საქართველოს სომეხთა ეპარქიაში აღინიშნა წმინდა შობისა და ნათლისღების დღესასწაული |
სიახლეები |
2018 წლის 6 იანვარს, სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიამ აღნიშნა წმინდა შობისა და ნათლისღების დღესასწაული, წლის პირველი საუფლო დღესასწაული საღმრთო ლიტურგიით აღინიშნა მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინში, მსოფლიოში გაფანტული სომხების წმინდა ტაძრებში, მათ შორის საქართველოს სომეხთა ეპარქიის. მორწმუნეები დილიდან, ოჯახებით, სადღესასწაულო კარგი განწყობით მიიჩქაროდნენ სომხურ ეკლესიაში, რათა დასწრებოდნენ საშობაო საღმრთო ლიტურგიას. ჯერ კიდევ დილით ახალქალაქიდან პირდაპირი ჩართვით საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა სომეხ მორწმუნეებს მიულოცა იესო ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაული, რის შემდეგაც ეპარქიის წინამძღვარმა სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღავლინა საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამცხე-ჯავახეთის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ახალქალაქის "სურბ ხაჩ“ ეკლესიაში. სადღესასწაულო წირვას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატები სამველ მანუკიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, ახალქალაქის მერი იურიკ უნანიანი. საღმრთო ლიტურგიის დროს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა გააჟღერა ყოველთა სომეხთა კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ II- ის საშობაო მიმართვა. ეკლესიაში გავრცელდა ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს შობის სასიხარულო ამბავი. საღმრთო ლიტურგიის დროს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა გააჟღერა ყოველთა სომეხთა კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ II- ის საშობაო მიმართვა. საღმრთო ლიტურგიის ბოლოს ეპარქიის წინამძღვრის წინამძღოლობით შესრულდა წყალკურთხევის რიტუალი და ეკლესიის ჯვრის ნათლია გახდა ერის ღირსეული შვილი მატთევოს ვარდანიანი. მეუფე ვაზგენ მირზახანიანმა თავისი ხმა შეუერთა ყოველთა სომეხთა კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ II- ის მილოცვას და კეთილი სურვილებით მიმართა მრევლს. იმის გათვალისწინებით, რომ ამ ღამეს შობის დღესასწაული გაიმართება ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ სომეხი მორწმუნეების და სასულიერო პირების სახელით მიულოცა ქართველ მორწმუნეებს და მღვდელმსახურებს ეს ქრისტიანული უდიდესი დღესასწაული. საღმრთო ლიტურგიის შემდეგ, სამცხე-ჯავახეთის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ახალქალაქის რეზიდენციაში გაიმართა მიღება. საღმრთო ლიტურგიის შემდეგ, ტრადიციის თანახმად, ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიის მწიგნობრები ეწვივნენ „წაღკავანქის“ ჩამონგრეულ ეკლესიას და შევიდნენ ამ წმინდა ადგილის ნანგრევების წყაროს წყლით გაჩენილ პატარა ტბაში. საზეიმო განწყობა იყო თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძარში, რომელიც სავსე იყო მორწმუნეებით. სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას თავიანთ დასწრებით პატივი დასდეს საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რუბენ სადოიანმა და საელჩოს დიპლომატებმა. საქართველოს სომეხთა ეპარქიის მრევლისთვის შობის ბრწყინვალე დღესასწაულის მოსალოცად იყვნენ მოსული საქართველოს პარლამენტის დეპუტატები დავით ჭიჭინაძე და რუსლან პოღოსიანი, სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი. საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, საქართველოს ადამიანის უფლებათა დამცველის ოფისის წარმომადგენლები კობა ჩოფლიანი, იზაბელა ოსიპოვა, პარტია ნაციონალური მოძრაობის წევრები ზაალ უდუმაშვილი, ხატია დეკანოიძე, ზაზა ბიბილაშვილი, პოეტი-მთარგმნელი გივი შაჰნაზარი, გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გიორგი თუმასიანი, გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორი ვან ბაიბურთიანი და სხვა. საეკლესიო ცერემონიას ესწრებოდნენ სათვისტომოს სტრუქტურათა მოღვაწეები, ინტელიგენციის წარმომადგენლები, საქართველოს სომხური სათვისტომოს ღირსეული წარმომადგენლები. შობის ბრწყინვალე დღესასწაული სათანადო დონეზე აღინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიაში. საღმრთო ლიტურგიას ესწრებოდნენ და მრევლს შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სომხეთის რესპუბლიკის გენერალურმა კონსულმა ეღიშე სარგსიანმა. საღმრთო ლიტურგია და მაღალი რანგის სტუმრების მილოცვები გადაიცა ტელეკომპანია „აჭარის“ ეთერით. საქართველოს სომეხ მორწმუნეებს შობის ბრწყინვალე დღესასწაული და ნათლისღება მიულოცეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. დამსწრეები სახლებში დაბრუნდნენ მაღალი განწყობით და წმინდა მირონით ნაკურთხი წყლით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით პირველად პირდაპირი ჩართვა განხორციელდა ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ და თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო ეკლესიებიდან და მთელს ქვეყანაში გაშუქდა სომეხთა ეკლესიის შობის ბრწყინვალე დღესასწაულის საღმრთო ლიტურგია. საქართველოს სომეხთა ეპარქიაში საშობაო ზეიმი გაშუქდა ასევე სხვადასხვა ქართული მედიასაშუალებით. |