მედავითნეების დადგინება ჯავახეთში |
სიახლეები |
2017 წლის 23 დეკემბერს, წმინდა სტეფანე პირველმოწამის დღესასწაულთან დაკავშირებით, სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის "სურბ ხაჩ" მთავარ ეკლესიაში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის მიერ შესრულდა მედავითნეების დადგინება. ვიკარიატში მომსახურე მღვდლებს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრისთვის წინასწარ ჰყავდათ წარდგენილი კანდიდატები: ახალქალაქისა და მიმდებარე სოფლების სულიერ მოძღვარმა მღვდელმა ტათევ მარუქიანმა წარუდგინა ხუთი ახალგაზრდა, ახალქალაქის რაიონის სოფელ არაკოვას და მიმდებარე თემების სულიერ მოძღვარს, მღვდელ თადეოს მკრტჩიანს - ერთი ახალგაზრდა, ასპინძის რაიონის სოფელ დამალის „სურბ ხაჩ“ ეკლესიის სულიერ მოძღვარს, დეკანოზ ეღია თაზაიანს - სამი ახალგაზრდა, ახალციხის რაიონის წუღურეთის და მიმდებარე სოფლების სულიერ მოძღვარს, მღვდელ თორგომ ვარდანიანს - ერთი ახალგაზრდა. საღამოს ღვთისმსახურების შემდეგ, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მღვდლებთან ერთად შეასრულა მედავითნეთა დადგინების წესი. კანდიდატებს, ეკლესიის წესების თანახმად, მიენიჭათ პირველი ოთხი საფეხური: კარის მცველობა, წიგნისმკითხველობა, ფიცის დამდებობა და დიაკონობა, რომელთაც ერთი სიტყვით ეწოდება მედავითნეობა. ეპარქიის წინამძღვარმა თავიდან ჯვრისებურად შეაჭრა კანდიდატებს თმა, შემდეგ ცოცხი მიაწოდა, რომ დაგავონ ეკლესია, გასაღები, რომ გააღონ ეკლესიის კარი, შანდალი, რომ დაანთონ ეკლესიის კანდლები, ახალი აღქმა, რათა იქადაგონ სამოციქულო სიტყვა, საფსალმუნე, რათა სამკურნალო ლოცვები წაიკითხონ, მაშტოცი, რათა მოამზადონ ისინი, ვინც უნდა მოინათლონ, შემდეგ მისცა ჭიქა, რათა შეძლონ საღმრთო ლიტურგიის დროს ღვინის მიწოდება და პურის მომზადება ზიარების საიდუმლოს შესასრულებლად. მწიგნობრებს საეკლესიო ცერემონიების დროს საეკლესიო პერანგის ჩაცმის, ფსალმუნების და საგალობლების შესრულების, ეკლესიის წესრიგისა და წესების დაცვის უფლება მიეცათ. ცერემონიის დროს, მღვდლებმა წაიკითხეს ფსალმუნები, იმღერეს საგალობლები, წინამძღვარმა კი წაიკითხა შესაბამისი ლოცვები. ცერემონიის დასასრულს, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ სულიერ მოძღვრებს მიულოცა კეთილი მსახურებისთვის, თავისი კურთხევა გადასცა ყოფილ ვიკარიუსს, არქიმანდრიტ ბაბგენ სალბიანს, მსახურების წლებში კანდიდატების მომზადებისთვის. მეუფე ვაზგენმა ასევე კურთხევა გადასცა ახალგაზრდების მშობლებს, შვილების სწორი მიმართულებით გაძღოლის და შვილების ღვთის სიტყვით ტარებისთვის. ახლად დადგინებულ მწიგნობრებს კი მოუწოდა ეკლესიაში მსახურის გაგრძელება, ახალი სულისკვეთებით, ცოცხალი საქმიანობით, რომ გაამართლონ მოძღვრების, ხალხის და მშობლების მოლოდინები. მეუფე ვაზგენმა მაღალი შეფასება მისცა დიაკვან გევორგ ანტონიანს, ვინც საჭირო დონეზე გაუწია ორგანიზება მწიგნობართა დადგინების ცერემონიას. მედავითნეობის დადგინებას ეღირსნენ ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიიდან - ნაირ მელიქიანი, არსენ სეხლიანი, კარენ ალვერტიანი, ნაჰაპეტ აკოჯიანი, ჰოვჰანეს საჰარიანი, არაგოვას „სურბ გევორგ“ ეკლესიიდან - გრიგორ ტერ-მკრტჩიანი, ახალციხის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ ეკლესიიდან - ავეტის პეტროსიანი, ასპინძის რაიონის სოფელ დამალის „სურბ ხაჩ“ ეკლესიიდან - ჰაიკ მაკარიანი, ვანიკ ხაჩატურიანი, ლიოვიკ გალსტიანი. ცერემონიის შემდეგ სამცხე-ჯავახეთის და წალკის ეპარქიალური ვიკარიატის დარბაზში დამსწრეებს გაუმასპინძლდნენ. |