ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიაში |
სიახლეები |
2017 წლის 13 აგვისტოს, სომხურმა სამოციქულო წმიდა ეკლესიამ პომპეზურად აღნიშნა ღვთისმშობლის მიძინების დღე - სომეხთა ეკლესიის ხუთ უდიდეს დღესასწაულთაგან მეოთხე. ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი უძველესი დღესასწაული სათანადოდ აღინიშნა ასევე საქართველოს სომეხთა ეპარქიის ყველა ეკლესიაში. დილიდან ხალხმრავლობა იყო ეპარქიის სომხურ ეკლესიებში. სულიერმა მსახურებმა ღვთისმშობლის მიძინების დღესთან დაკავშირებით, ეკლესიის საკურთხეველი გააწყვეს დღის სიმბოლოთი - ყურძნის სხვადასხვა სახეობით და ხილით. არ წყდებოდა ხალხის ნაკადი ეკლესიებისკენ, ხალხი მოდიოდა ყურძნისა და სხვადასხვა ხილის ლამაზი კალათებით, ლამაზად გაწყობილი ლანგრებით, წლის მოსავლის და ჭირნახულის კურთხევის, უფლის კურთხევის მიღების მოლოდინით. დილის ღვთისმსახურების შემდეგ, ეკლესიებში შესრულდა ანდასტანის წესი. აკურთხეს სამყაროს ყველა მხარე და ხალხები. შემდეგ აღევლინა საღმრთო ლიტურგია. თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წმიდა წირვა აღავლინა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. სადღესასწაულო წმიდა წირვას ესწრებოდნენ საქართველოს სომხური საზოგადოებრიობის წარმომადგენლები. საპატიო სტუმრები იყვნენ ერევნის ვიცე-მერი არამ სუქიასიანი, სომხეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი აშოტ მელქონიანი, ბეირუთელი სომეხი არმენოლოგი ზეფიურ ჩერქეზიანი, ტურისტები სომხეთიდან და სომხური დიასპორიდან. წმიდა წირვის დროს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა იქადაგა დღის საიდუმლოზე, დღესასწაული მიულოცა მორწმუნეებს და მოუწოდა წმინდა აღდგომის რწმენით ცხოვრებისკენ. საღმრთო ლიტურგიის შემდეგ, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის საპატიო წინამძღოლობით საკურთხეველზე საზეიმოდ შესრულდა ტრადიციული ყურძნისა და წლის ჭირნახულის კურთხევის წესი. სულიერი მამების მიერ წაკითხულ იქნა ნერსეს შნორჰალის ლოცვა „ყურძნის კურთხევა“. საზეიმო ცერემონიას განსაკუთრებული ელფერი შესძინა მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინიდიან ჩამოსული დიაკვნების მიერ შესრულებულმა საგალობლებმა. საზეიმო საღმრთო ლიტურგია აღევლინა და ყურძნის კურთხევა შესრულდა ეპარქიის სხვა სომხურ ეკლესიებშიც. ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიაში საღმრთო ლიტურგიას მორწმუნეებთან ერთად ესწრებოდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სომხეთის გენერალური კონსული ეღიშე სარგსიანი, სომხეთის რესპუბლიკიდან და სხვა ადგილებიდან ჩამოსული უამრავი სომეხი და უცხოელი დამსვენებელი. ახალქალაქის "სურბ ხაჩ“ ეკლესიაში წირვა აღავლინა სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსმა არქიმანდრიტმა ბაბგენ სალბიანმს. წირვას დაესწრო მრავალი მორწმუნე და მებანაკე. წირვამ და ყურძნის კურთხევამ დიდი ენთუზიაზმი გამოიწვია ადგილობრივ მცხოვრებლებში. ყურძნის კურთხევის შემდეგ ამერიკაში მცხოვრები რაფი და შოღერ ოჰანესიანების სახელით მორწმუნეებს შესაწირი დაურიგდა. ახალციხის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ" ეკლესიაში, ახალციხისა და ბორჯომის რაიონების სულიერმა ინსპექტორმა მღვდელმონაზონმა ჰაკობ საჰაკიანმა აღავლინა საღმრთო ლიტურგია, იქადაგა დღის საიდუმლოზე და ახალციხის რაიონის სულიერ მოძღვართან, მღვდელ თორგომ ვარდანიანთან ერთად აკურთხეს ყურძენი და დაურიგეს მორწმუნეებს. თემების მსახურება აღავლინეს ეკლესიების სულიერმა მამებმა, მათ დილიდან ღვთისმსახურება აღავლინეს, აკურთხეს ყურძენი, წლის მოსავალი და ჭირნახული. ორშაბათს დილიდან საქართველოს სომეხთა ეპარქიის ყველა ეკლესიაში გადაიხდიან მიცვალებულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს. |