![]() |
![]() |
![]() |
წმინდა პეტრე პატრიარქის, წმინდა ვლას ეპისკოპოსის და წმინდა აპისოღომ დიაკვნის ხსენების დღე
ალექსანდრიის წმინდა პეტრე პატრიარქი, წმინდა ვლას ეპისკოპოსი და წმინდა აპისოღომ დიაკვანი მსოფლიო ეკლესიის დიდ წმინდანთაგან არიან. იმპერატორ დიოკლეტიანესა და მაქსიმინუსის მიერ (284-305) ქრისტიანთა დევნისას, ნეტარი პეტრე ქალაქიდან განდევნეს. მან წმინდა აპისოღომ დიაკვნის მხარდაჭერით, იმპერიის მრავალი ოლქი შემოიარა, ბოლოს კი ისევ დაუბრუნდა მშობლიურ ქალაქს, რომ განსაცდელის ჟამს პირადად ეხელმძღვანელა ალექსანდრიის ეკლესიისათვის. მღვდელმთავარი ფარულად ნახულობდა საპყრობილეში გამომწყვდეულ ქრისტიანებს, ეხმარებოდა ქვრივებსა და ობლებს, ქადაგებდა ღვთის სიტყვას და ღვთისმსახურებას აღასრულებდა. უფალიც იცავდა თავის რჩეულს მდევნელთაგან. ბოლოს იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) ბრძანებით მღვდელმთავარი შეიპყრეს. მთელი ხალხი შეიკრიბა საპყრობილის კარებთან მღვდელმთავრის დასახმარებლად. წმინდა პეტრემ, რომელსაც სურდა თავიდან აეცილებინა სახალხო ჯანყი და სისხლისღვრა, ხელისუფალს წერილობით შესთავაზა, ციხის უკანა კედელი გაერღვიათ და ხალხისგან ფარულად გაეყვანათ იგი სიკვდილით დასასჯელად. ღამის უკუნში წმინდა მწყემსთმთავარი, დიაკვანთან ერთად, ქალაქის გალავანს გადაღმა გაიყვანეს და სწორედ იმ ადგილას მოჰკვეთეს თავი. ეს მოხდა 311 წელს. მღვდელმოწამე ვლასი, სებასტიელი ეპისკოპოსი, მართალი და კეთილმსახური ცხოვრების წყალობით, საყოველთაო სიყვარულით სარგებლობდა, ამიტომაც ქალაქ სებასტიის მცხოვრებლებმა იგი ერთსულოვნად აირჩიეს თავიანთ ეპისკოპოსად. წმინდა მღვდელმთავრის მოღვაწეობის ხანა ქრისტიანთა სასტიკი მდევნელების, დიოკლეტიანეს (284-305) და ლიკინიუსის (307-324) მეფობის წლებს დაემთხვა. იგი განამტკიცებდა თავის სამწყსოს, საპყრობილეებში აკითხავდა ტუსაღებს, ამხნევებდა მარტვილებს. ვლასიც იძულებული შეიქმნა არგეოსის მთისთვის შეეფარებინა თავი და აქ, გამოქვაბულში გაეგრძელებინა მოღვაწეობა. წმინდანის ადგილი ცნობილი ხდება ხელისუფალთათვის, ვლასი აგრიკოლას მიჰგვარეს. აქ მან კიდევ ერთხელ ახოვნად აღიარა ქრისტე. მმართველმა ბრძანა, ტბაში ჩაეგდოთ ნეტარი მღვდელმთავარი, ღვთის მიერ რჩეულმა ჯვარი გადასახა წყალს და გაიარა მასზე, შემდეგ ნაპირზე მდგარ წარმართებს მიმართა: „თქვენც მოიხმეთ შეწევნისთვის თქვენი ღმერთები და მოდით ჩემთან“. მმართველის 68 რჩეული კარისკაცი გაკადნიერდა და მიბაძა მარტვილს, მაგრამ ყველა წყალში შესვლისთანავე დაიხრჩო. საუკეთესო მსახურების დახოცვით გაცეცხლებულმა აგრიკოლამ განკარგულება გასცა, დაუყოვნებლად თავი მოეკვეთათ წმიდანისთვის. სიკვდილის წინ ნეტარმა მამამ ღმერთს შეავედრა მთელი სამყარო, განსაკუთრებით კი მისი ხსოვნის პატივისმცემლები. წმინდა მღვდელმოწამე 136 წელს აღესრულა. აღნიშნის თარიღი19.07.2008 |