თბილისელი სომხები გაეცნენ კრებულს „ერთად ქმედებით“ |
სიახლეები |
2017 წლის 21 მაისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა „ერთად ქმედებით“ კრებულის პრეზენტაცია. კრებული იმ პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც ფინანსდება დი ვი ვი ინთერნეიშნალ (DVV International) ორგანიზაციის მიერ და მიზნად ისახავს სომხეთის, თურქეთის და გერმანიის ახალგაზრდების თანამშრომლობით სომეხთა გენოციდიდან 100 წლის შემდეგ, შეხების საერთო წერტილების მოძებნას, რაც ხელს შეუწყობს ორ დაპირისპირებულ მხარეთა შორის თანამშრომლობის განვითარებას, სიმართლის მოსმენას და ერთმანეთის უფრო მრავალმხრივად გაცნობას. ამ მიზნით, ახალგაზრდების ჯგუფი ეწვია გიუმრის, არაგაწოტნის რეგიონს, ეჯმიაწინსა და ერევანს, შეხვდა გენოციდ გადატანილ და რის ვაივაგლახით გადარჩენილთა შთამომავლებს, მასალები შეაგროვა ამ საშინელი დანაშაულის, გადარჩენის და აღორძინების შესახებ. ახალგაზრდები გაეცნენ ადგილობრივთა ყოფა-ცხოვრებას, გაეცნენ მომავლის ხედვას. ინიციატივის ავტორებმა შეკრებილ მასალას თავი მოუყარეს კრებულში „ერთად ქმედებით“. სირიაში ომის, თურქეთსა და ქურთულ შრომის პარტიას შორის შეიარაღებული კონფლიქტის , ასევე "ისლამური სახელმწიფოს" დაჯგუფების ტერორისტული აქტების გამო, ახალგაზრდების მოგზაურობა თურქეთში ვერ შედგა გაწერილი მარშრუტით, რის შედეგადაც წიგნში ცარიელია დარჩენილი თურქ ხალხთან შეხვედრების და საუბრების ჩანაწერების ადგილი. „ერთად ქმედებით“ წიგნის პრეზენტაციას ესწრებოდა დი ვი ვი ინთერნეიშნალ (DVV International) ორგანიზაციის რეგიონალური ოფისის დირექტორი მათიას ქლინგენბერგი. ბატონმა მათიასმა ისაუბრა სომეხთა გენოციდის შესახებ, პარალელები გაავლო ებრაელი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებულ გენოციდთან, დააფასა ჰოლოკოსტის აღიარება და კომპენსაცია. წიგნში საუბარია შირაქის ეპარქიის წინამძღვართან, მის ყოვლადუსამღვდელოესობასთან ეპისკოპოს მიქაელ აჯაპაჰიანთან სომეხი და თურქი სტუდენტების შეხვედრაზე. ასევე არის ფოტოები და მასალები 1920 წელს ალექსანდრაპოლში გახსნილ ობოლთა თავშესაფარზე, სადაც თავი შეაფარა 50 ათასმა დევნილმა. გამომსვლელმა შეაჯამა სიტყვა, ხაზი გაუსვა თანამშრომლობით შეძენილ შედეგს, რომლის თანახმად თურქი ახალგაზრდების აზროვნებაში გარკვეული წინსვლა შეიმჩნევა. ჯგუფის წევრების აზრი სამად გაიყო , ერთი ნაწილი დარწმუნებულია, რომ ეს გენოციდი იყო, მეორე - ამტკიცებს, რომ არ იყო გენოციდი, მესამე კი ამბობს, თუ ადრე ფიქრობდნენ, რომ არ იყო გენოციდი, ახლა დარწმუნებულნი არიან, რომ ეს იყო გენოციდი. გამომსვლელმა ასევე წარმოადგინა აღნიშნული პროექტის სხვა კომპონენტები, ერთი რომელთაგანი იქნება თურქი და სომეხი ახალგაზრდების თანამშრომლობის განვითარება და „ერთმანეთთან საუბრით“ სათაურით შემდეგი წიგნის გამოცემა. ორგანიზაციის რეგიონალური ოფისის დირექტორმა მათიას ქლინგენბერგმა უპასუხა დამსწრეთა შეკითხვებს. შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს „ერთად ქმედებით“ წიგნის სომხურ-ინგლისური გამოცემა. |