1geo

fb you od

ტოლმის ტრადიციული ფესტივალი თბილისის მეიდნის უბანში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

20045711 

თბილისი  სადღესასწაულოდ იყო განწყობილი. რამდენიმე დღის განმავლობაში  ყველა მედია საშუალება  საზოგადოებას იწვევდა ტოლმის ტრადიციულ   ფესტივალ-კონკურსზე. ღონისძიება საქართველოს სომეხ ქალთა "შუშანიკ" კავშირის ინიციატივით,  საქართველოს სომეხთა ეპარქიის     საეპისკოპოსოს მფარველობით,   "ჰაიარტუნ" ცენტრის და ინდივიდუალურ   ქველმოქმედთა მხარდაჭერით,    გაიმართა 2017 წლის 16 ივლისს თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის ეზოში.

სომხური მდიდარი კულტურის ერთ-ერთი არამატერიალური ღირებულებაა სომხური სამზარეულო, თავისი  მრავალფეროვნებით.  უკვე კეთილ ტრადიციად იქცა თბილისში ფესტივალის მეშვეობით     სომხური ეროვნული გემრიელი და გამაჯანსაღებელი კერძების წარდგენა და პოპულარიზაცია. ამჯერად ეს კერძი ტოლმა იყო.   

ტოლმის ფესტივალი თანდათან  აფართოებს თავის საზღვრებს. წელს 40 მონაწილე იყო, წარმოდგენილი ქვაბები კი - 50-ზე მეტი. გარდა „შუშანიკ“ კავშირის წევრებისა, ფესტივალში   მონაწილეობდნენ „ჰაიარტუნ“  ცენტრის   შემოქმედებითი ჯგუფები, „სურბ გევორგის ეკლესიის მოყვარულ ქალთა“კავშირი,   რუსთავის „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ ცენტრი, 104-ე საშუალო სკოლა, გაზეთი „ვრასტანი“, ანსამბლი „ვანქ“, ქალაქის    წამყვანი რესტორნები. თითოეულ მონაწილეს წარმოდგენილი ჰქონდა ტოლმის მინიმუმ სამი სხვადასხვა სახეობა,   რომლებიც სხვადასხვა იდეით და სილამაზით იყო გაფორმებული.  

ხარობდა მეიდანი,  ათასზე მეტი ადამიანი იყო შეკრებილი ეკლესიის ეზოში - ადგილობრივები,   სტუმრები სომხეთისა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან, სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები, ტურისტები, ყველა აგემოვნებდა და აფასებდა ტოლმას.   

ამ ლამაზ ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ საპატიო სტუმრები -  საქართველოს პარლამენტის წევრი დავით ჭიჭინაძე, თბილისის ისანი- სამგორის რაიონიდან საკრებულოს წევრი ილია ჯიშკარიანი, საქართველოში    სომხეთის საელჩოს პირველი მდივანი არტურ სარგსიანი, გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორი ვან ბაიბურთიანი,გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გიორგი ტუმასიანი. 

ღონისძიება გახსნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის  კულტურის განყოფილების დირექტორმა    ლევონ ჩიდილიანმა

დამსწრეები აკურთხა და კეთილი სურვილის სიტყვით მიმართა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. ეპარქიის წინამძღვარმა ფესტივალ-კონკურსის ორგანიზება შეაფასა როგორც სომხური კულტურის და ეროვნული ტრადიციების პოპულარიზაციის საშუალება, ფესტივალის ჩატარებას  ამ უძველეს და მრავალეროვნულ უბანში, „სურბ გევორგის“ ეზოში უწოდა ქრისტიანული სიყვარულის და სიკეთის  გამოხატულება.

სტუმრებმა თავიანთ გამოსვლებში, საქართველო სომხური სათვისტომოს მიერ ტრადიციად ქცეული ფესტივალი შეაფასეს ამ ლამაზი კერძის  ირგვლივ ხალხის  გაერთიანების საუკეთესო გარემოებად და დამსწრეებს უსურვეს სიამოვნებით მირთმევა.

სანამ სპეციალურად სომხეთიდან მოწვეული სომხეთის კულინართა ასოციაციის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით ჟიური შეაფასებდა წარმოდგენილი ტოლმის სახეობებს, დამსწრეები აგემოვნებდნენ ტოლმას და ტკბებოდნენ მხიარული კონცერტით, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის   „ჰაიარტუნ“  ცენტრის    შემოქმედებითი ჯგუფები, ანსამბლი „ვანქ“, სომხეთიდან ჩამოსული ნიჭიერი მომღერალი ჰაიკ მხეიანი და სხვა ინდივიდუალური შემსრულებლები.   

ფესტივალის საპატიო სტუმარი იყო სომხეთის რესპუბლიკის  დამსახურებული არტისტი, დაბადებით თბილისიელი ლეილა სარიბეკიანი. ცნობილი მომღერლის დაბადების დღე  იყო ამ დღეს,   პატრიოტული და ხალხური სიმღერების მშვენიერი შესრულებით  იუბილარი  მიესალმა სტუმრებს და მიიღო მაყურებლის თბილი ოვაციები.

პრესტიჟული ჟიურის გადაწყვეტილებით, ნომინაციებში გემო, გაფორმება და იდეა   პრიზები მიიღეს „შუშანიკ“ კავშირის წევრმა ლეილა დავთიანმა, „სურბ გევორგის ეკლესიის მოყვარულ ქალთა“ კავშირის წევრმა აიდა უთმაზიანმა, შპს „კომფორტმა“, პრიზი „აბსოლუტური გამარჯვებული" წილად ხვდა რესტორან „მაისს“. გამარჯვებულებმა მიიღეს საჩუქრები კომპანიისგან „არაი“. სომხეთის რესპუბლიკის მთავარი მზარეულის განცხადებით, დიასპორაში სომხური ეროვნული არამატერიალური ფასეულობების შენარჩუნების და განვითარების, კერძოდ ტოლმის პოპულარიზაციის მიზნით, ყოველწლიურად მაისის თვის ყველა დღესასწაული   ტოლმის დაფასებით უნდა მიმდინარეობდეს.

ღონისძიება გამაგრილებელი წყლებით უზრუნველყო მაღაზია „არმენიას“ კომპანია „ვივამ“, სომხური ლავაშით - კომპანიამ „ბებოს ლავაში“,    შემოწირულობა გააკეთა ასევე მხატვარმა თენგიზ მიკოიანცმა.

საქართველოს სომეხ ქალთა "შუშანიკ“ კავშირი   მადლიერებას გამოუხატავს   ყველა მხარდამჭერს.

20017510 20017752 20023737 20116983 

20157917 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)