მიწისძვრის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი პარაკლისის ცერემონია |
სიახლეები |
2017 წლის 7 დეკემბერს, ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიას ეწვია საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუბენ სადოიანი, საელჩოს მთელ პერსონალთან ერთად და პატივი მიაგო სომხეთის რესპუბლიკის ჩრდილოეთ რეგიონებში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის მსხვერპლთა ხსოვნას. ღირსმა მღვდელმა მანუკ ზეინალიანმა, სამღვდელოების მონაწილეობით, აღავლინა პანაშვიდის წესი. სულიერმა მამამ ისაუბრა სომხეთში სტიქიური უბედურებით მიყენებულ ნგრევაზე, დააფასა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების გამოხმაურება და დახმარება უბედურებაში აღმოჩენილი სომეხი ხალხისათვის. განსაკუთრებულად ხაზი გაესვა ქრისტიან მეზობელ საქართველოს და ქართველი ხალხის დახმარებას, და იმას, რომ სომეხი ხალხი მადლიერებით იხსენებს საქართველოს დახმარებას. სულიერმა მამამ ასევე მიულოცა ბატონ რუბენ სადოიანს საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დანიშვნა და დააფასა ის, რომ მან პატივი მიაგო მიწისძვრის მსხვერპლთა ხსოვნას. პანაშვიდის ცერემონიის შემდეგ, ბატონმა სადოიანმა, სულიერი მამისა და საეპისკოპოსოს პერსონალის თანხლებით, დაათვალიერა „ჰაიარტუნ“ კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრი, გაეცნო საბავშვო ბაღის, შემოქმედებითი ჯგუფების მუშაობას, ესაუბრა პედაგოგებს. ახლად დანიშნული ელჩი ინიციატივით გამოვიდა ორი სტრუქტურის - საქართველოს სომეხთა ეპარქიის და საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს პროგრამების კოორდინირებულად განხორციელების თაობაზე, რაც, უსათუოდ დადებით შედეგს მოუტანს საქართველოში სომხეთის და საქართველოს სომხური სათვისტომოს ღირსეულად წარმოჩენის საქმეს. 7 დეკემბერს, მიწისძვრის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი პარაკლისის ცერემონიას ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიაში ესწრებოდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სომხეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ეღიშე სარგსიანი, მეუღლესთან ერთად. სარიტუალო ცერემონიის შემდეგ, ალექსანდრე მანთაშიანცის სახელობის ცენტრში გაიმართა ხსოვნის ღონისძიება და ფილმის ჩვენება. ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიაში ხსოვნის პარაკლისს ესწრებოდნენ რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი და მერი იურიკ უნანიანი. მიუხედავად იმისა, რომ დრო აშუშებს ჭრილობებს, სომეხი ადამიანი თავისი ლოცვით კვლავ ევედრება უფალს სიმშვიდეს უდანაშაულო მსხვერპლთა სულებისთვის და სანთლებს ანთებს მათი ხსოვნისათვის. 1988 წლის 7 დეკემბერს, სომხეთის რესპუბლიკის ჩრდილოეთ რეგიონებში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა. სიმძლავრე ეპიცენტრში შეფასებულ იქნა 10 ბალით. მიწისძვრამ მოიცვა სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიის დაახლოებით 40%, სადაც ცხოვრობდა 1 მლნ. ადამიანი. დაზარალდა 21 ქალაქი და რაიონი, 342 სოფელი. უსახლკაროდ დარჩა 514 ათასი ადამიანი. სხვადასხვა ხარისხის დაშავება მიიღო 20 000-მა ადამიანმა. განადგურდა სომხეთის რესპუბლიკის მთელი საბინაო ფონდის 17%. შეწყვიტა ფუნქციონირება 170-მა სამრეწველო საწარმომ, დიდი ზიანი მიადგა სოფლებსა და აგროსამრეწველო კომპლექსს, არქიტექტურულ, ისტორიულ და კულტურულ ძეგლებს, დაზარალდა სახალხო განათლების 917 კერა. |