თბილისის არამ ხაჩატურიანის სახელობის მე-10 მუსიკალურ სკოლაში კეთილ ტრადიციადაა ქცეული მსოფლიო ცნობილი კომპოზიტორის დაბადების დღის აღნიშვნა ღია კონცერტით, რაც ასევე კომპოზიტორის სახელის ღირსეულად ტარების ანგარიშის ჩაბარებაა. ტრადიცია წელსაც შენარჩუნდა.
2017 წლის 3 ივნისს, თბილისის უძველეს ავლაბრის უბანში მდებარე მე-10 მუსიკალურ სკოლაში საზეიმო განწყობა იყო. მოსწავლეებს, რომლებიც სკოლაში ეუფლებიან სხვადასხვა მუსიკალურ საკრავზე დაკვრას, თავიანთი მიღწევები უნდა ეჩვენებინათ არა მხოლოდ მშობლებისა და მასწავლებლების წინაშე, არამედ მრავალი ცნობილი კომპოზიტორის და საპატიო სტუმრების თანდასწრებით. კონცერტს ესწრებოდნენ საქართველოს ცნობილი მუსიკოსი, საქართველოს სახალხო არტისტი ვაჟა აზარაშვილი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეები მერაბ მერაბიშვილი, ელიზბარ ლომდარიძე, მუსიკის სხვადასხვა ეროვნების ერთგულნი. ღონისძიებას თავისი დასწრებით პატივი დასდო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. მუსიკის ახალგაზრდა მოყვარულების მიერ შესრულდა კონცერტზე დამსწრე კომპოზიტორების, ასვე კომიტასის, არამ ხაჩატურიანის, არნო ბაბაჯანიანის, დიმიტრი არაყიშვილის, კახა ცაბაძის, რევაზ ლაღიძის, ალექსანდრე მაჭავარიანის, ასევე სხვა კლასიკოსების 32 ნაწარმოები. სკოლის დირექტორმა, სომხეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს ოქროს მედლის კავალერმა, ტარიელ ბერაძემ, მაღალი შეფასება მისცა სომხურ-ქართულ კულტურულ კავშირებს, ამ სკოლაში დამკვიდრებულ ტრადიციებს. თბილისში დაბადებული ნიჭიერი კომპოზიტორის სახელის ტარება ამ სკოლისთვის დიდი პატივია, ასევე დამავალდებულებელი. ამიტომაც ყოველწლიურად კომპოზიტორის დაბადების დღის კონცერტით აღნიშვნა თაობების საუკუნოვანი მეგობრობის სულისკვეთებით აღზრდის მოწმობაა, - აღნიშნა თავის სიტყვაში სკოლის დირექტორმა. არამ ხაჩატურიანის სახელის უკვდავყოფა ახალგაზრდა თაობის მუსიკალური აღზრდის მიმართულებით ამ ჭეშმარიტად კულტურული კერის მიერ კეთილის დაფასების, მოყვასის სიყვარულის, რწმენით ცხოვრების ზოგადსაკაცობრიო მიდგომაა.
|