![]() |
![]() |
![]() |
პატრიარქების - წმინდა მიტროპანეს, წმინდა ალექსანდრეს და წმინდა პავლე აღმსარებლის და წიგნისმკითველი წმინდა ნოტარიუსების - მარკიანეს და მარტინეს ხსენების დღე
წმინდა მიტროპანე პატრიარქი იმპერატორ პრობუსის ვაჟი იყო. ეპისკოპოსად ხელდასხმულ იქნა ბიზანტიის ეპისკოპოსის ტიტოს მიერ, შემდეგ შეცვალა იგი. მას ბრწყინვალე რეპუტაცია ჰქონდა, რამაც იმოქმედა კონსტანტინე დიდის გადაწყვეტილებაზე ახალადაშენებული დედაქალაქის ადგილმდებარეობის განსაზღვრის დროს. იმავე იმპერატორმა იგი კონსტანტინეპოლის პირველ ეპისკოპოსად დანიშნა. ხანდაზმულობის გამო იგი 325 წელს ვერ დაესწრო ნიკეის პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებას, თავის მაგივრად გაგზავნა ალექსანდრე, რომელმაც შემდგომში მისი ადგილი დაიკავა. გარდაიცვალა მშვიდი სიკვდილით, 326 წელს.
წმინდა ალექსანდრე პატრიარქმა ეპისკოპოსობის ტახტზე შეცვალა წმინდა მიტროპანე. გადმოცემის თანახმად, იგი ეპისკოპოსად ხელდასხმულ იქნა ნიკეის პირველ მსოფლიო საეკლესიო კრების მონაწილე პატრიარქთა მიერ, როდესაც ისინი იმპერატორის მიწვევით მონაწილეობდნენ მისი წინამორბედის დაკრძალვაზე. წმინდა ალექსანდრე დაესწრო ქრისტიანული ეკლესიის პირველ მსოფლიო კრებას. იყო სამართლიანი და მტკიცე რწმენის მქონე პატრიარქი, რომელიც მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ებრძოდა არიანელებს და წარმართ ფილოსოფოსებს. საეკლესიო გადმოცემა მოწმობს, რომ მისი და წმინდა იაკობ პატრიარქის ლოცვის წყალობით, არიოსმა სასტიკი სიკვდილით დაასრულა ცხოვრება. წმინდა პავლე აღმსარებელი პატრიარქი დაიბადა სელანიკში, იყო ღვთისმოსავი, ღვთისმოშიში და ბიბლიის შესანიშნავი მცოდნე. იგი პატრიარქად აირჩიეს კონსტანტინეპოლის პატრიარქის წმინდა ალექსანდრე შემდეგ. არიანელთა წინააღმდეგ მკაცრი პოზიციის გამო იგი გადაასახლეს, 338 წელს დაბრუნდა კონსტანტინეპოლში. იგი სამჯერ იქნა გადასახლებული. ბოლო გადასახლებაში იყო სომხეთის ქალაქ კოქსინში, სადაც, როდესაც პატრიარქი საღვთო ლიტურგიას აღასრულებდა, არიანელები ტაძარში შეიჭრნენ და წმინდანი ომოფორით მოახრჩვეს. ეს მოხდა 350 წელს. 381 წელს წმინდა იმპერატორმა თეოდოსი დიდმა ნეტარი აღმსარებლის უხრწნელი ნაწილები პატივით გადააბრძანა კონსტანტინეპოლში. 1326 წელს სიწმინდე ვენეციაში გადაასვენეს. წმინდა მარკიანე და წმინდა მარტინე მწიგნობრები კონსტანტინეპოლის საპატრიარქოში მსახურობდნენ, იყვნენ ნოტარიუსები, ეხმარებოდნენ პატრიარქს წმინდა პავლე აღმსარებელს. მწიგნობრებმა პატრიარქის გარდაცვალების ამბავი მთელს ერში გაავრცელეს, წმინდა პავლე პატრიარქის გარდაცვალების მიზეზად კი არიანელებს ასახელებდნენ. რომ გაეჩუმებინათ, ქალაქის არიანელი ეპარქის ბრძანებით, 350 წელს თავი მოჰკვეთეს მათ. აღნიშნის თარიღი06.11.2008 |