"რაფაელ ჯავახ" კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრის დასკვნითი ღონისძიება |
სიახლეები |
2017 წლის 11 ივნისს, ნინოწმინდაში გაიმართა საქართველოს სომეხთა ეპარქიის "რაფაელ ჯავახ" კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრის სასწავლო წლის ბოლო ზარის და კურსდამთავრებულთა დასკვნითი ღონისძიება ღია ცის ქვეშ. ღონისძიებას ესწრებოდნენ ნინოწმინდის რაიონის გამგეობის თავმჯდომარე გაგიკ ღარსლიანი, „სურბ სარგის“ ეკლესიის და მიმდებარე სოფლების სულიერი მოძღვარი მღვდელი არმაშ პოღოსიანი, მონრეალის წმინდა სამების ეკლესიის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ოჰან ოჰანისიანი, სტუმრები სომხეთსა და საქართველოდან, ცენტრის აღსაზრდელები, მშობლები, ადგილობრივები. ღონისძიებას თავისი დასწრებით პატივი დასდო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა, სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსის არქიმანდრიტ ბაბგენ სალბიანის თანხლებით. ღონისძიება გახსნა ცენტრის ხელმძღვანელმა ჟორა სნხჩიანმა, რომელმაც ისაუბრა ცენტრის მიზნობრივი საქმიანობის მნიშვნელობაზე, რომელიც მდგომარეობს რაიონის 300-მდე აღსაზრდელის დამატებითი საგნებით განათლებასა და აღზრდაში, ესენია: სომხეთის და სომეხთა ეკლესიის ისტორია, მხატვრული კითხვა, ფერწერა, ფარდაგის ქსოვა. ხელმძღვანელმა სნხჩიანმა განსაკუთრებული სიამაყით აღნიშნა, რომ ცენტრის “არავოტ ლუსო“ მომღერალთა გუნდის წევრმა ანა ღარსლიანმა იტალიის ქალაქ ბეზანოში 200-ზე მეტ მონაწილეთა შორის დაიმსახურა ლა- სკალას ოპერაში მასტერკლასების გავლის პატივი, ცენტრის კურსდამთავრებულმა თაგუჰი ჰოვანისიანმა კი, ინგლისურის დახვეწის მიზნით, ერთი წლით სასწავლებლად მიემგზავრება აშშ-ში. ღონისძიება მიეძღვნა ცენტრის სასწავლო წლის დასასრულს და, სამი წლის სწავლების შემდეგ 7 კურსდამთავრებულისთვის მოწმობების გადაცემას. ყოველმა კურსდამთავრებულმა, საპატიო სტუმრებისგან მოწმობის მიღების შემდეგ, მადლობის სიტყვა თქვა. კურსდამთავრებულთა ზეიმი დამშვენდა ლამაზი კონცერტით, ცენტრის უმცროსი თაობის ღონისძიებას ახალი ხმა შეჰმატეს ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა და „არავოტ ლუსო“ გუნდის (ქორმაისტერი: ირინა ღარსლიანი), „წაღკაზარდ“ ცეკვის ანსამბლის (ქორეოგრაფი: სევაკ ბდოიანი), „პარნას“ დეკლამაციის (პედაგოგი: სათენიკ სნხჩიანი) და ინგლისურის წრეების (მასწავლებელი: ანუშ თოვმასიანი) აღსაზრდელებმა. სტუმრებმა დაათვალიერეს ცენტრის უმცროსი აღსაზრდელების (მასწავლებელი: რუზანა სირაკანიანი) ნახატების გამოფენა. "რაფაელ ჯავახ" კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრი მოქმედებს საქართველოს სომეხთა ეპარქიის ნინოწმინდის „სურბ სარგის“ ეკლესიასთან. ცენტრის მიზანია რეგიონის ახალგაზრდებში ეროვნული აზროვნების, სულიერი აღორძინების და სომხურ კულტურასთან შეხების მიმართულებით უნარ-ჩვევების განვითარება. ცენტრის შენობა შეძენილ იქნა რუსეთში მცხოვრები ნინოწმინდელი ძმების არმენის და თათულის შემოწირულობით და საქმიანობს საქართველოს სომეხთა ეპარქიის საეპისკოპოსოს მატერიალური მხარდაჭერით. |