საქართველოს სომეხთა ეპარქიის ერთდღიანი სკოლების კურსდამთავრებულებს გადაეცათ სერტიფიკატები |
სიახლეები |
2017 წლის 18 ივნისს, თბილისის “სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის საპატიო წინამძღოლობით, მღვდელ ვირაპ ღაზარიანის და მღვდელმსახურთა მონაწილეობით, საკვირაო საღმრთო ლიტურგიის შემდეგ გაიმართა "სურბ გრიგორ ნარეკაცი" და "სურბ ეღია მარგარე“ ერთდღიანი სკოლების 2016-2017 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს პირველი მდივანი არტურ სარგსიანი, მრჩეველი არტაკ გრაბსკი, ერთდღიანი სკოლების მოწაფეები, მასწავლებლები, მშობლები, მორწმუნეები. ეპარქიის განათლების განყოფილების დირექტორმა ევგენია მარკოსიანმა დამსწრეებს მიულოცა მთავარი საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის დღესასწაული და წარადგინა მშობლიური ენის სწავლების ერთდღიანი სკოლების 38 კურსდამთავრებული, რომლებმაც წარმატებით გაიარეს სომხური წიგნიერების და ისტორიის ორწლიანი კურსები, ასევე სამეტყველო ენის ფლობის გაკვეთილები. განათლების განყოფილების დირექტორმა ეპარქიის წინამძღვარს სთხოვა კურთხევა კურსდამთავრებულებისთვის სერტიფიკატების გადასაცემად. ორივე სკოლის კურსდამთავრებულებმა ლამაზი სომხურით, სწორი გამოთქმით მადლობის სიტყვით მიმართეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს, მასწავლებლებს, რომელთაც მათ მშობლიური ენის სწავლისა და წინაპრების ფესვებთან დაახლოების შესაძლებლობა მისცეს. მათ ასევე ლექსები წაიკითხეს და დაიმსახურეს დამსწრეთა დაფასება. კურსდამთავრებულებს ორწლიანი სკოლის დამთავრება მიულოცა და ეპარქიის საეპისკოპოსოს და განათლების განყოფილებას მადლიერების სიტყვით მიმართა დიპლომატმა არტურ სარგსიანმა. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა მაღალი შეფასება მისცა ეპარქიის განათლების განყოფილების დირექტორს, ევგენია მარკოსიანს, მასწავლებლებს: როზა ზორაბიანს, თამარა გაბოიანს, რევიკ კარაპეტიანს, სულიერ ინსპექტორს, დიაკვან გევორგ ანტონიანს თავდადებული სამუშაოსა და ახალგაზრდების წინაპრების ტრადიციებთან დაბრუნების საქმეში შეტანილი წვლილისთვის. წინამძღვარმა ახალგაზრდებს მოუწოდა სომეხთა ეკლესიასთან კავშირის შენარჩუნებისა და ამაყად სომეხი ადამიანის სახელის ტარებისკენ. საქართველოს სომხურ სათვისტომოში მშობლიური ენის შენარჩუნების, დედა სამშობლოსა და სომეხთა ეკლესიის ისტორიის სომეხი ახალგაზრდისთვის სწავლების მიზანს ემსახურება სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის მხარდაჭერით და მფარველობით მოქმედი ერთდღიანი სკოლების საქმიანობა. ჯერ კიდევ 20 წლის წინ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, ცხონებული არქიეპისკოპოსის, გევორგ სერაიდარიანის ინიციატივით დაარსებული „სურბ ეღია მარგარე“ საკვირაო სკოლას დაემატა და საქართველოს სომეხთა ეპარქიის მფარველობით მოღვაწეობს სასწავლებლები: ბათუმის „ალექსანდრე მანთაშიანც“, სამცხე ჯავახეთის ეპარქიალური ვიკარიატის ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიასთან მოქმედი, ნინოწმინდის „რაფაელ ჯავახ“ და რუსთავის „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ სასულიერო, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდული ცენტრებში. |