სუმგაითის, ბაქოსა და კიროვაბადის სომეხთა დარბევის მსხვერპლთა ხსოვნის ღონისძიება თბილისში |
სიახლეები |
2017 წლის 28 თებერვალს, თბილისის სასტუმრო რედისონ-ბლუს დარბაზში გაიმართა სუმგაითის, ბაქოსა და კიროვაბადის სომეხთა დარბევის მსხვერპლთა ხსოვნის საღამო. ხსოვნის ღონისძიება ორგანიზებული იყო თბილისში მოქმედი სომხური ორგანიზაციების მიერ. ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც თბილისის სომეხი ინტელიგენციის წარმომადგენლები, სათემო მოღვაწეები და საზოგადოებრიობის წარმომადგენლები, ასევე ქართველი საზოგადო მოღვაწეები და ინტელიგენციის წარმომადგენლები. ღონისძიებას ესწრებოდნენ ასევე საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. სომეხთა ხოცვის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს ასევე საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს დიპლომატებმა, საქართველოს სომეხთა ეპარქიის მღვდელმსახურებმა და თანამშრომლებმა. ღონისძიება დაიწყო პანაშვიდის ლოცვით. რომელიც აღავლინეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა და მღვდელმსახურებმა. დამსწრეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სუმგაითის, ბაქოსა და კიროვაბადის სომეხთა დარბევის მსხვერპლთა ხსოვნას. შემდეგ ხსოვნის საღამოს წამყვანებმა - ლიზა თოროსიანმა და მიქაელ ავაგიანმა, სომხურ და ქართულ ენებზე წარმოადგინეს საქართველოს სომხური არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ქვეყნის ხელმძღვანელობისადმი მიმართული წერილი - საქართველოს მრავალეროვნული მოსახლეობის მშვიდობიანი თანაცხოვრების წინააღმდეგ მიზანმიმართული ნაბიჯების პრევენციის განცხადებით. სიტყვით გამოვიდნენ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს პირველი მდივანი არტურ სარგსიანი, არასამთავრობო ორგანიზაციის, "საქართველოს სომეხთა სათვისტომოს", თავმჯდომარე სამველ მკრტჩიანი, ქართველ სომეხთა კავშირის კოორდინატორი მარი არაქელოვა, საქართველოს მშვიდობის ფონდის თავმჯდომარე გიორგი თუმასიანი. გამომსვლელებმა სხვადასხვა ენებზე წარმოადგინეს საშინელი მოვლენები, საერთაშორისო პოლიტოლოგებისა და მედიასაშუალებების რეაქცია სომეხების დარბევების საპასუხოდ. ნაჩვენები იქნა დოკუმენტალური ფილმი, რომელიც ასახავდა სუმგაითის, ბაქოსა და კიროვაბადის მოვლენებს. გამომსვლელებმა დაგმეს სუმგაითის, ბაქოსა და კიროვაბადის 1988-1991 წლების ხოცვა და დარბევა. ხოცვა-ჟლეტის განწყობა გრძელდება არცახის საზღვრებზე, სადაც აზერბაიჯანის ჯარისკაცის ტყვიით დღესაც იღუპებიან სომეხი ჯარისკაცები. გამომსვლელებმა საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანლებს მოუწოდეს არ ჩაებნენ საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოსა და აზერბაიჯანიდან საქართველოში ჩამოსული „ემისრების“ ინტრიგებში და გააგრძელონ საქართველოს ტრადიციები, საქართველოს დალოცვილ მიწაზე იცხოვრონ მეგობრობისა და მშვიდობის ატმოსფეროში. ღონისძიების კულტურულ ნაწილში გაჟღერდა სომხური დუდუკი ივანე მკრტჩიანის შესრულებით, ასევე შესრულდა კლასიკური ნაწარმოებები, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სიმებიანი ინსტრუმენტების კათედრის გამგის, პროფესორ ერნსტ არაქელოვის ვიოლინოს კლასის სტუდენტების, ჰენრიხ ეროიანის, ნათია ჭიაშვილის, ტატა ქორქაძისა და ტატა გვაზავას მიერ. ფორტეპიანოზე აკომპონემენტი - ირინა პლატონოვასი. ხსოვნის ღონისძიება დაასრულა თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო ეკლესიის გუნდმა „მაკა ეკმალიან“, ქორმაისტერი - სვეტლანა ტატოევა, ორგანისტი - კარენ მირზოიანი. |