით აღზრდის მიმართულებით გადადგმული ახალი ნაბიჯი, მაღალი შეფასება მისცეს არმენ ჰოვანისიანის მიერ შესრულებულ შემოქმედებით დიდ სამუშაოს, აღუთქვეს მხარდაჭერა და თანამშრომლობა. თოჯინების თეატრი გახდება არა მარტო სომხური, ასევე ქართული და სხვა ერების წარმომადგენელი ბავშვების საყვარელი ადგილი, სადაც ისინი გაეცნობიან ოვანეს თუმანიანის და სხვა საბავშვო მწერლების მშვენიერი ზღაპრების, პოემების, ლეგენდების თოჯინა გმირებს. ეს არის საქართველოში თავისი შემოქმედებითი ნაყოფიერი ცხოვრება განვლილი, სომეხი და ქართველი ხალხების მეგობრობის მქადაგებელი ოვანეს თუმანიანის 150-ე წლის იუბილემდე გადადგმული ლამაზი ნაბიჯი, რომელსაც ქართული საზოგადოება აუცილებლად განავითარებს, - გამოსვლაში ხაზი გაუსვეს პრემიერაზე დამსწრე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ალექსანდრე გრიგალაშვილმა, საქართველოს მწერალთა კავშირის თანათავმჯდომარე მაყვალა გონაშვილმა, თბილისის ისნის რაიონის გამგეობის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძემ. არმენ ჰოვანისიანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს, მის ყოვლადუსამღვდელოესობას ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანს, ვინც მხარი დაუჭირა მის ინიციატივას - თოჯინების თეატრის შექმნის მრავალი წლის მის ოცნებას. ნიჭიერმა შემოქმედმა მადლობა გადაუხადა პეტროს ადამიანის სახელობის სომხური დრამატული თეატრის შემოქმედებით კოლექტივს, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრს, „გარი დავთიანი“ კულტურის სახლს, თოჯინების თეატრის ჩამოყალიბებაში აღმოჩენილი დახმარებისთვის. პირობა დადო ახალი წარმოდგენებით თეატრი გახადოს ბავშვების საყვარელ ადგილად. ღონისძიება შეაჯამა და დამსწრეები აკურთხა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, ვინც ხაზი გაუსვა კულტურის განვითარებისადმი ყურადღების და ბავშვობიდან ბავშვის კულტურით აღზრდის მნიშვნელობას. საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეგიდით მოქმედი თუმანიანის სახლი, რომელიც ლიტერატურით, ხელოვნებით და ხალხების მეგობრობით აღსავსე ცენტრია, ამიერიდან მიიღებს პატარებსაც, მიუხედავად მათი ეთნიკური კუთვნილებისა. თოჯინების თეატრის წარმოდგენები ხელს შეუწყობს ბავშვების ხელოვნებასთან დაახლოებას, თეატრის სიყვარულით ცხოვრებას, მათა აღზრდის სიკეთისა და სიყვარულის სულისკვეთებით. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, დაფასების სიტყვით მიმართა თეატრის დამფუძნებელს - არმენ ჰოვანისიანს, ცენტრის ხელმძღვანელს, გისანე ჰოვსეფიანს, თოჯინების თეატრის ჩამოყალიბების საქმის მონაწილეებს და ყველა ორგანიზატორს. თოჯინების თეატრი პერიოდულად მოამზადებს ახალ წარმოდგენებს, ახალ-ახალი თოჯინების თამაშით და ლამაზი სიტყვით. |