1geo

fb you od

ჯავახეთში ხელახლა აკურთხეს ლომატურცხის „სურბ ფრკიჩ“ (წმინდა მაცხოვრის) ეკლესია PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

a1 

2017 წლის 11 ივნისს,   სადღესასწაულო ხიბლი ჰქონდა  თრიალეთის სამხრეთის კალთებზე   მოთავსებულ   ახალქალაქის  რაიონის სოფელ  ლომატურცხს, რომელსაც 350 მოსახლე ჰყავს.   სოფლის მოსახლეობა - დიდი თუ პატარა, სოფლიდან გადასახლებულები, თავიანთი ოჯახებით, მეგობრებით ჩამოსულები იყვნენ პირველი კურთხევიდან 111 წლის შემდეგ სოფლის  „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის ხელახალი კურთხევის საზეიმო ცერემონიაზე.   

უძველესმა ეკლესიამ საბჭოთა კავშირის პერიოდში  დაკარგა   თავისი ფუნქცია, გადაიქცა კოლმეურნეობის საწყობად, საქორწილო და დაკრძალვის ცერემონიალების დარბაზად, მალე კი საერთოდ უყურადღებოდ იქნა მიტოვებული.

სოფლის ღირსეულმა შვილებმა სედრაკ და არტურ ხაჩატრიანებმა ბავშვობა  ეკლესიის ეზოში თამაშით გაატარეს და ხშირად ესმოდათ მშობლების - ვარდისა და ნუნუფარის, სინანულის   სიტყვები   ეკლესიის ჩამონგრევის თაობაზე.  2016 წელს ძმებმა გადაწყვიტეს ლოცვას მოკლებული და მოუვლელი ეკლესიის აღდგენა და თანასოფლელებისთვის    ღმერთით ცხოვრების, ლოცვით    საქმიანობის, ყოვლისშემძლე ღმერთის ლოცვა-კურთხევით   ქორწინების, წმინდა მირონით მონათვლის შესაძლებლობის მიცემა.   

მოკლე დროში სოფლის  მშენებელი  ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობით  და აქ მცხოვრები გევორგ ირიციანის  კოორდინაციით, ძმების  ხაჩატრიანების ქველმოქმედებით განხორციელდა ეკლესიის    რეკონსტრუქცია.   

ეკლესია ხელახლა აკურთხა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა  ვაზგენ მირზახანიანმა, სამცხე-ჯავახეთისა და წალკის  საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსის, არქიმანდრიტ  ბაბგენ სალბიანის მონაწილეობით. კარის გახსნის ცერემონიის შემდეგ,   მირონის სცხეს „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის წმინდა საკურთხეველს, ნათლობის აუზს და 16 სვეტს.   

ცერემონიას ესწრებოდნენ  საქართველოს პარლამენტის წევრი ჰენზელ მკოიანი, ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ჰამლეტ მოვსისიანი, ახალქალაქის რაიონის გამგებელი ედუარდ აღასარიანი,  ტორონტოს წმინდა სამების ეკლესიის სამრევლო საბჭოს თავმჯდომარე ოჰან ოჰანისიანი, სომხეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის   არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის მკვლევარები სონა ნერსისიანი და ლუსინე ტანაჯიანი, სტუმრები საქართველოდან, რუსეთის სხვადასხვა ქალაქებიდან, აშშ-დან და მრავალი მორწმუნე.    

რეკონსტრუირებულ და ხელახლა ნაკურთხ   ეკლესიაში  პირველი საღმრთო ლიტურგია აღავლინა ახალქალაქის სოფელ  არაკოვას „სურბ გევორგ“ ეკლესიის და მიმდებარე სოფლების სულიერმა მოძღვარმა, ღირსეულმა  მღვდელმა  თადევოს ტერ-მკრტჩიანმა. დაინთო პირველი სანთლები. საღმრთო ლიტურგიის დროს    111 წლის შემდეგ  შესრულდა აღსარების წესი და მორწმუნეებმა მიიღეს   ზიარება. ღვთისმსახურება დასრულდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის   დამცავი ლოცვით.

შემდეგ, „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის ხელახალი კურთხევის აღსანიშნავად, მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა  დღესასწაული.   საჯარო სკოლის დირექტორმა ჰოვანეს შურაღიანმა წარმოადგინა ლომატურცხის დაარსების ისტორია, ისაუბრა ეკლესიის მშენებლობაზე და მადლიერების სიტყვები უთხრა  ერის ღირსეულ ქველმოქმედ შვილებს.

სადღესასწაულო დღესთან დაკავშირებით, გამომსვლელებმა დააფასეს ერის ღირსეული შვილების ქველმოქმედება, ასევე ის, რომ ისინი ამჟამად სხვაგან მოღვაწეობენ, მაგრამ არ ავიწყდებათ მშობლიური მხარე, მშობელი ხალხი და თავიანთი წვლილი შეაქვთ მშობლიური მხარის   კეთილდღეობაში. შემდეგ სოფლის მოსწავლეებისა და ახალგაზრდების მონაწილეობით გაიმართა ლამაზი კონცერტი.    

სადღესასწაულო დღე  დასრულდა სოფლის მცხოვრებთათვის სედრაკ და არტურ ხაჩატრიანების მიერ მოწყობილი მასპინძლობით.   

ახალქალაქის რაიონის სოფელ ლომატურცხში დღევანდელ  მცხოვრებთა წინაპრები დასახლდნენ   1837 წელს.  1829 წელს გადმოსახლდნენ დასავლეთ სომხეთის ერზრუმის ბასენის პროვინციის ალვარ და ბაჰარ სოფლებიდან.  თავიდან დასახლდნენ სოფელ ეხტილაში, შემდეგ გადმოსახლდნენ ლომატურცხში.  მშრომელმა და შემოქმედმა ხალხმა დაიწყო ეკლესიის მშენებლობა, რომელიც  მხოლოდ  1906 წელს აკურთხეს „სურბ ფრკიჩ“ სახელით.  მოსახლეობის ძირითადი   საქმიანობა არის მიწათმოქმედება და მეცხოველეობა.   სოფელში მცხოვრებთა შორის ბევრია ინტელიგენციის წარმომადგენელი.    ლომატურცხი,  აზავრეთთან,  ბურნაშეთსა და  ღადოლართან ერთად შედის აზავრეთის ტერიტორიული ერთეულის შემადგენლობაში. ლომატურცხი    მდებარეობს ზღვის დონიდან 2100 მეტრის სიმაღლეზე.

1 2 3 4 

5 6 7 8 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)