![]() |
![]() |
![]() |
წმინდა აკეფსიმე ეპისკოპოსის, წმინდა იოსებ ხუცესის, აითალე დიაკონის და წმინდა პლატონის ხსენების დღე
წმინდა აკეფსიმე ეპისკოპოსი, წმინდა იოსებ ხუცესი და აითალე დიაკონი IV საუკუნეში აწამეს. წმინდა მოწამე აკეფსიმე ეპისკოპოსი სპარსეთის ქალაქ ლაესონის ეკლესიას განაგებდა. მეფე შაპუჰ მეორემ ქრისტიანი ღმრთისმსახურების დროს მოძებნა და მისი სიკვდილით დასჯა ბრძანა. შეიპყრეს ეპისკოპოსი აკეფსიმე, რომელიც იმ დროს ოთხმოცი წლის მოხუცი იყო. გადმოგვცემენ, რომ, როცა ნეტარი დააკავეს, ერთმა ნაცნობმა მოახერხა, მას მიახლოებოდა და წასჩურჩულა, დაებარებინა, თუ ვის უტოვებდა სახლს. წმიდანმა უპასუხა: „ჩემო მეგობარო, უცნაური და უგნური საქმეა ამ მწირ ნაგებობაზე ზრუნვა მაშინ, როცა ზეცათა მეუფე მიბრძანებს გადასახლებას დიდების სახლში, რომელ არს ცათა შინა“. უფლის რჩეული ქალაქ არბელაში მზის კერპის ქურუმის სამსჯავროზე წარადგინეს. ნეტარმა უარი განაცხადა სპარსთა ღვთაებებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე, რისთვისაც სასტიკად სცემეს და საპყრობილეში ჩააგდეს. მეორე დღეს, სასტიკი წამების შემდეგ, მასთან გამოამწყვდიეს სამოცდაათი წლის ხუცესი იოსები და დიაკონი აითალეც. სამი წელი იტანჯებოდნენ წმიდანები ტყვეობაში. არბელას მახლობლად მდებარე მზის ტაძარში მისულმა მეფე საპორმა სამი წმინდა მარტვილის ნახვა ისურვა. დაუძლურებულნი, წყლულებით სხეულდაფარულნი წარდგნენ წმიდანები მეფის წინაშე, მაგრამ კვლავ მხნედ აღიარეს ქრისტე და წარმართული ღვთაებების თაყვანისცემაზე მტკიცე უარი განაცხადეს. მაშინ წმინდა ეპისკოპოსს თავი მოჰკვეთეს, მღვდელი და დიაკონი კი ქალაქში გაიყვანეს ქვებით ჩასაქოლად. აღნიშნის თარიღი04.11.2008 |