1geo

fb you od

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

წმინდა იერემია წინასწარმეტყველის ხსენების დღე

 

წინასწარმეტყველი იერემია, ძველი აღთქმის ოთხ უდიდეს წინასწარმეტყველთაგან ერთ-ერთი, იყო ანათოთელი მღვდლის ექელკისიას შვილი. იგი მოღვაწეობდა იუდეველთა სახელმწიფოს ისტორიის ყველაზე მძიმე პერიოდში - ისრაელის მეფის იოსიასა და მისი ოთხი მემკვიდრის მეფობის ჟამს. 15 წლის იერემიას გამოცხადებით ეუწყა, რომ შობამდე იყო მოწოდებული წინასწარმეტყველად. მას შეეშინდა ასეთი დიდი და მძიმე მსახურებისა, რადგან ჯერ ყრმა და გამოუცდელი იყო, მაგრამ უფალმა თანადგომა და მფარველობა აღუთქვა.იერემია ყოველ ღონეს ხმარობდა ცოდვებისაგან დამძიმებული თანამემამულეების მოსალოდნელი ღვთის რისხვისაგან დასახსნელად. 23 წლის მანძილზე წინასწარმეტყველებდა იგი, ქადაგებდაიერუსალიმის ტაძარში, ქალაქის კარიბჭესთან, მეფის სასახლეში, მოედნებზე და სხვა ხალხმრავალ ადგილებში, ამხელდა იუდეველებს ჭეშმარიტი ღვთისგან განდგომისა და კერპთაყვანისმცემლობისათვის.
ბაბილონელთაგან იუდეველთა მომავალი დამონების ნიშნად, ღვთის ბრძანებით იერემია ქედზე ატარებდა ჯერ ხის, შემდეგ კი რკინის უღელს. მისი საშინელი წინასწარმეტყველებით შეძრწუნებულმა იუდეველმა უხუცესებმა იერემია ბინძურ ჭაში ჩააგდეს, სადაც შიმშილისა და ნესტისაგან სიკვდილი ემუქრებოდა, ერთ ღვთისმოშიშ საჭურისს - აბიმელექს რომ არ გამოეხსნა.
იერემიას წინასწარმეტყველება მალე ახდა: ბაბილონის მეფემ ნაბუქოდონოსორმა იუდეა დაიპყრო, ხალხი ამოწყვიტა, დარჩენილები ტყვედ წაასხა, იერუსალიმი კი გაძარცვა და დაარბია. თავად იერემია გაათავისუფლეს, არჩევანის უფლებაც მისცეს - წასულიყო ბაბილონში, ან სამშობლოში დარჩენილიყო. იერემია ნანგრევებადქცეულ ქალაქში დარჩა, რადგანაც მიაჩნდა, რომ იუდეაში მის ყოფნას მეტი სარგებლობის მოტანა შეეძლო ხალხისათვის. გადმოცემით, წინასწარმეტყველმა აღთქმის კიდობანი გადამალა ნაბათის მთის ერთ-ერთ ნაპრალში ისე, რომ იუდეველებს მისი მოძებნა არ შეძლებოდათ. შემდგომ გააკეთეს ახალი კიდობანი, მაგრამ მას ძველის დიდება არ ჰქონდა.
სამშობლოში დარჩენილ იუდეველებს შორის მტრობა ჩამოვარდა. ქალდეველთა მიერ იუდეაში ერისმთავრად დანიშნული ღოთოლია მუხანათურად მოკლა ერთმა იუდეველმა მხედარმა, შემდეგ კი გაექცა შურისმაძიებელთა რისხვას და არონიტელებს შეაფარა თავი. იუდეველთა უმრავლესობა ეგვიპტეში გაიხიზნა. თავად იერემიაც, მისი წინააღმდეგობის მიუხედავად, ეგვიპტის ქალაქ ტაფნისში წაიყვანეს. აქ იგი ოთხი წელი ცხოვრობდა და ეგვიპტელების დიდი პატივისცემითაც სარგებლობდა. როდესაც იერემიამ იწინასწარმეტყველა ბაბილონელთა შემოჭრა ეგვიპტეში და იქ მცხოვრები ებრაელების ამოჟლეტა, იუდეველებმა წინასწარმეტყველი ქვებით ჩაქოლეს. იმავე წელს იერემიას წინასწართქმა ახდა. არსებობს გადმოცემა, რომ 250 წლის შემდეგ ალექსანდრე მაკედონელმაწინასწარმეტყველის ნეშტი ალექსანდრიაში გადაასვენა.

აღნიშნის თარიღი

28.08.2008
27.08.2009
26.08.2010
25.08.2011
23.08.2012
29.08.2013
28.08.2014
27.08.2015
25.08.2016
24.08.2017
23.08.2018
29.08.2019
27.08.2020
26.08.2021
25.08.2022
24.08.2023
29.08.2024
28.08.2025
27.08.2026
26.08.2027
24.08.2028
23.08.2029
29.08.2030